„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „რეაქციაში“, ბევრ საკითხთან ერთად, შიდაპარტიულ პროცესებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ექსთავმჯდომარე ნიკა მელია დაშორდა პარტიას, მოლაპარაკებების კონკრეტულ წინადადებებზე კი მელიამ უარი თქვა.
„ნიკა მელია დაშორდა პარტიას, გაემიჯნა ენმ-ის. დღესაც მოსალაპარაკებელ მაგიდაზე უდევს კონკრეტული შეთავაზებები… ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყო და არის გიგი უგულავა და კობა ნაყოფია, ეს ადამიანები არიან მთავარი მედიატორები, რომ მოხდეს ნიკასთან თანამშრომლობის აწყობა ისე, როგორც პირობითად მათ წარმოუდგენიათ.
მათ აქვთ სრული მხარდაჭერა პარტიიდან, რომ მათ ეს მოლაპარაკებები აწარმოონ, რომ ერთად ვიბრძოლოთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ჩემი მხრიდან არ არსებობს ნაბიჯი, რომელიც არ გადამიდგამს, მათ შორის, თუ საჭიროა პირად შეხვედრასთან დაკავშირებითაც.
უარები მისი მხრიდან და მერე მჭახე განცხადებებიც მოგვისმენია მისი მხრიდან… ეს შეთავაზებები მას აქვს, თუ სურს ნიკას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, მგონია, რომ მას ეს შეუძლია გააკეთოს. ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება, არის მოლაპარაკება, არიან ადამიანები, ვინც ჩართულები არიან, მზად ვართ, გახსნილები ვართ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის ერთობა, ოღონდ ეს ვერ გაგრძელდება უსასრულოდ, ამას კონკრეტული დასასრული ექნება, შესაძლოა, ნიკამ დასვას ეს წერტილი“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

