ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კახა კალაძეს რაიმე არაკანონიერი გაეკეთებინოს” – კალაძე

თბილისი მერმა, კახა კალაძემ, სამთავრობო ბორტით სარგებლობასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, თვითმფრინავით სარგებლობისთვის პირადი თანხა გადარიცხა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს წაადგება.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ჩემი ყველა ხარჯი მითითებულია დეკლარაციაში. ასე რომ, მცდელობა, საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში, ნამდვილად არ გამოგივათ. მე არაფერი მაქვს დასამალი და რაც არ უნდა ჩხრიკოთ, ეძებოთ, ვერაფერს ნახავთ ისეთს, კახა კალაძეს რაიმე არასწორი, არაკანონიერი, კანონის საწინააღმდეგო ჩაედინოს და გაეკეთებინოს. ნებისმიერი თვითმფრინავის დაქირავების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა იმ შემთხვევაში, გამოვიყენე კონკრეტულად აღნიშნული შესაძლებლობა, რაც ისევ და ისევ ბიუჯეტისთვის არის ძალიან კარგი. ვინც ერკვევა და იცის – თვითმფრინავი დაფრინავს თუ არ დაფრინავს, მას აქვს კონკრეტული ხარჯები: პილოტები, თვითმფრინავის შენახვა და ა.შ. შესაბამისად, როცა ვიქირავე თვითმფრინავი, ეს პირიქით, სახელმწიფოს უმცირებს ხარჯებს, რადგან მომსახურებისთვის ჩემი საკუთარი თანხა გადავრიცხე, რომელიც დარწმუნებული ვარ, თვითმფრინავის შენახვის, გამართულობისა და მოწესრიგებისთვის იქნება გამოყენებული“, – განაცხადა კალაძემ.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რატომ არაა გასაჯაროებული აღნიშნული მომსახურების თანხა, რაზეც მერი ამბობს, რომ პირადი ხარჯების გასაჯაროების ვალდებულება არ აქვს, თუმცა თუ ვინმეს ამასთან დაკავშირებით კითხვები აქვს, ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან უნდა გადაამოწმოს.

„თანხა მითითებულია პირად ხარჯებში. უამრავი პირადი ხარჯი მაქვს, რომელიც წარმოდგენილია დეკლარაციაში, ეს თანხები კი მიდიოდა ბიუჯეტში. ძალიან მარტივია ამაზე ინფორმაციის მიღება. თქვენ არ მიგიმართავთ შესაბამისი სამსახურისთვის და წევთ პანიკას, რომ არ გაქვთ ინფორმაცია. თუ არ მიმართეთ, რა ინფორმაცია გექნებათ? მე არ მაქვს ვალდებულება, პირადი ხარჯები გავასაჯაროო იმიტომ, რომ თქვენ მაბრალებთ რაღაცას და თქვენ გაქვთ ვალდებულება, დაამტკიცოთ ის, რასაც ამბობთ“, – აღნიშნა მერმა.

შეგახსენებთ, კალაძემ 15 სექტემბერს თქვა, რომ სამთავრობო ბორტით პირადი ფრენისთვის მასაც უსარგებლია.

იტვირთბა....