მთავარი

“არაფერი რომ არ გააკეთოთ უკეთესი იქნება და იქნებ, რაღაც პაუზა ავიღოთ” – რაქვიაშვილი “ოცნებას”

“არაფერი რომ არ გააკეთოთ უკეთესი იქნება და იქნებ, რაღაც პაუზა ავიღოთ” – პარტია “გირჩის” წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა “ქართულ ოცნებას” მიმართა.

“მინდა მივმართო „ქართული ოცნების“დეპუტატებს – არის ხოლმე ვითარება, როდესაც სწორი გადაწყვეტილების მიღება ძალიან მარტივია. საკმარისია, უბრალოდ, არაფერი გააკეთოთ და უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ის, რასაც აკეთებთ. რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ, „თავდაცვის კოდექსი“ რომ ავიღოთ – ნახევარი წელია წვალობთ და იმდენად საშინელი კანონია, რომ ვერცერთ დისკუსიაში ვერ შემოხვედით და სულ ტყუილებით იცავდით თავს. ბოლოს პროცედურული ომი დაიწყო 88-კაციანმა უმრავლესობამ 4 დეპუტატის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ შეძელით დისკუსიაში დაგეცათ პოზიცია და მხარს არავინ გიჭერთ ამ პარლამენტში.
ახლა აპირებთ კანონის განხილვას, რომელიც რეგლამენტის სრული ცინიკური დარღვევაა, რომელსაც არანაირი შინაარსი არ ექნება და ამით, თუ რამე რეპუტაცია დარჩა პარლამენტს, იმასაც აკნინებთ, იმ რეგლამენტს, რომელსაც ოდესღაც თქვენ ასეთ პატივს სცემდით. ხომ ჯობია, რომ არაფერი გააკეთოთ, უკეთესი იქნება. კანონებს რომ შევეშვათ, თქვენივე პრემიერი ისე დაიცავით, რომ სასაცილო გახადეთ. სერიოზულად გვიმტკიცებდით: ღატაკი პრემიერი გვყავს, რომელსაც მამა არდადეგებს უფინანსებს. ამას ამტკიცებდით და ხომ სჯობდა, რომ არაფერი გეთქვათ, უკეთესი ხომ იქნებოდა?! ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ რასაც აკეთებთ, ყველაფერი ცუდი გამოდის, ყველაფერი უარესობისკენ მიდის და სულ მცირე, არაფერი რომ არ გააკეთოთ უკეთესი იქნება და იქნებ, რაღაც პაუზა ავიღოთ. ყველა წავიდეთ სახლში, ოჯახთან დრო გავატაროთ და თქვენი კანონები არ მივიღოთ იმიტომ, რომ ამისგან მერე არაფერი კარგი არ გამოდის. შემდეგ ამ შეცდომების გამოსწორება თქვენ გიწევთ. ეროვნული ბანკი არაკონსტიტუციურად იქცევაო. თურნავა რომ დაგენიშნათ დე-ფაქტო თავი ხომ მოიკალით, ამისთვის კანონი შეცვალეთ და მთელი ამბავი იყო და ახლა გამოდის, რომ თქვენივე არჩეული საბჭო, რომელიც ასი პროცენტით თქვენ გემორჩილებათ, კონსტიტუციას არღვევს, თქვენს კონსტიტუციას? ეს როგორ გამოვიდა საერთოდ? ხომ ისევ და ისევ თქვენი პრობლემაა ეს?! უკეთესი იქნება თქვენთვისაც, ჩვენთვისაც, ქვეყნისთვისაც, რომ საკანონმდებლო საქმიანობაში პაუზა ავიღოთ, ცოტა ხანი დავისვენოთ და იქნებ, გაიაზროთ თქვენი ქცევა“ -განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

იტვირთბა....