ახალი ამბები მთავარი

“მზიურის” ტერიტორიაზე გასართობი სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა

“ვერეს ხეობაში საინჟინრო ნაგებობებზე სამუშაოები დაწყებულია და ძალიან მალე დამთავრდება”, – ამის შესახებ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომელიც დღეს მზიურის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა. დავით ნარმანიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის თანამშრომლებს დაავალა, მოინიშნონ ის ადგილები, სადაც უახლოეს პერიოდში ხე-მცენარეები დაირგვება. ზოოპარკის ტერიტორიაზე კი, გამხმარი ხეების სხვლა-ფორმირება დაიწყება. თბილისის მერიის ცნობით, მოწესრიგდება ტერიტორიაზე არსებული ქვეითთა გადასასვლელი ხიდები, სანიაღვრე ქსელები და ვერეს ხეობაში, ახალაშენებულ ხიდთან საყრდენი კედლის მშენებლობა დაიწყება.

“პარალელურ რეჟიმში კი, ჩვენ ვიწყებთ მიმდებარე ტერიტორიის გასუფთავებას, გამწვანების ღონისძიებებს. განხორციელდება სკოლის შენობის დემონტაჟი, რომელიც ამას აუცილებლად საჭიროებს და შესაბამისად, მოსწორდება ტერიტორია. მაქსიმალურად ინტენსიურად იმუშავებს ყველა სამსახური, იმისათვის, რომ ეს ტერიტორია დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს, იყოს სათანადოდ გამწვანებული, მოწესრიგებული, ისე რომ თითოეული ადამიანი, ვინც ამ ტერიტორიაზე გაივლის, მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება, დაისვენონ, რაც ყველაზე მთავარია. „მზიური“ დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, საკმაოდ საინტერესო პროექტი გვაქვს დაგეგმილი, არა მხოლოდ გამწვანების თვალსაზრისით, არამედ ბავშვებისთვის – მოეწყობა გასართობი, სარეკრეაციო სივრცე და ყველაფერი გაკეთდება ისე, რომ სულ სხვა ეფექტი ექნება ვერეს ხეობას”, – განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერის დავალებით, მდინარე ვერეს ხეობაში მასშტაბური დასუფთავების სამუშაოები ჩატარდება, მოსწორდება ტერიტორია და მდინარის კალაპოტის ფორმირება მოხდება. ამასთან, განხორციელდება „მზიურის“ პარკის ტერიტორიაზე მდებარე სკოლის დემონტაჟი, იქვე მდებარე მიწისქვეშა გვირაბში კი დამონტაჟდება განათება და დაიგება ახალი ფილები.

 

იტვირთბა....