ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ვიცავთ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს” – „ბანკი ქართუ“

„ბანკი ქართუ“ აშშ-ს მიერ დასანქცირებული ყოფილი გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„კლიენტების მომსახურებისას სს „ბანკი ქართუ“ იცავდა და მომავალშიც შეასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს, საერთაშორისო საბანკო შეზღუდვებს და ბანკის შიდა პოლიტიკებით გათვალისწინებულ წესებს.

ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პირების მხრიდან ვრცელდება უპასუხისმგებლო განცხადებები, თითქოს აშშ-ს სანქციების გამოქვეყნების შემდეგ ო. ფარცხალაძის მიერ ბანკ ქართუში განხორციელდა საბანკო ოპერაციები, რაც წარმოადგენს მტკნარ სიცრუეს და არ შეესაბამება სიმართლეს. ეს უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს ბანკი ქართუს დისკრედიტაციას და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგ მცდელობას. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს შეუძლიათ ბანკ ქართუში მარტივად გადაამოწმონ ამ განცხადებების სიცრუე“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

2 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

იტვირთბა....