ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ფაქტი ერთია, ეს ხალხი უნდა წავიდეს. სხვანაირად ეს ქვეყანა რუსეთია“ – ნიკა გვარამია „ოცნებაზე“

საქართველოს ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქცია იწყება.

მიზეზი გუშინ სებ-ის ხელმძღვანელის, ნათია თურნავას გუშინდელი ბრძანებულებაა.

მედიასთან კომენტარი გააკეთა „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ.

„ეს არის საერთაშორისო სანქცია და საერთაშორისო მექანიზმები მოქმედებს, მე შეგახსენებთ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეებს, იქაც ყველაფერი გაუყინეს განაჩენის გარეშე, მინდა გითხრათ, თხოვნა იყო და საერთაშორისო მასშტაბითაც იყო ეს მოთხოვნა. საუბარი სხვა რამეზეა, საუბარი არ არის ფარცხალაძეც კი, რომელიც ახლა რუსეთის აგენტია და ცხადია, საერთაშორისოდ აღიარებულია. საუბარი სხვა ხალხზეა, რომელიც ასევე, როგორც ჩანს, ელოდება სანქციებს და სჭირდებათ წინაპირობები იმისთვის, რომ მათი ანგარიშებიც არ იყოს დაყადაღებული. თუ ვინ იქნება ეს სხვა ხალხი, ამას, სავარაუდოდ, მალე ვნახავთ. ამით არ ვისპეკულირებ. ფაქტი ერთია, ეს ხალხი უნდა წავიდეს. სხვანაირად ეს ქვეყანა რუსეთია, სადაც რუსეთის აგენტებს, ღიად დეკლარირებულებს, რომლებიც უბრალოდ აგენტებად კი არ არიან დეკლარირებული, არამედ გამოცხადებულია, რომ ისინი საქართველოში პოლიტიკას წარმართავენ, პროპაგანდას და ზოგადად, მაყურებლები არიან მთელი რიგი სექტოების, მართლმსაჯულების, პროკურატურის, პარლამენტი მთელი შემადგენლობით იცავს. ეს ხალხი სანამ ხელისუფლებაშია, არაფერი, მეგობრებო, არ გამოვა. რას ვიმსახურებთ, ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი“, – განაცხადა გვარამიამ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სებ-მა საქართველოს მოქალაქეებისთვის გამონაკლისი დაადგინა და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

2 დღის წინ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სებ-მა ანგარიშები გაუყინა, თუმცა მისი ფსბ-ს აგენტობა ამერიკული მხარის მიერაა დადგენილი და არა ქართული სასამართლოს განაჩენის მიხედვით, ამიტომ ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

იტვირთბა....