ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„დარწმუნებული ვარ, ოპოზიციური ერთობა შედგება, მე ამაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ” – ნიკა მელია

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მიზეზი გუშინ სებ-ის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას გუშინდელი ბრძანებულებაა.

სიტყვით გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია.

„დღეს მე ვფიქრობ, რომ მთავარი ეპიცენტრი უნდა იყოს ის არენა, სადაც ქართველი ხალხის ხმა იქნება გაგონილი. ტესტი ხელისუფლებამ ჩააბარა ამ პროცესის სახით ბიძინას ერთგულებისა და ქვეყნის ღალატისა.

ჩვენი ტესტი მდგომარეობს იმაში, რამდენად მზად ვართ შევეგუოთ ამ თითქოს სახელმწიფო მოხელეების ბრმა ერთგულებას ივანიშვილისადმი, სადაც ისტორიული არჩევანი ფეხქვეშ ითელება საბოლოოდ. მომავლის პერსპექტივა ამ მოღალატეობრივი ხელისუფლების პირობებში კვდება. აქ უკვე უკან დასახევი არ არის. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა და მკვეთრი დაპირისპირებისა ოპოზიციის ფლანგზე მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ფუნდამენტური საკითხის ირგვლივ ოპოზიციური ერთობა შედგება. მე ამაში აქტიურ მონაწილეობას მივიღებ. ერთობა ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნდა გადავარჩინოთ განადგურებისგან”, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

2 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

იტვირთბა....