ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლელოს” თანამშრომლობა წარმოგვიდგენია “დროასთან”, “გირჩთან”, ნიკა გვარამიასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან – კუპრაძე

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ, „პალიტრის“ ეთერში ოპიზიციურ პარტიებსა და აქტორებს შორის შესაძლო თანამშრომლობის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, „ლელოს“ თანამშრომლობა წარმოუდგენია “დროასთან”, “გირჩთან”, ნიკა გვარამიასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან.

„როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა? ეს უნდა მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” და “ქართული ოცნების” ორპარტიული პოლარიზების მიღმა არსებული, გაძლიერებული მესამე ალტერნატიული ცენტრით, რეალური ალტერნატიული ცენტრით. ეს უნდა გაკეთდეს იმ პოლიტიკური სახეებით, მათ შორის არაპოლიტიკური სახეებით, პოლიტიკური სუბიექტებით, რომელთა მიმართაც არ არსებობს მძიმე პოლიტიკური შეკითხვები და წარსული. ყველა, მინუს “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. აქ არის მნიშვნელოვანი დათქმები – შინაარსობრივი თანხვედრა და ლაიტმოტივად პროდასავლურობა უნდა გასდევდეს მთელ ამ პროცესს, იმიტომ, რომ ეს არის გამოსავალი და ყველა მსგავსი ერთობა საზოგადოებასთან უნდა იყოს შეთანხმებული.

ამ ეტაპისთვის, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ვატარებთ ეროვნულ კვლევებს, რომელიც გვიპასუხებს, რა უნდა საზოგადოებას, როგორ და ვისთან ერთად წარმოუდგენია “ლელო“ – “დროასთან” და “გირჩთან” ერთად, წარმოუდგენია ნიკა გვარამიას რაიმე ტიპის სამოქალაქო მოძრაობასთან, ნინო ლომჯარიასთან, სალომე ზურაბიშვილთან, ანა დოლიძესთან… რა არის საზოგადოების დაკვეთა, ყოველთვის ვეკითხებით საზოგადოებას. ამ კვლევებს ვატარებთ და ველოდებით შესაბამის პასუხებს და შემდეგ ეს იქნება აღსრულებული,“ – განაცხადა კუპრაძემ.

მისივე თქმით, ე.წ. მესამე ძალის ჩამოყალიბების საკითხზე კომუნიკაცია ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან უკვე აქვთ.

“კომუნიკაცია არსებობს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და ჯგუფთან, მაგრამ ამ კომუნიკაციას არ აქვს რაიმე ტიპის შეთანხმების წინაპირობები ამ ეტაპისთვის. ერთადერთი, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ პოლიტიკური ჯგუფების მიღმა საზოგადოება და მედია ხედავდეს მათ შორის საზოგადოებრივ სახეებს, ავტორიტეტებს. მათი მხრიდან არის მზაობა და დაშვება იმისა, რომ არაპარტიულ, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში იქნებიან ჩართული. ისინი ნათლად ხედავენ, რომ ამ ქვეყნისთვის დგება ისტორიულად გადამწყვეტი მომენტი,” – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

იტვირთბა....