ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოპოზიციას სჭირდება მრავალხმიანობა – ერთი მხრივ, ერთად უნდა დავუპირისპირდეთ „ოცნების“ პროპაგანდას, მეორე მხრივ კი, უნდა ვაჩვენოთ, რომ განვსხვავდებით ენმ-სგან“ – ანა დოლიძე

„მეტრონომი“ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერს, ანა დოლიძეს ესაუბრა თემაზე – არსებობს თუ არა ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ შეცვლის რეალური რესურსი და ასევე, როგორია ოპოზიციურ პარტიებს შორის კომუნიკაცია.

დოლიძის თქმით, საქართველოში არის ძალიან რთული პოლიტიკური ველი, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს მთავრობის პროპაგანდისტულ მანქანასთან. ამასთან, არსებობს „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი. ეს პარტია იმ ამომრჩევლისთვის, რომელთაც ცვლილებები უნდა, არის მიუღებელი.

ამდენად, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ ერთი მხრივ, ოპოზიციური პარტიები ერთობლივად უნდა ებრძოდნენ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, მაგრამ მეორე, საჭიროა, ხალხმა დაინახოს, რომ ეს პარტიები განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“. პოლიტიკოსი ამას უწოდებს მრავალხმიანობის, მრავალჟამიერის მოდელს და ფიქრობს, რომ ოპოზიციის სტრატეგია ასეთი უნდა იყოს.

დოლიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში ცვლილებები უნდა ყველას, გარდა იმ მცირე წრისა, რომელიც ჩართულია კორუფციაში.

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის აზრით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის შესაძლებლობა, ადამიანები არ წავიდნენ საქართველოდან.

[su_quote] ზოგადად, შესაძლოა, ხალხს უნდოდეს ცვლილებები, მაგრამ პოლიტიკა ისეთი რამეა, რომ მას სჭირდება ორგანიზებული ფორმა, ეს ფორმა კი არის პარტიები და ინსტიტუტები. ამ თვალსაზრისით, საქართველოში არის რთული ველი, რადგან ჩვენ საქმე გვაქვს პროპაგანდის მანქანასთან, რომელიც რამდენიმე ტელევიზიის მეშვეობით, ერთ ხმაში ეუბნება რაღაცას ჩვენს ამომრჩეველს. აი, მაგალითად, პროპაგანდის მიერ მოგონილი „ომი გინდა?“ – კამპანია.

ამ ფონზე, ოპოზიციის მთავარი სტრატეგიული ამოცანა არის შემდეგი: ერთი მხრივ, შეინარჩუნოს მრავალხმიანობა, რადგან ჩვენს გვაქვს განსაკუთრებული ფაქტორი და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ეს რომ იყოს სხვა მოცემულობა, სადაც არ იქნებოდა 2004-2012 წლების მმართველობის პერიოდი, საქმე სხვაგვარად იქნებოდა. ფაქტია, რომ ჩვენი ამომრჩევლის ნაწილი არ იღებს ენმ-ს. ამდენად, ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს მრავალხმიანობა, ანუ ხალხს უნდა აჩვენოს, რომ ოპოზიციური პარტიები განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“, მაგრამ ამავდროულად, თუ ჩვენ არ დავუპირისპირდით ერთობლივად, ერთი ფორმით, მთავრობის პროპაგანდის მანქანას ვერ დავამარცხებთ.

მე ამას ვეძახი მრავალჟამიერის იდეას, ანუ არის სამი ხმა, ყველა სხვადასხვაა და ერთსა და იმავე ხმაზე არ გადადიან, თორემ სიმღერა ჩაიშლება. ამავე დროს, სამივე ხმა ერთ მუსიკას ქმნის. ეს არის ოპოზიციის მოქმედების ჩემეული მოდელი, რომელიც ვცდილობ გავუზიარო, ავუხსნა ჩემს კოლეგებს, იმიტომ რომ სხვანაირად განმეორდება ის, რაც ადრე ხდებოდა.

თუ ისევ ყველა ერთად შევიკრიბებით, სხვადასხვა მსოფლხედვის ხალხი ერთ ქვაბში ჩავსხდებით, წავაგებთ, რადგან ოპიზიცურ ფლანგზე არიან ამომრჩევლები, რომლებიც ისტორიაზე ვერ თანხმდებიან. მაგალითად, 2012 წელი სხვაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერისთვის და სხვა არის ჩემი ამომრჩევლისთვის, თუმცა საქმე ისაა, რომ დღეს ცლილებები უნდა ყველას, გარდა იმ მცირე ჯგუფისა, ვინც სარგებლობს ამჟამად ქვეყანაში არსებული კორუფციით. აი, მინისტრის მოადგილის, რომეო მიქაუტაძის გადახდილ დაბადების დღეზე ვინც მივიდა, ეს წრე არ იღებს სარგებელს ამ კორუფციისგან? ხომ დაისვა კითხვა, 5 000-ლარიანი ხელფასით, ეს კაცი როგორ იხდის ასეთ დაბადების დღეს?

ამ წრის გარდა კი არის საქართველო, რომელსაც უნდა ცვლილება.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს შორის კომუნიკაციას, მიუხედავად განსხვავებებისა, კომუნიკაცია არსებობს. ეს არის სამუშაო პროცესი. ჩვენ ქვეყანს გვაქვს ერთი ამოცანა – მთელმა საქართველომ იცხოვროს უკეთ – მაგრამ თუ როგორ, ეს უკვე ტაქტიკის საკითხია.

2024 წელს ვიქნები ძალიან აქტიური. მე მიმაჩნია, რომ მომავალი წლის არჩევნები არის საქართველოდან ადამიანების არწასვლის შესაძლებლობა. ყველა, ვინც ასე ვთქვათ, ეკუთვნის საშუალო კლასს, აქვს უცხოეთში წასვლის ფული და ეს ხალხი, თუკი მომავალს წელს ქვეყანაში ცვლილებები არ იქნება, ფიქრობს ქვეყნიდან წასვლაზე.

მე ნანახი მაქვს ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დასასრული. ორივე შემთხვევაში, ორივე ხელისუფლება გახრწნის ისეთ დონეზე მივიდა, რომ ეს დასასრული თვითონ ერჩივნათ. ამ ხელისუფლების შემთხვევაშიც ასეა. ალბათ, ვინც ამ წლებში მილიონერი გახდა, ამაში არ დამეთანხმება, მაგრამ სინამდვილეში ცვლილება მათთვისაც უკეთესია. [/su_quote]

– განაცხადა ანა დოლიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....