ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქეთევან იგნატოვას დაყაჩაღებისა და დაჭრის საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქეთევან იგნატოვას სახლში მომხდარი ყაჩაღობის საქმე გახსნილია. სამართალდამცველებმა 1990 წელს დაბადებული რევაზ კ. ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ რევაზ კ.-მ მიმდინარე წლის 14 მარტს, ღამით, თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, ზაზა ც.-ს საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შეაღწია, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქეთევან ი.-ს ოქროს ბეჭედი, 200 ლარი, 2 ძვირადღირებული მობილური ტელეფონი, 2 ნოუთბუქი, 400 დოლარი და რარიტეტული მედლები ცივი იარაღის მუქარით გასტაცა. მან სახლში მყოფ 5 ადამიანს, მათ შორის, ერთ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ საათზე მეტი დროის განმავლობაში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა.

ბოროტმოქმედთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებისას, ოჯახის უფროსს ზაზა ც.-ს და მის მეუღლეს ქეთევან ი.-ს დანით სხეულზე დაზიანებები მიადგათ. ბრალდებულმა ნაყაჩაღარ ნივთებთან ერთად მიმალვა მოახერხა. დაჭრილ ცოლ-ქმარს სამედიცინო დახმარება სტაციონარში ჩაუტარდათ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

დამნაშავე პოლიციამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი – 2 დანა და 210 ლარი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება ყაჩაღობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” და მე-3 ნაწილის “გ” და “დ” ქვეპუნქტებით)“.-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, პუბლიცისტ ქეთევან იგნატოვას სახლი  რამდენიმე დღის წინ დააყაჩაღეს. თავდამსხმელმა იგნატოვა და მისი ქმარი ზაზა ციციშვილი ჯერ დაჭრა, შემდეგ კი, ნაძარცვი წაიღო.

 

იტვირთბა....