ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი პოლიტიკურია. ის პოლიტიკოსია და მე ვერ გავაკრიტიკებ მას პოლიტიკური მოტივის გამო“ – იაგო ხვიჩია ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხზე

„გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის შესახებ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩემი აზრით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მოტივი ცალსახად პოლიტიკურია. პრეზიდენტი არის პოლიტიკოსი და მე ვერ გავაკრიტიკებ მას პოლიტიკური მოტივის გამო. მოტივი ისაა, რომ სანამ თქვენ, საქართველოს ხელისუფლება, ცდილობთ, რომ ვიდრე ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა, სანქციები არ აღასრულოთ იმის შიშით, რომ მომავალში თქვენზე შეიძლება გავრცელდეს და არ გინდათ, იგივე რეგულირების ქვეშ იყოთ, მე [პრეზიდენტი] ამას არ გაგიტარებთ და თუ აღსრულებაა, მაშინაც უნდა აღსრულდეს, როცა ფარცხალაძე საქართველოს მოქალაქეა.

სამართლებრივად მე ბევრი კრიტიკა მოვისმინე, მაგრამ ამ ხალხს ავიწყდება, რომ პრეზიდენტი პოლიტიკოსია და მას გარკვეულ შემთხვევებში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ევალება.

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადების მეორე ნაწილს, ის ჩემთვის გასაგები არ არის, რადგან ცხადი იყო თავისთავად, რომ ასეთი ტიპის კანდიდატების წარდგენით და მერე „ქოცების“ მიერ მისი დამტკიცებით, პრეზიდენტს არაფერი მოუგია. თუ მოტივაცია არის, რომ გამოვავლინოთ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება, არასერიოზული კანდიდატების წარდგენა გამოსავალი არ იყო. მას უნდა წარედგინა კანდიდატები, რომელზეც უშუალოდ აგებდა პასუხს და რომლებიც გადახტომა-გადმოხტომას არ მოაწყობდა „ქოცთა“ ბანაკში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, დასანქცირების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ხელმოსაწერად იუსტიციისგან ელოდებოდა დოკუმენტს ფარცხალაძისათვის მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე.
რამდენიმე დღეში ზურაბიშვილმა თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

იტვირთბა....