ახალი ავტომობილების ბუმი მთავრობაში. რაში იხარჯება ხალხის ფული? 6 მილიონზე მეტს იუსტიციის სამინისტრო 57 ახალ მანქანაში გადაიხდის, ისე რომ გაუგებარია, რაში სჭირდება ამდენი ახალი ავტომობილი უწყებას, ან სად მიაქვთ ძველები. პირად ფუფუნებასა და კეთილდღეობაზე მზრუნველი მთავრობა ასეთი დიდი შესყიდვების დროს არ ივიწყებს ფავორიტ კომპანიებსაც.
ბიუჯეტიდან მილიონები იუსტიციის სამინისტროსთვის მანქანების შესყიდვაზე დეპუტატ ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებულ “ჯი თი მოტორსში” წავა. სახელმწიფო უწყებებმა, როგორც ჩანს, ბიუჯეტის ფულის ფლანგვის ახალი სეზონი დაიწყეს. იუსტიციის სამინისტროს გარდა, ახალ ავტომობილებში ჩასასხდომად ემზადებიან ფინანსთა სამინისტროს ჩინოვნიკებიც. უახლესი გამოშვების მანქანებთან ერთად კი მალე მათი კაბინეტები ძვირადღირებული ავეჯითაც შეივსება.

