ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„სამოქალაქო ომი რომ არ გაჩაღებულიყო, სავარაუდოდ, არძინბას ძალიან გაუჭირდებოდა სამხედრო მოქმედებების დაწყება“ – თეიმურაზ პაპასქირი

„მეტრონომი“ ისტორიკოს თეიმურაზ პაპასქირს აფხაზეთის ომის შესახებ ესაუბრა.

ჩვენთან საუბარში პაპასქირმა განიხილა ქართული ხელისუფლების ორი გადაწყვეტილება, რომლებმაც, შეიძლება ითქვას, რომ ხელი შეუწყო აფხაზებს საომარი მოქმედებების დაწყებაში.

ერთი მათგანი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილების საკითხია. საბჭოს 65 მანდატიდან 28 აფხაზებს, 26 – ქართველებს, ხოლო 11 სხვა დანარჩენს მიაკუთვნეს, რამაც, პაპასქირის აზრით, აფხაზებს აფიქრებინა, რომ ეს მათი აბორიგენობის აღიარება იყო.
რაც შეეხება მეორე გადაწყვეტილებას, ეს ვლადისლავ არძინბას უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა იყო. ისტორიკოსის თქმით, არძინბა გამოკვეთილი ანტიქართული ფიგურა გახლდათ.

თეიმურაზ პაპასქირმა აღნიშნა, რომ 1991 წლის შემოდგომიდან თბილისში სიტუაციის დაძაბვამ არძინბას ანტიქართული მოქმედებების წარმოების საშუალება მისცა. რომ არა სამოქალაქო დაპირისპირება, შესაძლოა, მას ამდენი ვერ გაებედა.
ამასთან, ომის დაწყებამდე შედგა შეთანხმება არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის. საერთოდ, აფხაზეთში ჯარი შედიოდა არა აფხაზების, არამედ გამსახურდიას წინააღმდეგ.

რესპოდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აფხაზეთის ომის დროს ვერ შედგა ერთიანი ქართული ფრონტი.
პაპასკირი ასევე შეეხო ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნების საკითხს და აღნიშნა, რომ მისმა დაბრუნებამ ერთიანი ფრონტის შექმნას ხელი არ შეუწყო, თუმცა, ამასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება, რომელიმეზე დაყრდნობა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

[su_quote] შიდა დაპირისპირება, რომელიც იმ პერიოდში ქვეყანაში არსებობდა, ძალიან უარყოფით გავლენას ახდენდა აფხაზეთზე. ამასთან, პრეზიდენტ გამსახურდიას რამდენიმე გადაწყვეტილებამ აფხაზეთის საკითხში ძალიან ცუდი როლი ითამაშა.
უპირველესად, ეს იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში 65 სადეპუტატო მანდატის შემდეგნაირი განაწილება: 28 მანდატი აფხაზებს, 26 – ქართველებს, 11 – სხვა დანარჩენს.
აფხაზებმა ეს აღიქვეს, ასე ვთქვათ, მათი აბორიგენობის აღიარებად. ამის შემდეგ, ისინი სოხუმში მცხოვრებ ქართველებს ეუბნებოდნენ, აქ გინდათ, გამსახურდიაც კი აღიარებს, რომ მხოლოდ ჩვენ ვართ აქაურები, თორემ რატომ მოგვცემდა უმრავლესობასო. მანდატების ასეთ განაწილებას თავად აფხაზები არ ელოდნენ, რადგან როცა მათ გაიგეს 28-26-11-ის შესახებ, თქვეს, თანაბარი რაოდენობის მაინც მოგვეცითო. ანუ 28 მანდატი ქართველების ეგონათ.

ეს იყო ხელისუფლების ცალსახა შეცდომა, რომელიც აპარტეიდულ გადაწყვეტილებად მოიხსენიება. ამას აფხაზეთის ქართველობაში მაშინვე მოჰყვა უარყოფითი დამოკიდებულება.

ამასთან, უნდა ითქვას, რომ სიტუაციის სწორად არშეფასება იყო ძალიან დიდი პრობლემა.
რეალურად, 1889 წლის ივლისის შემდეგ სოხუმში პრობლემა არ არსებობდა. ამ დროს სოხუმი ქართული ქალაქია და აფხაზები უფრთხიან ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ქართველების საწინააღმდეგო იქნება.

