“ვიტყოდი, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციები, რომელიც უადგილოა მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას,” – ასე პასუხობს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანი წითლიძე “დღის ამბებთან” ყოფილის წევრის ხატია დეკანოიძის კრიტიკას.
წითლიძისთვის ხატია დეკანოიძის მიერ პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაკეთებული განცხადება მიუღებელია. წითლიძე ყოფილ თანაგუნდელს მოუწოდებს, რომ პირადი წყენები და პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში წითლიძე ამბობს, რომ მოსაყოლი ენმ-ის წევრებსაც დეკანოიძესთან დაკავშირებით ბევრი აქვთ.
ვთვლი, რომ ხატიას პირადი წყენები არ უნდა აძლევდეს იმის თქმის უფლებას, რაც ახლა თქვა. ამის დროც დადგება, რომ კიდევ უფრო მეტს ნახავს ამომრჩეველი და სხვაც. ვიტყოდი, რომ პირადი პოლიტიკური ამბიციები, რომელიც უადგილოა მაშინ, როდესაც საქმე ეხება ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას.
ენმ-ის პრობლემა რა არის იცით, ჩვენ ვუფრთხილდებით იმ ადამიანებს, ვინც უსამართლოდ თავს ესხმიან ენმ-ის, მათ შორის ენმ-დან წასულებს, ვუფრთხილდებით ამომრჩეველს, ვუფრთხილდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტს, რომელიც ახლა არის ციხეში და კარგად ვაცნობიერებთ, რომ მოწინააღმდეგე არის რუსული ოცნება და არა ერთმანეთი, თორემ სათქმელი იმდენი გვაქვს, მათ შორის ხატიასთან დაკავშირებითაც, რომ შეიძლება არასოდეს არ ჰქონდეთ მათ სურვილი, რომ რაიმე ტიპის პოლიტიკური განცხადება გააკეთონ.
მე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც მიდიხარ პარტიიდან, მერე უნდა გეყოს იმის თავმოყვარეობა, რომ მსგავსი განცხადებები აღარ გააკეთო, თუ არადა, უნდა გახსოვდეს, რომ არიან ადამიანები, რომლებიც შემსწრეები არიან ბევრი რაღაცის ამ პარტიაში და დღეს თუ საკადრის პასუხს ამაზე არ სცემენ, არ ნიშნავს იმას, რომ ეს ყველაფერი არ ახსოვთ. ვისურვებდი, რომ ყველამ გაასწოროს სამიზნე, მათ შორის ხატიამაც გაასწოროს სამიზნე, იმიტომ, რომ სამიზნე არის რუსული ოცნება. ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაზე უფრო მნიშვნელოვანი არ არის არანაირი პოლიტიკური და პირადი ამბიცია,“ – ამბობს ანი წითლიძე.

