“თურნავა ივანიშვილთან ერთად ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს” – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა საბა ბუაძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, სებ-ის გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნებაა.
“ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, ის რაც ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ივანიშვილს ის ჰყავს ძალიან მოკლე საბელზე და მეორე, რომ თურნავა ივანიშვილთან ერთად ემსახურება პუტინის რუსეთის ინტერესებს. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პირდაპირ ჩამოშლის რისკის ქვეშ დააყენა საბანკო სექტორი. ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ივანიშვილის ეს ძალაუფლების ინფრასტრუქტურა არ ჩამოიშალოს და ბიძინას მორჩილებაში მყოფმა ადამიანებმა არ შეიგრძნონ ის ძალიან სერიოზული “დამოკლეს მახვილი”, რომელიც სულ უფრო უახლოვდებათ” – აღნიშნა ბუაძემ.
კითხვაზე თუ რა რეაქცია უნდა ჰქონდეს საზოგადოებას საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაზე , პოლიტიკოსმა განმარტა, რომ აუცილებელია მასშტაბური პროტესტი.
“საზოგადოებამ ძალიან სწორი და ერთმნიშვნელოვანი რეაქცია მისცა ამ ყველაფერს. უნდა დავარქვათ თავისი სახელი ამ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და უნდა გავაპროტესტოთ ეს რუსული მმართველობა, რომელიც ყოველდღიურად ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში სულ უფრო მეტად იდგამს ფეხს. ივანიშვილი დღეს არის რუსეთის მთავარი დასაყრდენი საქართველოში.
ეროვნულ ბანკთან დღეს მივდივართ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ რაც მოხდა. მიგვაჩნია, რომ ყველა ვინც პროდასავლურად არის განწყობილი ამ ქვეყანაში უნდა შემოუერთდეს ამ პროტესტს, რომ შევეწინააღმდეგოთ იმ გარუსების პოლიტიკას, რომელსაც ატარებს ეს ხელისუფლება” – განაცხადა საბა ბუაძემ “მეტრონომთან”.
ცნობისთვის, ეროვნულმა ბანკმა გუშინ, 19 სექტემბერს ოთარ ფარცხალაძისთვის გამონაკლისი დაუშვა და საერთაშორისო სანქციების დაწესების მიუხედავად, მას ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.