ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა” – ზელენსკი

ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ზელენსკიმ სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და აღნიშნა, რომ უკრაინას სჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან

„მსოფლიოში არსად არ შეიძლება ტერორს მიეცეს შანსი, რადგან ტერორი ყოველთვის არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან მისი კონკრეტული მსხვერპლის მიმართ, არამედ კაცობრიობის, როგორც ასეთის და მთელი ჩვენი სამყაროს წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყენებს ტერორს, ეს არის დანაშაული ქვეყნების წინააღმდეგ. არ აქვს მნიშვნელობა ვინ დააფინანსა ტერორი, ეს არის დანაშაული მსოფლიოს წინააღმდეგ.

ისრაელის თავდაცვის უფლება ეჭვგარეშეა. ამ ტერორისტული თავდასხმის ყველა გარემოება უნდა დაზუსტდეს, რათა მსოფლიომ იცოდეს და მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა, ვინც თავდასხმის წამქეზებელია და ორგანიზებაში ხელი შეუწყო… ყველა სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა! ჩვენ ვგმობთ ტერორის ყოველ გამოვლინებას”, – დასძინა მან.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ისინი “ჰამასის” წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ – ქვეყანაში სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების მიხედვით, “ჰამასის” თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით კი, დაიღუპა სულ მცირე 22 ადამიანი.

იტვირთბა....