ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ზურაბ აბაშიძე პრეზიდენტის განცხადებით გაოცებულია

საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმოამდგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ დღეს საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა, სადაც ე.წ კარასინი-აბაშიძის ფორმატის შესახებ ისაუბრა.

“მინდა, ზოგადად რამდენიმე გარემოება აღვნიშნო, ვინაიდან ბოლო ხანს ვამჩნევ, რომ ბევრი კითხვა წარმოშვა ზოგადად ამ ფორმატის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ეს არის არაფორმალური დიალოგის ფორმატი. იქ მონაწილეები ვალდებულებებს არ ვიღებთ, არც რაიმე დოკუმენტი ფორმდება და დიალოგი მიმდინარეობს თავისუფალ, არაფორმალურ ვითარებაში. ამიტომ ხშირად, როდესაც ისმება კითხვა – რაზე მოილაპარაკეს პრაღაში – არ არის მთლიანად მართებული, იმიტომ რომ იქ ვერაფერზე მოვილაპარაკებთ. ჩვენი მანდატია, ჩამოვიტანოთ ის ინფორმაცია, რაზეც იქნება საუბარი თბილისში, ან მოსკოვში და ამის შემდეგ შეიძლება იქნას მიღებული გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან. ჩემი მანდატი მკაფიოდ გაწერილია, ყოველი წასვლის წინ მზადდება პრემიერის განკარგულება, სადაც ყველაფერი ეს აღნიშნულია – ეს გახლავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, სატრანსპორტო კომუნიკაციები, ჰუმანიტარული პრობლემები. ეს არის არაფორმალური დიალოგი, შეიძლება გაკეთდეს პირადი სახის კომენტარები და გამოითქვას მოსაზრებები, როგორც მე ამას ვაკეთებ ხოლმე საოკუპაციო ხაზზე და ამა თუ იმ ინციდენტთან დაკავშირებით. ასეთივე პირადი სახის მოსაზრება, ბუნებრივია, შეუძლია გამოთქვას ჩემმა რუსმა კოლეგამ. ეს არის რთული დიალოგი, მწვავე დისკუსია, რაც ასეთი არაფორმალური ფორმატისთვის საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები, თუმცა ამა თუ იმ თემაზე კომენტარის გაკეთება არანაირად არ ნიშნავს იმ საკითხების განხილვას, რომლებიც ჟენევაში განიხილება. ზოგადად, საკითხის განხილვა ნიშნავს ამა თუ პრობლემის დეტალურად მომზადებას. სანამ პრაღაში გავემგზვრები, ვხვდები ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომელთაც რაღაც შეხება აქვთ რუსეთის თემატიკასთან, ვიღებ სრულ ინფორმაციას. ამ შეხვედრებს ესწრებიან საგარეო უწყების და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც პრაღაში საკითხების საგნობრივად განხილვაში მონაწილეობენ. სრულყოფილი, დეტალური ინფორმაცია შეხვედრების შესახებ – ვინ რა თქვა, როგორ თქვა, რა უპასუხა – 15-მდე უწყების ხელმძღვანელს ეგზავნება. ამიტომ იმის თქმა, რომ არავინ იცის პრაღაში ჩვენ რაზე ვსაუბრობთ, არანაირად არ არის სერიოზული” – განაცხადა აბაშიძემ.

აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებასაც გამოეხმაურა. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტის მრჩეველთან გამგზავრებამდე დეტალურად გაიარა ყველა განსახილველი საკითხი.

“მართალი გითხრათ, პრეზიდენტის განცხადებით გაოცებული დავრჩი. სანამ პრაღაში წავიდოდი, რამდენიმე დღით ადრე შევხვდი პრეზიდენტის მრჩეველს, რომელთანაც დეტალურად გავიარე ყველა ის საკითხი, რომლის განხილვასაც ვაპირებდით, ასევე შევხვდი სხვა უწყებების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებს. პრაღიდან დაბრუნებისთანავე დავიწყე შეხვედრები. შევხვდი პრემიერს, შევხვდები საგარეო საქმეთა მინისტრს, სხვა უწყებების წარმომადგენლებს, შევხვდები პრეზიდენტის მრჩეველს და რა თქმა უნდა, თავად პრეზიდენტს, თუ ამის სურვილი ექნება” – ამბობს აბაშიძე.

შეგახსენებთ, მარგველაშივილმა გუშინ განაცხადა, რომ მისი წარმომადგენელი რომ ხვდებოდეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს, ის საკადრის პასუხს გასცემდა რუს დიპლომატს.

იტვირთბა....