ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან „პირაკრულთა“ აქცია მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე და ბაჩო კიკაბიძე, ტელეკომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტი, და „მაესტროს“ ჟურნალისტების გარკვეული ნაწილი იღებს.
როგორც ბაია გადაბაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, აქციის მიზანია ხელისუფლებას დაანახოს, რომ სიმართლის გარკვევას ითხოვენ და რომ „მაესტროს“ ახლანდელ დირექტორთან, ლევან გაჩეჩილაძესთან მიმართებაში კითხვები არსებობს, რომელიც როგორც ტელეკომპანიის ლოგოს მითვისებას, ასევე 25 პროცენტის გაურკვეველ წარმომავლობას ეხება. ბაია გადაბაძის თქმით, იმედია სასამართლო პასუხებს ყველა კითხვას გასცემს.
რაც შეეხება მამუკა ღლონტის პოზიციას, როგორც მან „მეტრონომს“ უთხრა, „მაესტროსთან“ დაკავშირებით საჩივარი დეკემბერში შეიტანეს, სასამართლომ ყველა ვადას გადააცილა, მაშინ როცა გაჩეჩილაძის სასარგებლოდ სხდომებს 24 საათში მართავენ. მას მოლოდინი არ აქვს რომ სასამართლო მათ სასარგებლო განაჩენს გამოიტანს, მაგრამ ფიქრობს, რომ ყველა წააგებს, ვინც „მაესტროს“ უპირისპირდება.
„სასამართლოზე მიმდინარეობს ზეწოლა და ის არაობიექტურია. ჩვენი აქცია პროტესტია ამის წინააღმდეგ-ჟურალისტებს გვართმევენ სიტყვის უფლებას.“ – განმარტა მამუკა ღლონტმა.
მამუკა ღლონტის განცხადებით, ის მომხრე არ არის მაკა ასათიანსა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის მოლაპარაკება შედგეს, მაგრამ თუ ეს საზოგადოებისთვის და თანამშრომლებისთვის სასარგებლო შედეგებს მოიტანს, წინააღმდეგი არ იქნება.
„მაესტროს“ ყოფილი დირექტორი და ლოგოს ავტორი, ბაჩო კიკაბიძე კი აანონსებს, რომ ახალი ტელეკომპანია „მ 24“-ით მაუწყებლობას ქსელის გაფართოვების შემდეგ დაიწყებს. როგორც ბაჩო კიკაბიძემ აღნიშნა, დაპირისპიებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყება უმჯობესია.
ბაჩო კიკაბიძე: ტელევიზია „მ 24“-ის ტექნიკური სამუშაოები გავწიე, სიგნალი შევიტანე რამდენიმე საკაბელო ოფისთან, ქსელის გაფართოების შემდეგ დავიწყებ მაუწყებლობას.“