7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.
რა ხდება ისრაელში – გთავაზობთ განახლებად ინფორმაციას:
9 ოქტომბერი:
19:25 – ისრაელში ამერიკის 9 მოქალაქე დაიღუპა | აშშ-ის უშიშროების საბჭო
ისრაელში ამერიკის 9 მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის უშიშროების საბჭო ავრცელებს.
”ამ დროისთვის, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ აშშ-ის 9 მოქალაქის სიკვდილი. ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებსა და ყველა ადამიანს, ვინც დაზარლდა. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. ჩვენ ვაგრძელებთ სიტუაციის ახლო მონიტორინგს და კავშირზე ვართ ისრაელელ პარტნიორებთან, კერძოდ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.” – ნათქვამია განცხადებაში.
19:22 – “ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს” | ბენიამინ ნეთანიაჰუ
“ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსავლეთს”, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ქვეყნის სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მდებარე დასახლებების მერებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისი თქმით, რასაც “ჰამასი” გამოცდის, იქნება რთული და საშინელი.
“თქვენი ხელმძღვანელობა იყო ძალიან ძლიერი ამ რთულ დღეებში.ჩვენ ჯერ მხოლოდ ახლა ვიწყებთ. მე მოგიწოდებთ, სიმტკიცე შეინარჩუნოთ, რადგანაც ჩვენ შევცვლით ახლო აღმოსაველთს..ჩვენ ყველანი თქვენთან ვართ და ვიქნებით დაამარცხე ისინი ძალით”, – თქვა ნეთანიაჰუმ.
18:12 – ევროკავშირმა პალესტინას ფულადი დახმარება შეუჩერა | ვარჰეი
ევროკავშირმა პალესტინას 691 მილიონი ევროს ოდენობის ფულადი დახმარება შეუჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკოისარი ოლივერ ვარჰეი Twitter-ზე ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი ჰამასის ისრაელზე თავდასხმა გახდა.
“ტერორისა და სისასტიკის მასშტაბები ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ გარდამტეხი მომენტია. ჩვეული საქმე არ შეიძლება იყოს. ევროკომისია გადახედავს აღნიშნულ საკითხს, როგორც პალესტინელების ყველაზე დიდი დონორი”, – წერს ვარჰეი.
18:05 – ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 800-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვი კი 2 500-ს აჭარბებს.
როგორც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, საავადმყოფოებში 2 506 დაშავებულია გადაყვანილი. მათგან 23-ის მდგომარეობა კრიტიკულია, 353-ის კი სერიოზული დაზიანებები აქვთ.
რაც შეეხება ღაზას, სულ მცირე 560 ადამიანი დაიღუპა და 2,900 დაშავდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა დაიწყო საჰაერო თავდასხმები შაბათს დილით, ჰამასის თავდასხმაზე საპასუხოდ, ნათქვამია პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
17:31 – “ისრაელი მზადაა, იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება” | საქართველოში ისრაელის ელჩი
“ისრაელი მზად არის, იბრძოლოს იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება”, – ამის შესახებ ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი საუბრობს. მან ირანის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ დესტაბილიზაციაზე სწორედ ისაა პასუხისმგებელი.
მოსადის პასუხისმგებლობის შესახებ შეკითხვა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა, დაისვა ისრაელშიც, მაგრამ ახლა ამის განხილვის დრო არ არის. ახლა არის დრო, ვიბრძოლოთ და ვუპასუხოთ ამ საშინელ თავდასხმას, რომელიც წამოწყებული იყო ჰამასის მიერ. ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა მოვთხოვოთ საკუთარ თავს პასუხი, ამიტომ, რა თქმა უნდა, მოვა დრო, ყველაფერს გამოვიძიებთ და გავიგებთ, სად დავუშვით შეცდომა და რა უნდა გავაუმჯობესოთ.
რაც შეეხება რუსეთსა და ირანს, იმედი გვაქვს, ამ საშინელი თავდასხმის შემდეგ რუსეთი ბოლოს და ბოლოს აღიარებს, რას წარმოადგენს სინამდვილეში ჰამასი, ირანი კი ტერორიზმის მთავარი წყაროა ახლო აღმოსავლეთსა და მის მიღმა. ყოველთვის, როდესაც ვხედავთ დესტაბილიზაციის ძალისხმევას ამ რეგიონში, როგორც წესი, ამას ყოველთვის მივყავართ ირანისკენ. ირანი ცდილობს ისრაელს ზიანი მიაყენოს მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ჰყავდა სამიზნეები. ამ ქვეყანას ჰამასთან დიდი ხნის ახლო ურთიერთობა აქვს, ამიტომ ვთვლით, რომ ირანი პასუხისმგებელია ყველაფერ იმაში, რისი მიზანიც ისრაელისთვის ზიანის მიყენებაა.
რაც შეეხება სხვა არაბულ ქვეყნებს, ჩვენ მოვისმინეთ არაბეთის გაერთიანებული საემიროებისგან ისრაელზე ამ თავდასხმის დაგმობა. ისრაელსა და გაერთიანებულ საემიროებს უკვე სამი წელია ახლო ურთიერთობები აქვთ. ახლო აღმოსავლეთი არ არის ისეთი, როგორიც 30 წლის წინ იყო და ჩვენ ახლა გვაქვს სამშვიდობო ხელშეკრულებები ეგვიპტესთან, საემიროებთან, იორდანიასთან, ბაჰრეინთან. ამიტომ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ახლა კარგი დროა ისრაელზე თავდასხმისთვის, ძალიან დიდ შეცდომას უშვებს.
მე არ ვიცი, რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ისრაელი მზად არის, რომ იბრძოლოს იმდენი ხანი, რამდენიც საჭირო იქნება, – თქვა ელჩმა.
17:01 – ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის, საელჩოში სამი ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში – ჟვანია
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ამბობს, გუშინ თელ-ავივიდან თბილისი მიმართულებით 5 რეისი შესრულდა, დღეს კი 4 რეისია დაგეგმილი.
მისივე თქმით, 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე ჯერ კიდევ თავისუფალია და ასევე შეიძლება “ბოლო წუთს ასევე ადგილები გამოჩნდეს სხვადასხვა ავიარეისზე.”
ჟვანია ასევე აღნიშნავს, რომ ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მხოლოდ 13 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. მისი განმარტებით, საელჩო და სამი ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში.
