ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველოს პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის ნაწილი გადაჯაჭვულია რუსეთთან“ – ხათუნა ლაგაზიძე

„მეტრონომი“ ანალიტიკოს ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა თემაზე – რჩება თუ არა ბიძინა ივანიშვილს იმგვარი მანევრის საშუალება, რომლითაც ის დასალელი პარტნიორების თვალში, საქართველოს ხელისუფლების დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას შეძლებს.

ანალიტიკოსის თქმით, ივანიშვილს მანევრირების ბევრი საშუალება აქვს, თუმცა საკითხავია, არსებობს თუ არა ამ საშუალებათა გამოყენების სურვილი.

ლაგაზიძემ დაასახელა რამდენიმე შესაძლებლობა, რომელთა გამოყენების შედეგადაც, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას დასავლეთისკენ შემოაბრუნება, თუმე მისივე აღნიშვნით, არ არსებობს ამის სურვილი.

მან ფართოდ ისაუბრა რუსეთის ფაქტორსა და ასევე საქართველოს კანდიდატის სტატუსის მინიჭებების მოლოდინზე.

[su_quote] ბიძინა ივანიშვილს, რა თქმა უნდა, დარჩა მანევრის ბევრი საშუალება, თუმცა ამ საკითხის განხილვისას ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ მანევრის საშუალებები, შესაძლებლობები და სურვილი.
უპირველესად, ეს გულისხმობს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ივანიშვილის სურვილის შემთხვევაში, ხელისუფლებას შეუძლია გააუქმოს სებ-ის ბოლო ბრძანებულება და სახელმწიფო დაბრუნდეს სანქციების რეჟიმში. ეს ორი არის მთავარი და უმნიშვნელოვანესი.

შემდეგი საკითხებია: ურთიერთობის გამოსწორება უკრაინასთან, ნატო-ს თან ინტენსიური ურთიერთობების აღდგენა, ანაკლიის პორტის მშენებლობაში დასავლეთისა და საქართველოს ინტერესთა თანხვედრა.

მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის მოლაპარაკებებისათვის თბილისი რომ შეეთავაზებინა, რაც ჩვენს დაკარგულ, რეგიონალურ როლს წაადგებოდა.
ეს აწევდა ჩვენს წონას და ასევე, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ კონფლიქტის დარეგულირების საქმეში ინიციატივა ბოლომდე ჩამოართვას რუსეთს და სამშვიდობო ხელშეკრულებას, რომლის დადებასთანაც ისე ახლოს ვართ, როგორც არასდროს, დაესვას დასავლური ბეჭედი და არა რუსული.

ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს როლი ახალი ან კარგად დავიწყებული ძველი დერეფნების საკითხში, რომლებიც ჩინეთსა და EU-ს აკავშირებს და განკუთვნილია საქონლის მიმოცვლისთვისაც.
აქვე სრულიად ახალი ინიციატივა ამერიკის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის მსხვილი სახელმწიფოების, ინდოეთის ე.წ. სანელებლების გზის ფორმირების თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს აბრეშუმის გზის ალტერნატივას.

ამრიგად, საქართველოს ბევრი მიმართულებით შეუძლია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის შესაძლებლობები, რომელთა გამოყენება ჩვენ ხელთ არის. ეს რადიკალურად შეცვლიდა საქართველოს პოზიციონირებას.

თუმცა არსებობს ბარიერები, რომლებიც ამ შესაძლებლობებს ეწინააღმდეგება. უმთავრესი ბარეირი, რა თქმა უნდა არის რუსეთი და მასთან მიმართებით საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება.

აღნიშნული დამოკიდებულება ორშრიანია.

ერთი შრე ეფუძნება შიშს. ნებისმიერი ავტორიტარული ქვეყანა, რომელიც შეგატყობს შიშს, დაგათმობინებს ძალიან ბევრს. ის ერთჯერად დათმობას არ დასჯერდება. საქართველოს ხელისუფლება ამ შიშის მორევში ჰკარგავს თავს და ამიტომაც, ყოველ ჯერზე, ვხედავთ საქართველოს ინტერესების დათმობას რუსეთის სასარგებლოდ.
შიში, რა თქმა უნდა, ლეგიტიმურია და უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად, მაგრამ ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის, ფაქტობრივად, კაპიტულაციის გამოცხადება. ეს ნიშნავს საქართველოს ჩახსნას დასავლური ფარისგან და პირიპირ დარჩენა რუსეთთან.
შეიძლებოდა ამ პოლიტიკის იმგვარად წარმოება, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ნაკლებად დაზარალებულიყო, რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის რისკები მაქსიმალურად შემცირებულიყო და საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაახლოებოდა დასავლეთის ინტერესებს.

რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობის მეორე შრეს, ის საქართველოს ხელისუფლებამ დააშენა ზემოაღნიშნულ შიშზე. მათ ჰქონდათ რუსეთის შიში და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინეს. ანუ ეს შრე სახელმწიფოებრივი დათმობების ფონზე, პირად ხეირს, სარგებელს გულისხმობს. ამიტომ მივიღეთ გამაოგნებელი, წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფცია, რომელიც საქართველოს არ ახსოვს. ამ ყველაფერს ჩვენ მედიიდან ვისმენთ. რუსული ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომ სამიზნე, მტერი ქვეყნის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტები იყიდოს. დღეს საქართველოს ხელისუფლება და ბიზნესის გარკვეული ნაწილი (მაგ. თამაზ გაიაშვილის ავიაკომპანია) გადაჯაჭვულია რუსეთთან.

არადა თუნდაც რუსეთთან მიმართებით არსებული ობიექტური შიშის ფონზე, შეიძლებოდა ნაკლებად საფრთხისშემცველი პოლიტიკის წარმოება, თუმცა იძალა მერკანტილურმა ინტერესებმა.

ამდენად, მთავარ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, შესაძლებლობები არის, მაგრამ არ არის სურვილი ქვეყნის დასავლეთთან მიბრუნებისა. დასავლეთი უძღები შვილივით ელოდება საქართველოს ხელისუფლების დაბრუნებას მის წიაღში.

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, ძალიან რთული სათქმელია. ეროვნული ბანკის ბოლო ბრძანებულებამდე, ურსულა ფონ დენ ლაიენის ყოველწლიურ მოხსენებამდე, ჯოზეფ ბორელის ბოლო ვიზიტამდე, დასავლეთის პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე (შავი ზღვის უსაფრთხოება, დერეფნები და ა.შ.) , სტატუსის მოცემის სერიოზული იმედი მქონდა, მაგრამ სანქციების დარღვევამ, ოპიზიციონერების დაკავებამ მდგომარეობა მკვეთრად გააურესა. „ქართული ოცნება“ დგამს იმგვარ ნაბიჯებს, რომელიც სულ უფრო და უფრო გვაშორებს კანდიდატის სტატუსს.
მართალია, ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ხვდებიან დასავლელ ლიდერებს, თუმცა ეს შეხვედრები გადაწონის თუ არა მათ ზემოაღნიშნულ ქმედებებს, რთული სათქმელია. [/su_quote]

– განაცხადა „მეტრონომთან“ ინტერვიუში ხათუნა ლაგაზიძემ.

იტვირთბა....