ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თურნავას მოვუწოდებ გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება და გადადგეს თანამდებობიდან – მამუკა ხაზარაძე

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მიზეზი გუშინ სებ-ის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას გუშინდელი ბრძანებულებაა.

სიტყვით გამოვიდა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

„პირველ რიგში მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ვიცე-პრეზიდენტებს და თანაშემწეს, რომელიც გადადგა. ეს არის ღირსეული საქმე.

ნათლად გამოჩნდა, რომ ქალბატონი თურნავას გადაწყვეტილება პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვიდა კომერციული ბანკების გადაწყვეტილებასთან.

კომერციულმა ბანკებმა დააფიქსირეს, რომ ისინი გააგრძელებენ საერთაშორისო სტანდარტის დაცვას იმ სანქციების, რომელზეც ჩვენ ხელი გვაქვს მოწერილი ოფიციალურად. სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ ერთ რამეზე, რომ დღეს რაც პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ნანობს ქალბატონი თურნავას დანიშვნას, რა თქმა უნდა სანანებელია და მოვუწოდებ ქალბატონ თურნავას, რომ უახლოეს წუთებში გააუქმოს მიღებული გადაწყვეტილება და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. იმიტომ, რომ ეროვნული ბანკი და საბანკო სექტორი ეს არის ის ინდუსტრია, რომელშიც ინახება ჩვენი პენსიონერების, ოჯახების და ყველა დანაზოგი და მთელი ეკონომიკის, რაც უფრო გაიწელება მისი გადადგომა იმ ფონზე, როცა 4 ვიცე-პრეზიდენტი ბანკს არ ჰყავს, ეს ნიშნავს, რომ უფუნქციო დგება, სასწრაფოდ არის ახლა საჭირო მენეჯმენტის თავიდან დაკომპლექტება, ამიტომ, რაც უფრო გაიწელება ის პირდაპირ საქმეს შექმნის ჩვენი მოსახლეობის ანაბრებს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

2 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

იტვირთბა....