“გუშინ თელ-ავივიდან თბილისი მიმართულებით 5 რეისი შესრულდა. ამ რეისებზე, ძირითადად, საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც ვერ შეძლეს 7 ოქტომბერს გამომგზავრება. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, ისრაელის რეისი იქნა გაუქმებული. და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ სადმე თავშესაფარი და ღამის გასათენებელი, არ ყოფილა. პრაქტიკულად ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას.
მდგომარეობა ისრაელში, ზოგადად, არის მშვიდი. მე ვგულისხმობ ისრაელის ცენტრს. დღეს 4 რეისი არის თბილისის მიმართულებით. ამ დილას ადრე შესრულდა რეისი, ერთი რეისი სრულდება 5 საათზე, გადაიდო რამდენიმე საათით, არ გაუქმებულა. ასევე, საღამოს იქნება აირზენას რეისი, ისევე როგორც ხვალ და ზეგ.
ბილეთები, როგორც ჩვენც თავად შევამოწმეთ, ინტერესი რადგან დიდია, ჩვენც ვცდილობთ, ინფორმაცია მივიღოთ მაქსიმალურად. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, არის 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც წესი, ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ დავუშვათ საქართველოში გამომგზავრებას და უკვე ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასეთი ოჯახები აუქმებენ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ, შეიძლება ბოლო წუთს ასევე ადგილები გამოჩნდეს სხვადასხვა ავიარეისზე.
ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში, 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ 13 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია.
თუკი ვინმეს სჭირდება რაიმე დახმარება, თავშესაფრის, ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად კონსულტაციებსაც ვაძლევთ და ეფექტურად ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ,” – ამბობს ჟვანია.
ცნობისთვის, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს შემდეგ ნომრებზე:
+972526919092;
+972 52-8888513
+972 54-7386813
16:44 – კრემლი აცხადებს, რომ ის “უკიდურესად შეშფოთებულია” კონფლიქტით ისრაელსა და ღაზაში
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეშფოთებულია ისრაელსა და ღაზაში არსებული ვითარებით და მას უწოდა “დიდი საფრთხე რეგიონისთვის”. მისივე თქმით, ვითარება პოტენციურად სავსეა გავრცელების საშიშროებით.
“ზოგადად, სიტუაცია ჩვენს ღრმა შეშფოთებას იწვევს. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით იმას, რაც იქ ხდება. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ სიტუაცია ესკალაციის გზაზე ვითარდება. ამ კონფლიქტში მესამე მხარის ჩართვის დიდი რისკი არსებობს”, – თქვა პესკოვმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება მალე მოიძებნოს გზები რაიმე სახის მოლაპარაკების პროცესზე გადასასვლელად.
16:28 – ვიცით, რომ რამდენიმე ეთნიკურად ქართველი არის მძიმე მდგომარეობაში, თვალყური ადევნეთ სამინისტროების რეკომენდაციებს – ისრაელის ელჩი საქართველოში
ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი მის ქვეყანაში მყოფ მოქალაქეებს ურჩევს, რომ თვალყური ადევნონ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს. მისი თქმით, ისრაელის ავიაკომპანიები აგრძელებენ მუშაობას.
ელჩმა თქვა, რომ რამდენიმე ეთნიკურად ქართველი არის მძიმე მდგომარეობაში, მას ზუსტი რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
“ჩემი რჩევა იქნება, რომ თვალყური მიადევნოთ იმ რეკომენდაციებს, რომლებსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. თქვენ იცით, რომ ძალიან დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვაქვს, ტურისტია, თუ მოსახლე, ყველას ვურჩევთ, რომ რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომელიც თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა გაცემული, თავი შეაფარონ საჭირო დროს თავშესაფარს. […] ისრაელის ყველა ავიაკომპანიაა გააგრძელებს მუშაობას. მთელი მსოფლიოდან ძალიან ბევრი ადამიანი ბრუნდება ისრაელში, იმისთვის, რომ შეუერთდეს თანამემამულეებს და ჩაერთოს ამ თავდაცვის ომში.
ჩვენი ამოცანა იქნება, რომ ადამიანების უსაფრთხოება შევინარჩუნოთ. ჩვენ ვიცით, რომ აშკელონში იყო საშინელი თავდასხმა და შეტევა და იქ ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს საქართველოდან წასული, რომლებმაც 70-იან წლებში დატოვეს საქართველო, ვიცით, რომ რამდენიმე ქართველი არის მძიმე მდგომარეობაში, ერთი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია”, – ამბობს ისრაელის ელჩი საქართველოში, ჰადას მეიცადი. [სინქრონული თარგმანი]
16:22 – ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში არსებული ვითარების განსახილველად შეიკრიბებიან
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელში არსებული ვითარების განსახილველად შეიკრიბებიან. ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, Twitter-ზე ავრცელებს:
“ხვალ ვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად,” – წერს ბორელი.
15:23 – საქართველოს ხელისუფლება ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაციას ამ ეტაპზე არ გეგმავს
საქართველოს ხელისუფლება ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაციას ამ ეტაპზე არ გეგმას. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური აცხადებს, რომ სრულდება რეგულარული რეისები და მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ამ გზით დატოვონ ქვეყანა.
“სრულდება რეგულარული რეისები, რითაც გამომგზავრების მსურველები სარგებლობენ. საელჩო ხაზზეა იქ მყოფ ქართველებთან და ყველა მათი საჭიროება დაცულია, იქნება ეს თავშესაფარი თუ სხვა.
რაც შეეხება ფრენებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, გთხოვთ იხელმძღვანელოთ ,,აირზენას” მიერ გავრცელებული განცხადებით”, – აცხადებენ პრესსამსახურში.
“ჯორჯიან ეარვეისი” აცხადებს, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თითქოს ავიაკომპანიამ ბილეთის ღირებულება თელ -ავივი-თბილისის მიმართულებით, 300 ლარიდან 2097 ლარამდე გაზარდა.
“უახლოეს რეისებზე ეკონომ კლასის ყველა ბილეთი გაყიდულია და ზოგიერთ რეისზე დარჩენილია მხოლოდ ბიზნეს კლასის ბილეთები, რომლის ღირებულებაც არასდროს ყოფილა 300 ლარი. ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასი ბილეთებზე და არც ბოლო პერიოდში გაგვიზრდია არც ერთ მიმართულებაზე ღირებულება, ყველა რეისზე სხვადასხვა ფასია, დატვირთვიდან გამომდინარე. ერთი დღით ადრე ბილეთის ყიდვისას, შესაძლოა არა იაფიანი, არამედ საერთოდ აღარ იყოს ბილეთი, ამიტომ გთხოვთ, წინასწარ დაიჭიროთ თადარიგი”, – წერია კომპანიის განცხადებაში.
