„მეტრონომი“ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლის, აღნიშნულ სტატუსთან მიმართებით მოლოდინებისა და „ქართული ოცნების“ პოზიციონირების შესახებ პარლამენტის წევრს, თეონა აქუბარდიას ესაუბრა.
აქუბარდიას თქმით, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის როლი გადამწყვეტი ვერ იქნება, რადგან რეკომენდაციები „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შეასრულოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილს ამ პროცესში შეუძლია დადებითი როლის თამაში.
თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ ზურაბიშვილმა უნდა დაარწმუნოს გადაწყვეტილების მიმღები დასავლელი ლიდერები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში და ის ამას აკეთებს.
რაც შეეხება მოლოდინებს, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატის თქმით, მიუხედავად „ქართული ოცნების“ მხრიდან ხელის შეშლის მცდელობისა, სწორი გზავნილებითა და არგუმენტაციებით, გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში პრეზიდენტის როლი გადამწყვეტი ვერ იქნება. აქ მთავარია 12 რეკომენდაცია, რომელიც უნდა შეასრულოს უმრავლესობამ, პარლამენტმა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ გატარდეს მართლმსაჯულების რეფორმა, მოხდეს დეპოლარიზაცია და ა.შ.
პრეზიდენტს კი, თავისი ავტორიტეტის გამოყენებით, შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, რომ ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, დაარწმუნოს ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში. მე ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი ამას აკეთებს.
რაც შეეხება სტატუსს, მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების შესრულებით ვერ დავიკვეხნით, მე მაინც მაქვს იმედი, თუ კიდევ რამე უბედურებას არ მოიგონებს „ქართული ოცნება“ და ახალ ბარიერს არ შექმნის, რომ ამ გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ იქნება მიღებული.
ამისთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ვიზიტები დასავლეთში, მის მიერ დასავლეთის ლიდერებთან არგუმენტების წარდგენა და მათი დარწმუნება, რომ სტატუსი საქართველოსთვის აუცილებელია.
სტატუსის მინიჭების მიმართულებით, ერთადერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი „ქართული ოცნებაა“. იქნება ეს მათი მხრიდან ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების მცდელობა, 12 რეკომენდაციის შეუსრულებლობა, პოლარიცაზიის გაღვივება, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის წამოწევა და ა.შ.
მიუხედავად ამისა, პრეზიდენტისა და მათ შორის, საპარლამენტო დიპლომატიის აქტიური ჩართულობით, რომლის წევრი მეც ვარ, სწორი გზავნილებითა და არგუმენტაციით, სტატუსის მინიჭების საკითხში დადებითი როლის შეტანა შესაძლებელია.
სხვათა შორის, ამ მხრივ, „ოცნებას“ ჯერ კიდევ აქვს თავის არსენალში უბედურებები, რომლებითაც შეუძლია ხელი შეუშალოს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას. თუნდაც რუსეთთან ფრენების აღდგენა ამის ერთ-ერთი მაგალითია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.