ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რაც მეტად აიწევა ხოლმე თემა მედიაში, მით უფრო რთულდება ადამიანის გათავისუფლება – მამუკა მდინარაძე ირაკლი ბებუაზე

„ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას შესახებ ისაუბრა.

„გვიწევს ხოლმე ხანდახან იმის საუბარი, რომ დრამატიზირება, კიდევ უფრო მეტი ისედაც ცუდი მდგომარეობა როცა არის, ხანდახან არა თუ ხელს უწყობს იმას, რომ ეს ადამიანები დახსნილნი იქნან უკანონო პატიმრობიდან, არამედ ამძაფრებს ხოლმე კიდევ უფრო სიტუაციას და თქვენ ჩვენ გთხოვთ ხოლმე, რომ რაღაცნაირად ობიექტურად გაშუქდეს ეს და არ იყოს, რომელიღაც ოპოზიციური პარტიის, თუ პარტიული მედიის მხრიდან გამოყენებული ნეგატიური პიარისთვის და მხოლოდ ამ მიზანს არ უნდა ემსახურებოდეს. ამის მიზანი რომ იყოს მისი გათავისუფლება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაც უფრო ისედაც ცუდი ამბის, საშინელი ამბის დრამატიზება ხდება და რაღაც სხვა მიმართულებით წაყვანა, ეს მერე ხელს უშლის სუს-საც, მეგობარსაც, პარტნიორსაც, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებსაც ამ საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტაში. […]

საოკუპაციო ხაზზე იმ მავნებლობას, ოკუპაციას, ადამიანების გატაცებას, რაც უფრო მეტად აიწევა ხოლმე თემა, ასე ვთქვათ, მედიაში, და მეტად მიდის გამოყენება ამ თემის, მით უფრო რთულდება ხოლმე ამ ადამიანის გათავისუფლება, ეს არის მარტივი ჭეშმარიტება და ყველას ვთხოვ ეს ამბავი გაითვალისწინოს“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ის “დროშის” დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა.
ოკუპირებულ აფხაზეთში სასჯელის გამოყენების წესის შესაბამისად, რომელიც დაკისრებული სასჯელის რეალური მოხდის ვადას 2-ჯერ ამცირებს ამ კატეგორიის დანაშაულებზე, ირაკლი ბებუას 1 წელი და 5 თვე აქვს დარჩენილი გათავისუფლებამდე.
ამასთან, ბოლო პერიოდში საუბარია ბებუას ჯანმრთლობის მძიმე მდგომარეობაზე.

იტვირთბა....