15:08 – “ჰამასი” და რუსეთი ერთი და იგივე ბოროტებაა – ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ნატოს ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “ჰამასის” ტაქტიკა ისრაელში იგივეა, რაც რუსეთის ტაქტიკა, რომელსაც ის იყენებს უკრაინის წინააღმდეგ. ამ თემაზე მან კოპენჰაგენში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლისას ისაუბრა.
“იგივე ბოროტებაა და ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც თავს დაესხა ისრაელს და აქ არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც თავს დაესხა უკრაინას. ზრახვები განსხვავებულია, მაგრამ არსი ერთია”, – თქვა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჟურნალისტები ისრაელიდან, რომლებიც იმყოფებოდნენ უკრაინაში და შეესწრნენ რუსეთის ბოროტმოქმედების შედეგებს, ახლა იგივეს ხედავენ საკუთარ ქვეყანაში.
მისივე თქმით, ირანი “ვერ იტყვის, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება უკრაინაში”, თუ ის მიყიდის “შაჰიდებს” რუსეთს და მას არ შეუძლია თქვა, რომ “არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ისრაელში ხდება”, თუ მისი ოფიციალური პირები “ჰამასს” უცხადებენ მხარდაჭერას.
14:05 – არ იქნება დენი, საკვები, საწვავი – ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ღაზის სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება გასცა
ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი აცხადებს, რომ მან გასცა ღაზის სექტორის სრული ბლოკირების ბრძანება.
“არ იქნება დენი, საკვები, საწვავი, ყველაფერი დაკეტილია”, – განაცხადა მან.
13:28 – ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, დაიბრუნეს კონტროლი ღაზის საზღვართან ყველა თემზე
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში, ღაზის სექტორის გარშემო ყველა თემზე კონტროლი აღდგენილია. თუმცა, უწყება ამბობს, რომ დასახლებებში, შესაძლოა, ტერორისტები რჩებოდნენ.
სპიკერის განცხადებითვე, ისრაელის შიგნით არ მიმდინარეობს ბრძოლა ისრაელის თავდაცვის ძალებსა და “ჰამასს” შორის.
13:01 – Wizz Air-ი თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისებს წყვეტს
Wizz Air-მა განაცხადა, რომ ისრაელში არსებული ვითარების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
“ვაგრძელებთ სიტუაციის მჭიდრო მონიტორინგს და შესაბამის ორგანოებთან კონტაქტში ვიმყოფებით,” – ამბობენ კომპანიაში.
ამას გარდა, CNN-ის ცნობით, ისრაელიდან და ისრაელის მიმართულებით, ავიამიმოსვლა შეაჩერა რამდენიმე აზიურმა კომპანიამაც. მათ შორის, Korean Air-მა, Air India-მა და Cathay Pacific-მა.
ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისები შეწყვიტეს United Airlines-მა, American Airlines-მა და Delta Air Lines-მაც.
12:52 – დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ისრაელის დასახმარებლად – რიში სუნაკი
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ისრაელის დასახმარებლად ყველაფერს გააკეთებს.
როგორც Европейская правда წერს, მან მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელელ კოლეგას, ბენიამინ ნეთანიაჰუს. სუნაკის თქმით, ლონდონი მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით, რადგან მას თავდაცვის უფლება აქვს.
“ჰამასი და მისი მხარდამჭერები არიან სრულად პასუხისმგებელნი ამ საშინელი ტერორის აქტზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობასა და უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის ბავშვების გატაცებაზე,” – ამბობს სუნაკი.
სუნაკის დაუნინგ სტრიტის ოფისმა განაცხადა, რომ ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრისას სუნაკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დიდი ბრიტანეთი დადგება ისრაელის გვერდით ამ ტერორისტული აქტების წინააღმდეგ.
12:45 – საელჩოში გვითხრეს, წასვლა თუ გნებავთ ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო – ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე
მოხდება თუ არა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია ამ დროისთვის უცნობია. მოქალაქეების ნაწილი ქვეყანაში ტურისტული მიზნებითაა. ცნობილია, რომ დღეს თბილისში ჩამოფრინდებიან ისრაელში მყოფი ანსამბლ “გორდელას” წევრები.
“როცა დავრეკეთ საელჩოში ესე გვითხრეს, არ ვიცით ჩვენ რომელმა ქვეყანამ რა გამოაცხადაო, ჩვენთვის არავის ეგ ინფორმაცია არ მოუწოდებიაო და წასვლა თუ გნებავთ ბილეთები იყიდეთ და წაბრძანდითო. ძალიან არარეალურია ის, რომ 2 000 ლარი გახდა “ჯირჯიან ეარვეისზე” ბილეთები, რატომ გვწირავენ ასე რომ ვთქვათ იმ ხალხს, ვისაც საქართველოს შვილებს გვიწოდებენ”, – ამბობს ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქე, სოფო ცარციძე.
მისი თქმით, არიან ადამიანები, რომლებსაც იმხელა დანაზოგი არ აქვთ, რომ ბილეთები თავად იყიდონ და სამშობლოში დაბრუნდნენ.
12:28 – ისრაელში კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი დაიღუპა, რომელიც მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იყო
დაიღუპა კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი დადო ჩიკვილაშვილი, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. “მთავარ არხს” ინფორმაციას ოჯახის წევრები უდასტურებენ და ამბობენ, რომ ცხედარი ამოცნობილია. ამ ფესტივალზე მყოფ კიდევ ერთ ქართველ ებრაელ გოგოს თამარ გოლდბერგს ეძებენ.
12:18 – ამერიკის სამხედრო ხომალდები ისრაელისკენ მიემართებიან
ამერიკამ ისრაელის მხარდასაჭერად და “ჰამასის” თავდასხმაზე საპასუხოდ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში გაგზავნა ავიამზიდი, გემები და თვითმფრინავები. ასევე, შტატები ისრაელს დაეხმარება დამატებითი აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალით.
ეს მოჰყვა “ჰამასის” თავდასხმას სამხრეთ ისრაელზე, რომელსაც პრეზიდენტმა ბაიდენმა “უპრეცედენტო და შემზარავი თავდასხმა” უწოდა.
აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ USS Gerald R. Ford ავიამზიდი, სარაკეტო კრეისერი და ოთხი სარაკეტო გამანადგურებელი რეგიონისკენ მიემართებოდა. ასევე გაიგზავნება ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები. შემდგომი სამხედრო დახმარება ისრაელს გაეგზავნება უახლოეს დღეებში, განაცხადა თეთრმა სახლმა.
12:02 – თურქეთი მზადაა, გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კვირას განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ისრაელისა და პალესტინის ძალებს შორის სიმშვიდის მისაღწევად. მისივე თქმით, გრძელვადიანი რეგიონული მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტით იქნება შესაძლებელი.
სიტყვით გამოსვლის დროს ერდოღანმა ორივე მხარის მიმართ გააჟღერა მოწოდება, მოერიდონ ნაბიჯებს, რომლებიც კონფლიქტის გამწვავებას გამოიწვევს.
“გრძელვადიანი რეგიონალური მშვიდობა მხოლოდ პალესტინა-ისრაელის საკითხის საბოლოო გადაწყვეტის მოძიებით იქნება შესაძლებელი”, – თქვა ერდოღანმა.
11:31 – პოლონეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ისრაელიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს
ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, ბულგარეთმა, რუმინეთმა, უნგრეთმა და პოლონეთმა მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს დილით განაცხადა, რომ ორი თვითმფრინავით ისრაელიდან 215 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, ისინი უსაფრთხოდ დაეშვნენ ბუდაპეშტში.
ბულგარეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო BTA-ს ინფორმაციით, სამთავრობო თვითმფრინავით ქვეყანაში დააბრუნა 90 მოქალაქე. Airbus-ის თვითმფრინავი, რომელიც კვირას თელ-ავივის ბენ გურიონის აეროპორტიდან გაფრინდა, უსაფრთხოდ დაეშვა სოფიაში ადგილობრივი დროით დაახლოებით 18:00 საათზე.
მანამდე რუმინეთმა წარმატებით დააბრუნა 346 მოქალაქე ისრაელიდან, როგორც ეს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა.
ევაკუაცია დაიწყო პოლონეთმაც, პირველი თვითმფრინავი, რომელშიც დაახლოებით 120 ადამიანი იმყოფებოდა, ვარშავაში ორშაბათს დილით დაეშვა. ქვეყანაში დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, კიდევ ორი თვითმფრინავი ჩავა ისრაელიდან.
10:00 – თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს
თეთრი სახლი ისრაელში რამდენიმე ამერიკელის დაღუპვას ადასტურებს, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას არ აკონკრეტებს.
როგორც CNN-ს წყარომ განუცხადა, დაიღუპა სულ მცირე 4 ამერიკელი. მისივე თქმით, ეს რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის თქმით, აშშ-ის მთავრობა ყურადღებით აკვირდება სიტუაციას და აგრძელებს კონტაქტს ისრაელის ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
09:38 – ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე 260-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს
ისრაელის სამაშველო სამსახურის ცნობით, “ჰამასის” თავდასხმის შემდეგ, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე, სულ მცირე 260 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
7 ოქტომბერს ნეგევის უდაბნოში, ებრაული დღესასწაულის, სუკოტის, აღსანიშნავად, მუსიკალური ფესტივალი იმართებოდა. მას ათასობით ადამიანი ესწრებოდა. გამთენიისას, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე, განგაშის სიგნალი გაისმა, რასაც ძალიან სწრაფად სარაკეტო თავდასხმა მოჰყვა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ “ჰამასის” შეიარაღებულმა პირებმა ფესტივალის მონაწილეები მძევლად აიყვანეს. ასევე, ისინი ესროდნენ გაქცეულ მოქალაქეებს.
00:41 – ისრაელმა თავდამსხმელების საზღვაო ძალების სამხრეთ დივიზიის მეთაურის მოადგილე ტყვედ აიყვანა
ისრაელის საზღვაო ძალებმა ღაზაში “ჰამასის” საზღვაო ძალების სამხრეთ დივიზიის მეთაურის მოადგილე, მუჰამედ აბუ გალი ტყვედ აიყვანა. ინფორმაციას უცხოური მედია ქვეყნის არმიაზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
8 ოქტომბერი:
23:46 – “დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი” | ისრაელში საქართველოს ელჩის განცხადება
“დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი”, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში საუბრობს. ამბობს, რომ სხვა ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაცია საელჩოში ამ დროისთვის არ შესულა.
ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე სადაც ტერორისტები არიან შესულები. ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდენტიფიკაცია ჯერ არ არის განხორციელებული ასე რომ არ არის ცნობილი კონკრეტულად ვინ არის გატაცებული და ვინ არის გარდაცვლილი.
საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია ასეთი და ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს მოქალაქე რომელიმე დაშავებული ან გატაცებული. ყოველშემთხვევაში, 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა.
დღეისათვის ორი ქართველი ებრაელია გარდაცვლილი. ჩვენი ნაწილია ესეც – ბუზუდაშვილი, პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გმირულად ასრულებდა თავის მოვალეობას და არის კიდევ ერთი ახალგაზრდა კაცი, ავი აბრაამ ქუბელაშვილი, რომელიც აქ შეტაკებების დროს გარდაიცვალა.
ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ძმების და დების ამ საშინელ ტრაგედიას და ტკივილს და მათთან ერთად ვართ ამ გასაჭირის დროს”, – ამბობს ლაშა ჟვანია.
23:07 – “ამ ომში ისრაელი გაიმარჯვებს – სხვა არჩევანი არ გვაქვს” | ისრაელის პრეზიდენტი
“ამ ომში ისრაელი გაიმარჯვებს – სხვა არჩევანი არ გვაქვს”, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი საუბრობს. მან მოსახლეობას ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, ეს ყველაზე ძლიერი იარაღია.
“უპატიებელი ცოდვა – ცოდვა, რომელსაც არამხოლოდ მკვლელი ტერორისტული ორგანიზაცია ხელმძღვანელობს, არამედ ბოროტი ღერძი, რომლის ბაზაც ირანშია, რომლის მარიონეტებიც დაუღალავად მუშაობენ ჩვენთვის ძირის გამოსათხრელად, – თქვა ჰერცოგმა.
მედიის ცნობით, ისრაელის პრეზიდენტი “ჰამასს” “ამაზრზენ ცხოვლებს” უწოდებს, რომლებიც პატარებსა და მოხუც ქალებს კლავენ.
