ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პრეზიდენტის ქცევა იყო ზექრისტიანული”: ნათია ფანჯიკიძე მარგველაშვილის განცხადებას ეხმაურება

ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას. ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მაშინდელი განცხადება იმ ადამიანების მორალური მხარდაჭერაა, ვინც ამ ფარული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებით დაზარალდა.

“აღარ ვფიქრობდი ამ თემასთან დაბრუნებას, მაგრამ თვალში მომხვდა ორგანიზებული შეტევა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე მისი “სექსუალური განცხადების” გამო. გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის სიტყვა იყო მსოფლიო პოლიტიკის სტილისგან სრული და ლაღი გადახვევა, ყოველგვარი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და სკამმოყვარეობის შიშებისგან თავისუფალი, პრეზიდენტის ქცევა იყო ზექრისტიანული.

აწ უკვე მწამებლებისგან სტრატეგიულად დაგეგმილი, ადამიანის განგრძობით დროში წამების მოსალოდნელობის გათვალისწინებით, მრისხანების დიდი წილი მან თავის თავისკენ მიმართა, პრაქტიკულად ადამიანს გადაეფარა, არა გმირს, არამედ მსხვერპლს.

პრეზიდენტი, რომელსაც არ სურს იყოს ადამიანის გათელვის მომსწრე და მზადაა ყოველი მოქალაქის დასაცავად, არის იშვიათი და უდიდესი კაცთმოყვარეობის მაგალითის მიმცემი პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია პოლიტიკა და ქვეყანა გახადოს ისეთი ჰუმანური და ადამიანზე ორიენტირებული, როგორსაც ყველა ვინატრებდით.

მძიმე მარხვის დღეებია. კიდევ უკეთ გამიგებთ, ვფიქრობ.” – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, მარგველაშვილმა ფარული ვიდეოჩანაწერების კომენტირებისას თქვა, რომ მას მდიდარი სექსუალური ცხოვრება ჰქონდა.

იტვირთბა....