პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ ერთ-ერთი წევრი მამუკა კუდავა სოციალურ ქსელ ფეისბუქზე წერს, რომ პარიზის ცნობილ ყოველწლიურ გამოფენაზე, ვერსალის საექსპოზიციო პარკში „მსოფლიო ტურიზმის სალონზე“ აფხაზეთი მონაწილეობს როგორც რესპუბლიკა მაშინ, როდესაც საქართველო იქ წარმოდგენილი საერთოდ არ არის.
„პარიზის ცნობილ ყოველწლიურ გამოფენაზე აფხაზეთი მონაწილეობს, მაშინ როცა საქართველო არაა წარმოდგენილი ამ „მსოფლიო ტურიზმის სალონზე“ (17-20 მარტი, ვერსალის საექსპოზიციო პარკი). ფოტოები ფრანგმა მეგობარმა გამომიგზავნა.
საქართველოს მთავრობა | Government of Georgia – „გვესმის, რომ ყველგან და ყოველთვის ვერ მოაწყობთ გამოფენას. ეკონომიკის ზრდას და სამუშაო ადგილებს ვერ მოაბით თავი, მაგრამ მარტივია აფხაზეთის არაღიარების პოლიტიკის განხორციელება ტურიზმსა და სოფლის მეურნეობაში მაინც (მეტი ვერაფრითაა საინტერესო ოკუპირებული ტერიტორია დღეს). ინტერნეტში გუგლი უნდა აკრიფოთ, მერე მოძებნოთ მსოფლიო ტურიზმის ან აგრიკულტურის უდუდესი გამოფენები, 50 მაინც. დასავლეთის და აზიის დიდ ქალაქებში წელიწადში მინიმუმ თითო მსოფლიო მნიშვნელობის ექსპოზიცია იმართება ამ სექტორებში. ბოლოს, მათ უნდა გაუგზავნოთ წერილები, რომ აფხაზეთი იქ არ გააჭაჭანონ. და არ დაგავიწყდეთ – ეს ყოველწლიურად გასაკეთებელია, რადგან ორგანიზატორებს შეიძლება დაავიწყდეთ, გამოფენებზე მილიონობით ხალხი დადის. გარდა ამისა, საქართველოს მიერ გამართულ გამოფენებზე წამსვლელებს – მათ შორის მინისტრებს – უნდა დაავალოთ, რომ ეს სამუშაო ჩაატარონ ადგილზე ყოველი ექსპოზიციისას ორგანიზატორებთან. გასაგებია?“ – წერს კუდავა სოციალურ ქსელში და საქართველოს მთავრობას მიმართავს.
„მეტრონომი“ დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, სადაც განაცხადეს, რომ კომენტარს ამ თემაზე საფრანგეთში საქართველოს საელჩო მოგვიანებით გააკეთებს.
მანამდე კი ჩვენ კოალიცია „ქართული ოცნების“ „რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთ წევრს, დავით ზურაბიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც განგვიცხადა, რომ ეს ფაქტი თავისთავად ძალიან ცუდია, მაგრამ მსოფლიოში უამრავი კერძო ორგანიზაციაა, რომელსაც სახელმწიფო თვალს ვერ მიადევნებს. მისი თქმით, ვერცერთი ხელისუფლების დროს მსგავსი ფაქტების თავიდან არიდება ვერ მოხდება, მაგრამ თუ საუბარია სახელმწიფოზე, მაშინ ეს იქნება საერთაშორისო დონის სკანდალი.
„ყველაფრის გაკონტროლება რთულია, მაგრამ თვალის მიდევნება ალბათ საჭიროა ასეთ ფაქტებზე. თუ შესაძლებელია და მანამდე მოვა ინფორმაცია, უნდა აღიკვეთოს ეს ამბავი. საფრაგეთის მთავრობა შეიძლება არც აკეთებდეს და ეს იყოს რაიმე კერძო ორგანიზაცია, სადაც რუსებს ჰქონდეთ მეტი გავლენა. ამიტომ, თვალის მიდევნებაა საჭირო და თუ ყველაფერს თვალს ვერ მიადევნებ, სადაც მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, მოხდეს მკაცრი რეაგირება. მეორედ არ გააკეთებენ, როდესაც ერთხელ მკაცრ რეაგირებას მოახდენ.
იმის პრევენცია, რომ არსად არასოდეს მსავსი რამ არ მოხდეს, ვერცერთ ხელისუფლების დროს ვერ მოხდება, იმიტომ, რომ მსოფლიოში უამრავლი კერძო ორგანიზაციაა. როდესაც სახელმწიფო აკეთებს ამას, ესაა უკვე საერთაშორისო დონის სკანდალია, მაგრამ ამ შემთხვევაში საუბარია კერძო ორგანიზაციებზე. ქართული სახელმწიფო ამდენ კერძო ორგანიზაციას ბუნებრივია თვალს ვერ მიადევნებს“ – განაცხადა „მეტრონომთან“ დავით ზურაბიშვილმა.
ჩვენ („მეტრონომი“) იმედს ვიტოვებთ, რომ საქართველოს საელჩო საფრანგეთში მოახდენს შესაბამის რეაგირებას და ჩააყენებს საქმის კურსში ფრანგ დიპლომატებს, რომ რაც არ უნდა პატარა, ან დიდი იყოს გამოფენა, როცა მასში მილიონობით ტურისტი იღებს მონაწილეობას და პავილიონში მსხვილი ასოებითაა აღნიშნული აფხაზეთი როგორც რესპუბლიკა, რბილად რომ ვთქვათ, იმიჯს ულახავს საქართველოს.
აქვე აღსანიშნავია და საინტერესოა როგორ რეაგირებას მოახდენს იგივე საფრანგეთის ხელისუფლება და თუ გააკეთებს კომენტარს რომელიმე დიპლომატი, მაშინ როცა თვითაღიარებული რესპუბლიკის დიდი აბრის გამოფენა ევროპის დედაქალაქში პირველ რიგში, არღვევს ნებისმიერი ადამიანის უფლებას იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიულ მთლიანობას თავად საფრანგეთი აღიარებს.