“ისრაელი ნათელს გახდის, რომ ჩვენ სამუდამოდ აქ, ჩვენს მიწაზე, ჩვენს ქვეყანაში ვართ. გაიმარჯვეთ და ააშნეთ უფრო დხა უფრო მეტი რომ დანგრეული სახლები შევცვალოთ”, – განაცხადა მან.
22:34 – “აშშ ისრაელს დამატებით აღჭურვილობასა და რესურსებს სწრაფად მიაწვდის” | ოსტინი
პენტაგონის ცნობით, შეერთებული შტატები ისრაელს საბრძოლო მასალასა და აღჭურვილობას მიაწვდის. ასევე, ჰამასის ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, ახლო აღმოსავლეთში ამერიკულ ძალებს გააძლიერებს.
“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებით აღჭურვილობასა და რესურსებს სწრაფად მიაწვდის”, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.
მისი თქმით, მან საფრენი ტექნიკის გადამზიდი USS Gerald R. Ford და მისი თანმხლები ხომალდები აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისკენ უკვე გაუშვა და რეგიონში თვითმფრინავების გამანადგურებლებს კიდევ უფრო გააძლიერებს.
21:55 – თეთრი სახლი: აშშ, ბაიდენის ბრძანებით, ისრაელს “დამატებით მხარდაჭერას” უცხადებს
თეთრი სახლი, ამერიკის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ბრძანებით, ისრაელის მიმართ ”დამატებით მხარდაჭერას” აფიქსირებს.
განცხადებაში მხარდაჭერის შესახებ დამატებითი დეტალები არ არის მითითებული და ნათქვამია მხოლოდ ის, რომ ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი გაეცნენ სიტუაციას და ”დარჩებიან მჭიდრო კონტაქტში მათ ისრაელელ პარტნიორებთან”.
21:29 – ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა
ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 700-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში ჯანდაცვის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ვრცელდება. ამ დროისთვის ცნობილია 2 100-ზე მეტი ადამიანის დაშავების შესახებ.
21:01 – ისრაელი თავის მოქალაქეებს ეგვიპტისა და სინას დატოვებისკენ მოუწოდებს
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭო თავის მოქალაქეებს ეგვიპტისა და სინას დატოვებისკენ მოუწოდებს და ამის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. მოწოდების მიზეზი დღეს მომხდარი მკვლელობა გახდა.
საბჭო თავის მოქალაქეებს ასევე აფრთხილებს, რომ თავი შეიკავონ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მოგზაურობისგან.
20:40 – აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ისრაელის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა
ისრაელის პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ჰერცოგის ოფისის თქმით, ჰარისი უსამძიმრებს ებრაელ ხალხს და ხაზს უსვამს, რომ საკუთარი თავის დაცვა ისრაელის უფლებაა.
კამალა ჰარისის განცხადებით, შეერთებული შტატები მთელი ომის განმავლობაში ისრაელის გვერდით იდგება.
20:06 – “ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს მთელ რეგიონში არ გადაიზარდოს” | შოლცი ნეთანიაჰუს ესაუბრა
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა და განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ჰამასის ისრაელზე თავდასხმა თავიდან უნდა აიცილონ.
შოლცის თქმით, ისრაელის უსაფრთხოება გერმანიის პოლიტიკის ქვაკუთხედია და ამის უზრუნველსაყოფად “გერმანია შესაბამისად იმოქმედებს”. შოლცი ასევე გეგმავს, ესაუბროს ეგვიპტის, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერებს.
”აშკარაა, რომ ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჰამასის ქმედებებს, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს თავდასხმა გაუთვლელი შედეგებით მთელ რეგიონში არ გადაიზარდოს”, – ამბობს შოლცი.
19:58 – ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა
ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა – გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოების კაბინეტმა მიიღო, ინფორმაციას კი პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცნობილი ხდება, რომ ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში სკოლები დახურული იქნება. იზღუდება საჯარო სივრცეში შეკრებაც – ღია სივრცეში შეკრება მხოლოდ ათ ადამიანს, შენობაშ კი 50-ს შეეძლება.
18:35 – ზელენსკი ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
სასწრაფო სატელეფონო საუბარი მქონდა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. პრემიერმინისტრმა ისრაელში არსებულ ვითარებასა და შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე ისაუბრა, ასევე, რას აკეთებენ თავდასხმების მოსაგერიებლად.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც მასშტაბური, თავხედური თავდასხმისგან იტანჯება და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ისრაელში მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის თანამშრომლობა.
ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ უსაფრთხოების ვითარებაზე, – დაწერა ზელენსკიმ.
18:11 – ისრაელში პოლიციის ქართველ-ებრაელი ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი დაიღუპა
ისრაელში მიმდინარე შეტაკებებს ქართველი ებრაელი, პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი ემსხვერპლა. ინფორმაცია ოფიციალურად ცოტა ხნის წინ დადასტურდა.
18:05 – ბოლო 24 საათში, თელ-ავივიდან თბილისში რამდენიმე რეისი ჩამოფრინდა | რას ყვებიან ისრაელიდან დაბრუნებული ქართველები
ისრაელში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყანას საქართველოს მოქალაქეები მასობრივად ტოვებენ და სამშობლოში ბრუნდებიან. ბოლო 24 საათის განმავლობაში, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რამდენიმე ავიარეისი განხორციელდა.
კიდევ ერთი სამგზავრო თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა. ბორტზე საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა. ისრაელიდან დაბრუნებული ქართველები დეტალურად იხსენებენ, როგორ განვითარდა მოვლენები “ჰამასის” თავდასხმის დაწყების შემდეგ.
მათი თქმით, ამ დროისთვის თელ-ავივში კიდევ ასეულობით ქართველი რჩება და უმრავლესობა სამშობლოში დასაბრუნებლად მომდევნო ავიარეისს ელოდება.
17:35 – ბოლო მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა
ისრაელის ოფიციალური პირების ცნობით, ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ტერორისტებთან ბრძოლაში დაცემული ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი.
გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში მყოფმა დაჭრილთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 330 ადამიანი.
15:53 – ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა | დაშავებულია სულ მცირე 2 048 პირი
ისრაელის ოფიციალური პირების ინფორმაციით, “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა. მათ შორისაა ტერორისტებთან ბრძოლაში დაცემული ათობით ჯარისკაცი და პოლიციელი.
გარდა ამისა, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საავადმყოფოებში მყოფმა დაჭრილთა რაოდენობამ 2 048-ს მიაღწია, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 330 ადამიანი.
