საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფება.
ის დეპუტატების კითხვებს პასუხობს. დარჩიაშვილს ბევრი კითხვა დაუსვეს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხზე.
„ჩინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს მიღებული ერთობლივი განცხადება არის დეკლარაციული ხასიათის და გამოხატავს მხარეთა სურვილს პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ. განცხადების თანახმად, საუბარია თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, საერთაშორისო საკითხებში, რეგიონალური და გლობალური მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების ერთობლივად უზრუნველყოფაზე. მიგვაჩნია, რომ მხარეთა მიერ დეკლარირებული მიზნები არ გულისხმობს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის მოდიფიკაციას და სრულ შესაბამისობაშია საქართველოს განვითარების სტრატეგიასთან.
მოგეხსენებათ, რომ საქართველო და ჩინეთი უძველესი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებს წარმოადგენენ და სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებთ. 2018 წლის იანვრიდან მოქმედებს საქართველოს და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ვაჭრობა, განსაკუთრებით კი, საქართველოს ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, ჩინეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების სამეულში შედის. დღეისთვის, რეგიონში მხოლოდ საქართველოს აქვს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რაც, თავის მხრივ, ხაზს უსვამს ჩინეთისთვის საქართველოს გამორჩეულ როლს რეგიონში.
საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ერთდროულად, ევროკავშირთან (2014 წლიდან) და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან (2018 წლიდან) აქვს გაფორმებული. საქართველომ დაამტკიცა, რომ არის სანდო პარტნიორი როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ჩინეთისთვის; ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ამ ორივე შეთანხმებით მიღებულ შესაძლებლობას და ვზრდით ვაჭრობის მოცულობას ორივე მიმართულებით.
ჩინეთი დღევანდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოთამაშეს წარმოადგენს, რომელთანაც სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები დამყარებული და შესაბამისი შეთანხმება ხელმოწერილი აქვს 60-ზე მეტ ქვეყანას. მათ შორის: „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა“ – ამერიკის და ევროპის 40 ქვეყანას; “სტრატეგიული პარტნიორობა” – ევროპის, ამერიკის, აზიის, წყნარი ოკეანისა და აფრიკის, 20 ქვეყანას; ასევე, ევროკავშირს, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციას (ASEAN) და აფრიკის კავშირს (AU). უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის მოქმედ ფორმატში (Cooperation between China and Central and Eastern European Countries = China-CEEC) ჩართულია ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და შესაბამისად, საქართველოს დამკვირვებლის სტატუსით ამ ფორმატში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ევროპის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის ფუნქციის შემდგომი განმტკიცებისთვის“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

