ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როგორ უნდა შევხვდე ნორმალურად მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რომელიც გლდანში მომხდარი ფაქტის მსგავსი შეიძლება იყოს“ – ბაჩო დოლიძე ხელისუფლებაზე

„მეტრონომი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ბაჩო დოლიძეს ესაუბრა თემაზე – არის თუ არა ოპოზიცია იმ პოლიტიკურ კონდიციაში, რომ რეალური წინააღმდეგობა გაუწიოს „ქართულ ოცნებას“ და შეძლოს მისი დამარცხება?

დოლიძე დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს არა ოპოზიცია, არამედ ქართველი ხალხი.

მისი თქმით, ოპოზიციასა და საზოგადოებას აქვს ერთი საერთო მოტივაცია – ვიცხოვროთ ნორმალურ ქვეყანაში – რისთვისაც აუცილებელია, მშვიდობიანად, არჩევნების გზით, „ქართული ოცნება“ ჩამოშორდეს ხელისუფლებას.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს შორის კომუნიკაციების საკითხს, ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, რომ კრიტიკულ მომენტებში ოპოზიცია ახერხებს კონსოლიდაციას.

[su_quote] პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ არა ოპოზიციის, არამედ ქართველი ხალხის გამარჯვებაში. ზუსტად ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს ცხოვრება ნორმალურ ქვეყანაში – იქ, სადაც პოლიცია დგას მოწოდების სიმაღლეზე; სადაც არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო; სადაც პროკურატურა მოქმედებს დამოუკიდებლად; სადაც წახალისებული არ იქნება ძალადობა.

ეს არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები არჩევნებზე პრაგმატულად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

მშვიდობიანად უნდა გავუშვათ ხელისუფლებიდან ის რეჟიმი, რომელიც თვლის, რომ თურმე ნორმაა სადამსჯელო ბანდების თარეში თბილისში და მათი წახალისება მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. თურმე ნორმაა, რომ პოლიცია ამ ყველაფერს არ ან ვერ ხედავდეს. არცერთი მსგავსი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.

ასევე არ უნდა გვეშინოდეს, მაგალითად, ბავშვების ეზოში გაშვება ან ვიღაცას აზრად მოუვიდეს, რომ კბილებამდე შეირაღებული თავს დაესხას განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანს.

რაც შეეხება ოპოზიციას, კრიტიკულ მომენტებში ის ახერხებს კონსოლიდაციას.
გუშინ და დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი მენეჯმენტის ყველა წევრი დამიკავშირდა. კომუნიკაცია არსებობს არამხოლოდ ენმ-ს შიგნით, არამედ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც.

ჩვენ, ყველას, გვაქვს ერთი მოტივაცია – ყველას გვსურს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ეს არის მთავარი ამბავი.

აი, დღეს ვინც ხელისუფლებაშია და ხვალ შეიძლება ოპოზიციაში იყოს, როგორ უნდა შევხვდე ნორმალურად მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას, რომელიც გლდანში მომხდარი ფაქტის მსგავსი შეიძლება იყოს.

ჩვენი ხალხი იმსახურებს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრებას. [/su_quote]

– განაცხადა ბაჩო დოლიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....