ამ ფონზე კი უცებ ინიშნება არძინბა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რადგან არძინბა გამოკვეთილი, ოდიოზური ანტიქართული ფიგურა იყო. ამ ნაბიჯის ლოგიკა შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ ქართულ ხელისუფლებას არძინბა, ასე ვთქვათ, თავის მხარეს გადმოებირებინა. ასეთი რამ მომხდარა ხოლმე და ამ შემთხვევაშიც შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა არ არსებობდა.
ცენტრალური ხელისუფლება რომ ყოფილიყო ძლიერი და ერთმანეთი არ დაგვეჭამა, შესაძლოა, არძინბას ამდენი ვერ გაებედა. როგორც კი თბილისში არეულობა დაიწყო, ის ყველაფერს აკეთებს ჩვენ საწინააღმდეგოდ, ზვიადის წინააღმდეგ.
ამდენად, სამოქალაქო ომი რომ არ გაჩაღებულიყო, არძინბას ძალიან გაუჭირდებოდა სამხედრო მოქმედებების დაწყება.

1991 წლის შემოდგომაზე თბილისში ვითარება ძალიან დაძაბულია. ამ პერიოდში არჩევნებია აფხაზეთში და ეს დაძაბულობა გადადის იქ. ამის გამო, მაგალითად, ვერ ავირჩიეთ ერთი დეპუტატი. მთავარი კანდიდატი იყო გურამ გაბესკირია, რომელიც არ მოიაზრებოდა გამსახურდიას გუნდის წევრად და ამიტომ შეიქმნა პრობლემა.

საერთოდ, უნდა ითქვას ისიც, რომ აფხაზეთში ჯარი შევიდა არა აფხაზების, არამედ გამსახურდიას მომხრეების წინააღმდეგ.
ამასთან, არსებობდა შეთანხმება არძინბასა და ედუარდ შევარდნაძეს შორის. შევარდნაძე შეცდა, რომ არძინბას მხოლოდ ტელეფონით ესაუბრა და არ შეხვდა და ხელი არ მოაწერინა დოკუმენტზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ომის დროსაც ვერ მოვახერხეთ გაერთიანება. სამეგრელო, ფაქტობრივად, ჩამოცილებული იყო პროცესს. იყო შემთხვევა, როდესაც ერთმა ზუგდიდელმა თავი გამოიჩინა და ჯილდოზე წარდგენას უპირებდნენ, თუმცა მან თქვა, რომ არ წარედგინათ: არ იციან, რომ ვომობ და თუ გაიგებენ, შეიძლება, სახლი დამიწვანო. წარმოიდგინეთ რა სიტუაცია იყო – თურმე არ შეიძლებოდა, ზუგდიდელს აფხაზეთში ეომა, რადგანაც ეს შევარდნაძის მხარეს დგომად აღიქმებოდა. სინამდვილეში, ეს ადამიანი არა შევარდნაძის, არამედ საქართველოს მხარეს ომობდა, თუმცა ეს შეგნება იმ მომენტში, სამწუხაროდ, გამქრალი იყო.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნებას, 24 სექტემბრისთვის, იმ მომენტისთვის, ერთიანი ფრონტი, დიდი გაჭირვებით, მაგრამ შედგა. მე როგორც ვიცი, გამსახურდიას ჩამოსვლამ ამას ხელი არ შეუწყო. ამასთან დაკავშირებით ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციები ვრცელდება, რომელიმეზე დაყრდნობა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ზვიადმა გააჩერა ჯარი, მეორე ნაწილი აღნიშნავს, რომ – პირიქით.

უნდა ითქვას, რომ 30 წლის თავზეც რთულია ამ საკითხზე სრული სიზუსტით საუბარი, რადგან ყოველი მონაწილე ცდილობს, თავი უკეთ წარმოაჩინოს.
ამრიგად, ზემოაღნიშნული ორი (უმაღლეს საბჭოში მანდატების განაწილება და არძინბას დანიშვნა) არის ორი მძიმე გადაწყვეტილება, შეცდომა, რომელიც დაუშვა ქართულმა მხარემ, რამაც აფხაზებს სამხედრო მოქმედებების დაწყება გაუადვილა. [/su_quote]

– განაცხადა თეიმურაზ პაპასკირმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....