15:11 – ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ | ბოლო ცნობები კონფლიქტის ზონიდან
ისრაელში ეთნიკურად ქართველ თამარ გოლდბერგს ეძებენ. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ის მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ თავი, სხვა ადამიანების მსგავსად, ტყეს შეაფარა.
რაც შეეხება ბოლო ცნობებს კონფლიქტის ზონიდან, ამ დროისთვის ვითარება განსაკუთრებით დაძაბულია ღაზისა და აშკელონის მაგისტრალზე. ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში კი მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა. თუმცა, ისრაელის სამხედრო დანაყოფებს მთელ ტერიტორიაზე კონტროლი ჯერ არ აქვთ დამყარებული.
14:20 – “ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს” | ისრაელის საგარეო
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში ისრაელის 2 მოქალაქე და მათი ეგვიპტელი ტურისტული გიდი მოკლეს. ასევე, დაშავდა ერთი პირი. როგორც BBC წერს, პოლიციელმა ქალაქში ისრაელი ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ოფიცერი ამჟამად დაკავებულია.
14:11 – ეგვიპტეში ისრაელის მოქალაქეებით სავსე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს | დაიღუპა მინიმუმ ერთი ადამიანი
The Times of Israel ებრაულ და არაბულ მედიებზე დაყრდნობით წერს, რომ ეგვიპტეში შეიარაღებულმა პირმა ისრაელის მოქალაქეებით სავსე ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა, სულ მცირე, ერთი და დაიჭრა ასევე ერთი ადამიანი. RT Arabic-ის წყარომ განუცხადა, რომ ცეცხლი პოლიციელმა გახსნა. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ დეტალების გარკვევას ცდილობენ.
13:28 – “ღაზის სექტორსა და ისრაელის სამხრეთში 400-ზე მეტი შეიარაღებული პალესტინელი მოვკალით” | ისრაელის თავდაცვა
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ ნაწილსა და ღაზას სექტორში 400-ზე მეტი შეიარაღებული პალესტინელი მოკლეს. მისივე თქმით, ათეულობით პირი ტყვედ აიყვანეს.
ისრაელის თავდაცვის სპიკერმა ასევე აღნიშნა, რომ მათი სამხედროები ქვეყნის ყველა ქალაქში არიან მობილიზებულები.
“ამ საათისთვის სამხედროები კფარ აზაში იბრძვიან. ბევრ ქალაქში ჩხრეკა მიმდინარეობს. ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა ქალაქში არიან. არ არის ქალაქი, რომელშიც ისრაელის თავდაცვის ძალები არ იმყოფებიან”, – განაცხადა ჰაგარიმ.
11:50 – “ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა
BBC-ის ცნობით, “ჰეზბოლამ” ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით ცეცხლი გახსნა. მედიის ცნობით, მათ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა საჯაროდ აიღეს და სამიზნეს გოლანის მაღლობზე არსებული ისრაელის სამხედრო პოზიციები წარმოადგენდა.
საპასუხო ცეცხლი გახსნა ისრაელის თავდაცვის ძალებმაც. როგორც ისინი ამბობენ, მათ ლიბანის ტერიტორიას არტილერიით დაარტყეს. ისრაელის თავდაცვამ ასევე განმარტა, რომ საარტილერიო დარტყმები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელი დაიბომბა.
ისრაელის მთავრობა ჩრდილოეთის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ.
10:52 – “ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა” | ისრაელში საქართველოს ელჩი
ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მისივე თქმით, გუშინ რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ჟვანია ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვინმე ფლობს ინფორმაციას საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, შეატყობინონ.
“ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე. პრაქტიკულად ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა.
ამ დილით, ადრე, ისრაელის არმიამ კიდევ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში. არ ჰგავს არაფერს სხვას, რაც იყო.
ამ წუთისთვის 250-ზე მეტი დაღუპული ცხადდება. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, ყველა დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ.
საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისრაელის პოლიციასთან. არ არის ასეთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი…
საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან…ისე ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამოდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ, საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. აქ გვყავდნენ ბავშვები, თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, კარგად არიან, უსაფრთხოდ არიან…თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს, საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე გთხოვთ, რომ შეგვატყობინოთ, ” – ამბობს ჟვანია.
მისივე თქმით, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს: +972526919092; +972 52-8888513; +972 54-7386813.
09:51 – “ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს…ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ” | ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერმინისტრის ოფისმა განაცხადა, რომ მიიღეს “ოპერაციული გადაწყვეტილებების სერია,” რომლებიც მიზნად ისახავს “ჰამასისა” და “პალესტინის ხელისუფლების სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურებას.”
“ჩვენ ვიწყებთ ხანგრძლივ და რთულ ომს, რომელიც ჰამასის თავდასხმამ გვაიძულა. პირველი ეტაპი ამ საათებში დამთავრდება, ჩვენს ტერიტორიაზე შემოჭრილი მტრის ძალების უმრავლესობის განადგურებით. ამავდროულად, ჩვენ დავიწყეთ შეტევითი ფორმირება და ის გაგრძელდება შესვენების გარეშე, მიზნების მიღწევამდე,” – განაცხადა ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
მისივე თქმით, ისრაელის მიზანია, “ჰამასს” დააკარგვინოს უნარი და სურვილი, ზიანი მიაყენოს ისრაელის მოქალაქეებს.
“ჩვენ აღვადგენთ უსაფრთხოებას ისრაელის მოქალაქეებისთვის და გავიმარჯვებთ,” – თქვა ნეთანიაჰუმ.
09:36 – ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 300-მდე გაიზარდა, დაშავდა 1800-ზე მეტი ადამიანი
დილის მდგომარეობით, ისრაელზე “ჰამასის” თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 300-ს მიაღწია. დაშავდა 1800-ზე მეტი ადამიანი. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, “ჰამასის” მებრძოლებმა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე და ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცი დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს. მათი რაოდენობა უცნობია.
09:23 – “თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, ამ ეტაპზე ისინი უსაფრთხო ადგილას არიან” | საგარეო
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელზე თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. უწყების თქმით, ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
“აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.
რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ,” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
7 ოქტომბერი:
შეტაკების დროს, ისრაელის ნაჰალის ქვეითი ბრიგადის მეთაური დაიღუპა
ისრაელის სამხედროების თქმით, ნაჰალის ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი იონატან სტეინბერგი, 7 ოქტომბრის დილას, ჰამასის ტერორისტებთან შეტაკების დროს კერემ შალომის რაიონში, ღაზას სექტორის საზღვართან დაიღუპა.
