“ევროპულმა საქართველომ” საგანგებო ბრიფინგზე წარადგინა ხედვა, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ირაკლი ბებუას გასათავისუფლებლად.
„პირველი ეს არის “ტყვეთა გაცვლა”: ივანიშვილის რეჟიმმა მიზანმიმართულად დააკარგვინა ქვეყანას ეს ბერკეტი. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პოლიტპატიმრის სტატუსით იქნა გათავისუფლებული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში მსჯავრდებული ყველა პირი (შკლირნიკოვი,გევორქიანი, გალოგრე, აბდულაევი და სხვები.) ივანიშვილის რეჟიმს არ გამოუვლენია და არ დაუკავებია არცერთი რუსეთის ჯაშუში 2012 წლიდან დღემდე.
მეორე ეს არის, რუსეთის როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში ეფექტური კონტროლის მქონე სუბიექტის რეალური საერთაშორისო წნეხის ქვეშ მოქცევა :
საქართველოს ხელისუფლების მიერ ყველა ტიპის საერთაშორისო ფორმატის, საერთაშორისო ტრიბუნის და მსოფლიო მედიის პერმანენტული გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ. (რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების მათ შორის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ტყვეობაში მყოფი პირების საკითხის პერმანენტულად დაყენება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ მინისტრის მხრიდან.)
მესამე, საქართველოს მოქალაქე სინდისის პატიმრების განთავისუფლებამდე მარიონეტული რეჟიმის მოხელეებისთვის და მათთან დაკავშირებული პირებისთვის საქართველოს ჯანდაცვის სერვისების სრული შეზღუდვა
და მეოთხე ელექტროენერგიის მოწოდების საკითხი: დღეის მდგომარეობით, საქართველოს საერთო წლიური მოხმარებული ელექტროენერგიის მხოლოდ 5% მოდის ენგურჰესის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე. ელექტროენერგიის 5%იანი დეფიციტის თურქეთიდან იმპორტით შევსება
საქართველოს დაახლოებით 40 მილიონი დოლარი დაუჯდება, რაც შესაძლებელს ხდის ენგურჰესის ფუნქციონირების საკითხის გამოყენებას ზეწოლის ინსტრუმენტად“, – აღნიშნა პარტიის წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა.
შეგახსენებთ, ირაკლი ბებუა 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავა ე.წ. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ. ამავე წლის 8 დეკემბერს მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ბებუას ბრალად სოხუმის დაცემის დღეს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარება ბრალდება. ბებუა დროშის დაწვას აღიარებს, საბრძოლო მასალის უკანონო ტარებას კი არა.
ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

