ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„ამ პროცესის მიზანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი“ – ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„ერთადერთი მიზანი აქვს ამ პროცესს და ეს არის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. ივანიშვილი მიზანმიმართულად ანადგურებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. რუს ოლიგარქსა და მის კრიმინალურ – რუსულ რეჟიმს, დაშვებაც არ უნდა, რომ ჩვენი ხალხი იყოს მდიდარი, შეძლებული და დაცული, რაც ევროკავშირის წევრობით მიიღწევა. სწორედ ამიტომ, აკეთებს ყველაფერ ნეგატიურს ამ ისტორიული შანსის პირობებში, რომ როგორმე წაგვართვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მისი დავალებით, მისსავე მორჩილ ზურაბიშვილს უჩივლა, მისივე ხელქვეითის – კობახიძის ხელით და მისივე მართულ სასამართლოს გამოატანინა გადაწყვეტილება. ერთადერთი გზა, გამოსავალი არის კონსოლიდირება და უკომპრომისო ბრძოლა, პუტინისტური რეჟიმის წინააღმდეგ“, – წერს ის.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია.

მოსამართლეთა კოლეგიის უმრავლესობის მიერ ხელმოწერილი დასკვნით, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ წინ გამოაცხადა.

9 მოსამართლიდან გადაწყვეტილებაზე განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ – ირინე იმერლიშვილს, გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს.

კოლეგიის გადაწყვეტილება ახლა უკვე პარლამენტში გადაიგზავნება, სადაც დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ. პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად “ოცნებას” 100 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

იტვირთბა....