42 წლის სტეინბერგი, სამხრეთ ქალაქ შომრიიდან, შეტაკების ადგილისკენ მიდიოდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ტერორისტმა მოკლა. ის არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის ისრაელელი ოფიცერი, რომელიც ბრძოლაში მოკლეს.
ბლინკენი მაჰმუდ აბასს მოუწოდებს, დაგმოს თავდასხმა ისრაელზე
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ესაუბრა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და მოუწოდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დასამშვიდებლად.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ბლინკენი მოუწოდებს “რეგიონის ხელმძღვანელობას დაგმოს” ჰამასის თავდასხმები ისრაელზე და “გააძლიეროს ნაბიჯები დასავლეთ სანაპიროზე სიმშვიდისა და სტაბილურობის აღსადგენად”.
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს
ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს. ელჩი ლაშა ჟვანია ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების შესაბამისი ზომები.
შენობაში ყოფნისას – უნდა შეხვიდეთ სპეციალურ დაცულ სივრცეში/თავშესაფარში, დაკეტეთ კარ-ფანჯრები; შენობის გარეთ ყოფნისას – იმ შემთხვევაში თუ ახლოს არ მდებარეობს სპეციალური თავშესაფარი ან არ არის არც ერთი შენობა, დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
ავტომობილში – გააჩერეთ, გადმოდით ავტომობილიდან და შედით უახლოეს შენობაში ან თავშესაფარში. თუ თქვენს ახლოს შენობა ან თავშესაფარი არ მდებარეობს, გადმოდით მანქანიდან დაწექით და თავზე დაიფარეთ ხელები;
დაუშვებელია შენობის შესასვლელში, სადარბაზოებში მოქალაქეების გაჩერება;
სხვა ინსტრუქციის არ არსებობის შემთხვევაში განგაშის სიგნალის დასრულებიდან 10 წუთის შემდეგ შეგიძლიათ დატოვოთ შენობა;
დაუშვებელია ჩამოგდებულ რაკეტასთან ან სხვა ობიექტთან მიახლოება. ასეთ შემთხვევაში მოუწოდეთ მოქალაქეებს არ მიუახლოვდნენ ობიექტს/ჩამოგდებულ რაკეტას და აცნობეთ პოლიციას.
ტურისტული მიზნით ისრაელში მყოფმა პირებმა თავი უნდა შეიკავონ სასტუმროდან გამოსვლისგან და ტურისტული ტურებისგან.
თვალყური ადევნეთ მედიას შემდგომი ინსტრუქციების მისაღებად.
საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე:
+972526919092;
ან +972 52-8888513
და +972 54-7386813.
“ამ შავი დღისთვის შურს ვიძიებთ” – ნეთანიაჰუ ღაზას მცხოვრებლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი
ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მოქალაქეებს მიმართავს და პირობას დებს, რომ გამოიყენებს ყველა ძალას ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად. პრემიერი ხალხს ასევე პირდება, რომ ის რაც დღეს მოხდა, “აღარასდროს განმეორდება”.
მისი თქმით, ჰამასმა დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე იყო უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები – „ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი მძიმე იქნება“, – ამბობს ის.
“ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს უნახავს ისრაელს და ეს აღარასოდეს განმეორდება… თავდაცვის ძალები დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად და ამ შავი დღისთვის შურს ვიძიებთ.
ისრაელი აქცევს ნანგრევებად იმ ადგილებს სადაც იმალება ჰამასი”, – ამბობს ისრაელის პრემიერი და ღაზას მცხოვრებლებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დატოვონ ქალაქი.
ისრაელის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის გადაწყვეტილებით, ისრაელის მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა სამხედროებს საშუალებას აძლევს შიდა ფრონტის სარდლობას შეუზღუდოს შეკრებები და დახუროს ტერიტორიები ცხელ წერტილთან ახლოს.
ისრაელის მიმართულებით ავიარეისები ამერიკულმა ავიაკომპანიებმაც გააუქმეს – CNN
ამერიკული ავიაკომპანიები აუქმებენ ავიარეისებს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტებისკენ და გვერდს უვლიან მის საჰაერო სივრცეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
”ჩვენი მგზავრებისა და ეკიპაჟების უსაფრთხოება ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და საჭიროებისამებრ ვასწორებთ ფრენების განრიგს”, – ნათქვამია United Airlines-ის განცხადებაში.
FlightAware-ის ცნობით, გაუქმდა ნიუ-იორკის JFK-ს აეროპორტიდან ისრაელის ყველა მიმართულებით დანიშნული ფრენა. მთლიანობაში, FlightAware აჩვენებს, რომ თელ-ავივის მიმართულებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფრენების 14% გაუქმდა.
ნეთანიაჰუმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ოპოზიციური პარტიის ლიდერებს იაირ ლაპიდსა და ბენი განცს, ეროვნული ერთიანობის მთავრობის შექმნა შესთავაზა. ამის შესახებ ჟურნალისტებს იაირ ლაპიდმა განუცხადა, ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ: “მე ახლახან შევხვდი პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს. ვუთხარი, რომ ამ საგანგებო სიტუაციაში თანახმა ვარ მასთან ერთად საგანგებო, ვიწრო პროფესიონალური მთავრობის შექმნაზე.”თქვა მან. ლაპიდი ხელმძღვანელობს ცენტრისტულ პარტიას “იეშ ატიდს”.
ისრაელმა ღაზას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა
ისრაელის ენერგეტიკის მინისტრის ბრძნებით, ისრაელის ელექტრონული კორპორაცია ღაზას ელექტრომომარაგებას უწყვეტს. “ისე აღარ იქნება, როგორც აქამდე იყო”. – ნათქვამია განცხადებაში.
ღაზის ენერგომომარაგება ძირითადად ისრაელიდან შესულ საწვავსა და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა რეიმის სამხედრო ბაზაზე კონტროლი დაიბრუნეს
მედიის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაიბრუნეს კონტროლი სამხრეთ ისრაელში მდებარე რეიმის სამხედრო ბაზაზე, სადაც განთავსებულია ღაზას დივიზია. ცოტა ხნით ადრე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ჰამასის ტერორისტებს 22 სხვადასხვა ლოკაციაზე ებრძოდნენ. სამხედროები ასუფთავებენ ქალაქებს, სადაც ტერორისტებმა შეაღწიეს.
ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზაში 2 მაღალსართულიანი შენობა გაანადგურეს – პალესტინა თელ-ავივს ისევ ემუქრება [VIDEO]
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმები განახორციელეს ღაზას სექტორში მდებარე ორ მაღალსართულიან შენობაზე, რომლებსაც ჰამასის ტერორისტები სამხედრო შეიარაღების შესანახად იყენებდნენ.
“ჰამასის ტერორისტული ორგანიზაცია განზრახ ათავსებს თავის სამხედრო აქტივებს ღაზას სექტორში მშვიდობიანი დასახლებების ცენტრში”, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალები.
დარტყმის დაწყებამდე ისრაელის სამხედროებმა შენობის მცხოვრებლები წინასწარ გააფრთხილეს და ევაკუაციისკენ მოუწოდეს.
ისრაელის თავდაცვის ძალები ადასტურებს რომ პალესტინელებმა მძევლები ღაზას სექტორში გადაიყვანეს
ისრაელის თავდაცვის ძალები ჰამასის ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან, მძევლების აყვანასა და მათი ღაზას სექტორში გადაყვანას ადასტურებს. ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერი დანიელ ჰაგარი ადასტურებს ისრაელის ჯარისკაცების დაღუპვასაც, თუმცა არც დაღუპულების და არც მძევლების რაოდენობა მას არ დაუკონკრეტებია.
ჰაგარის თქმით, სამხრეთ ისრაელში 22 ადგილას მიმდინარეობს ბრძოლა. მისი ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა მიაღწიეს ღაზას საზღვრის ყველა ქალაქს – “ოთხი დივიზია განლაგებულია ღაზას საზღვართან და უერთდება 31 ბატალიონს, რომლებიც უკვე იქ არიან” – ამბობს ჰაგარი.
ისრაელში, თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა
ისრაელზე “ჰამასის” მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, დაიჭრა 800-ზე მეტი პირი.
CNN: პალესტინის ცნობით, ისრაელის საპასუხო კონტრშეტევას 198 პალესტინელი ემსხვერპლა, დაშავდა 1 610
საჰაერო დარტყმა ღაზას სექტორთან – ისრაელის თავდაცვის ძალები ვიდეოს ავრცელებს
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით საჰაერო დარტყმა განახორციელეს ჰამასის ტერორისტულ უჯრედზე ერეზის სასაზღვრო პუნქტთან, ღაზას სექტორთან.
თავდაცვის ძალები ტერორისტების წინააღმდეგ მიტანილი საჰაერო იერიშების ამსახველ ვიდეოკადრებს აქვეყნებს.
ბოლო მონაცემებით, ისრაელზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა 700-ზე მეტი
ისრაელზე “ჰამასის” მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, დაიჭრა 779 პირი.
ისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა – ზელენსკი
ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ უკრაინას სჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან
„მსოფლიოში არსად არ შეიძლება ტერორს მიეცეს შანსი, რადგან ტერორი ყოველთვის არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან მისი კონკრეტული მსხვერპლის მიმართ, არამედ კაცობრიობის, როგორც ასეთის და მთელი ჩვენი სამყაროს წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყენებს ტერორს, ეს არის დანაშაული ქვეყნების წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დააფინანსა ტერორი, ეს არის დანაშაული მსოფლიოს წინააღმდეგ.
ისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა. ამ ტერორისტული თავდასხმის ყველა გარემოება უნდა დაზუსტდეს, რათა მსოფლიომ იცოდეს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვინც თავდასხმის წამქეზებელია და ორგანიზებაში ხელი შეუწყო… ყველა სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა! ჩვენ ვგმობთ ტერორის ყოველ გამოვლინებას. “- დასძინა მან.
ზელენსკიმ ისრაელში მცხოვრებ უკრაინის მოქალაქეებს სიფრთხილისკენ და უსაფრთხოების ძალების მითითებების დამორჩილებისკენ მოუწოდა.
ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაშვებულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, “ჰამასის” თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 22 პირი.
“შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ” – საქართველოში ისრაელის ელჩი
“შაბათს დილით, როდესაც ოჯახები სიმხათ თორას აღნიშნავენ და უბრალოდ ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, თავშესაფარში გაქცევა უწევთ,” – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში წერს.
“მასიური სარაკეტო თავდასხმა ისრაელზე, რომელიც დილით ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ განახორციელა. შაბათს დილით, როდესაც ოჯახები იკრიბებიან, სიმხათ თორას აღნიშნავენ, და როდესაც უბრალოდ, ერთად ყოფნით უნდა ტკბებოდნენ, მათ თავშესაფარში გაქცევა უწევთ,” – წერს ჰადას მეიცადი.
“ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ… და ჩვენ გავიმარჯვებთ” – ბენიამინ ნეთანიაჰუ
“ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ – არა რაიმე ოპერაციაში – არამედ ომში…და ჩვენ გავიმარჯვებთ,” – ასე მიმართავს ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მოქალაქეებს და აღნიშნავს, რომ “მტერი თავდასხმის ფასს გადაიხდის.”
“მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ,” – თქვა ნეთანიაჰუმ თავდასხმის შემდეგ გაკეთებულ პირველ განცხადებაში.
“ისრაელი ამ ომს მოიგებს” – ისრაელის თავდაცვის მინისტრი
“ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს” – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტიმ, პალესტინური დაჯგუფების, “ჰამასის” მიერ თავდასხმისა და ისრაელის ტერიტორიაზე სამხედროების შესვლის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, შაბათ დილით “ჰამასმა” უდიდესი შეცდომა დაუშვა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო.
“დღეს დილით ჰამასმა უდიდესი შეცდომა დაუშვა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალები მტრის წინააღმდეგ ყოველ ტერიტორიაზე იბრძვიან. ისრაელის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, უსაფრთხოების ინსტრუქციებს მიჰყვნენ. ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს”, – განაცხადა გალანტმა.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს – The Times of Israel
The Times of Israel-ის ცნობით, ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიდები წამოიწყეს. შეიარაღებული პირები ქალაქ სდეროთში შეიჭრნენ, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და დაიჭრა 15.
თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ. როგორც The Times of Israel იტყობინება, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი სასწრაფოდ გაემგზავრა თელ-ავივში, უსაფრთხოების ხელმძღვანელებთან კონსულტაციებისთვის.
ცნობისთვის, გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.
ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია “ალ-აქსას ქარიშხალი” დაიწყეს.