ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ბოლო თვეებია, ოკუპანტები თავიანთი საგუშაგოების ირგვლივ სასანგრე სისტემებს აკეთებენ“ – დავით ქაცარავა კონფლიქტის ზონიდან

რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონაში, შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, „მეტრონომი“ სამოქალაქო აქტივისტს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერს, დავით ქაცარავას ესაუბრა.

დავით ქაცარავამ მოგვაწოდა ინფორმაცია ოკუპანტების ბოლოდროინდელი მოქმედებების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული მდგომარეობისა და ამ ყველაფერთან მიმართებით, ხელისუფლების პოლიტიკის შესახებ.

„ბოლო პერიოდში რუსები საკმაოდ გააქტიურდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პირადი შემადგენლობა, როგორც მინიმუმ, განახევრებულია და ტექნიკის კუთხითაც ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ.

რასაც ბოლო თვეებში ვაკვირდებით, ისინი, დაახლოებით მარტი-აპრილიდან, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ მდებარე საგუშაგოების ირგვლივ აკეთებენ სასანგრე სისტემებს. ავტობანთან ახლოს, ერთ-ერთ საგუშაგოსთან, რომელიც ხურვალეთი-ოჭოსანის მონაკვეთს უყურებს, სტაციონარული, გამაგრებული სანგრები კეთდება. ამასთან ერთად, რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირეთ ჩასაფრება, რომელიც დიდი ალბათობით, გამზნული იყო ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებისათვის. ეს იყო დოლომიტების საბადოს მიმდებარედ, ქარელის რაიონის სოფელ აბანოში. ეს ჩვენი საფუძვლიანი ვარაუდია, რომელიც მყარდება იმით, რომ როგორც კი დაგვინახეს, მაშინვე დატოვეს ტერიტორია და გადავიდნენ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში და იქიდან დაიწყეს დაკვირვება.

რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, სამწუხაროდ, ის არ ან ვერ უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა ძალიან დაუცველად გრძნობს თავს. გატაცებები და ბორდერიზაცია გრძელდება. ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ბორდერიზაციის 14 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, საზოგადოებამ კი მხოლოდ 2 შემთხვევის შესახებ გავიგეთ. ეს ცხადჰყოფს იმას, რომ ხელისუფლება ფაქტებს მალავს, არ ასაჯაროებს და ქმნის ინფორმაციულ ვაკუუმს.

ამჟამად საქართველოში წარმოდგენილია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, რომელიც გეგმაზომიერად პატრულირებს, ატარებს მონიტორინგს ოკუპაციის ხაზთან. სამწუხაროდ, მისი სადამკვირვებლო მანდატი ძალიან შეზღუდულია. მისიის წარმომადგენლები დადიან, აკვირდებიან და რეპორტებს აგზავნიან ბრიუსელში. ისინი აქტიურად ვერ ერთვებიან საინფორმაციო კამპანიაში და იშვიათად აკეთებენ რაიმე ტიპის განცხადებებს. ამდენად, მათ აქ ყოფნას, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, სამწუხაროდ, მანდატიდან გამომდინარე, არ აქვს დიდი ეფექტი.

ზოგადად, საოკუპაციო ხაზთან უცხოელი დიპლომატები უფრო ხშირად ჩადიან, ვიდრე ქართველი ჩინოვნიკები, რომელთა პირდაპირი მოვალეობაცაა იქ ყოფნა და მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი გაჭირვების გაზიარება. ხელისუფლების წარმომადგენლები, ფაქტობრივად, არც ჩნდებიან საოკუპაციო ხაზთან თუ არ ჩავთვლით წინასაარჩევნო პერიოდს, როცა ისინი დადიან და ცდილობენ ხმების ყიდვას, დაშანტაჟებას და ა.შ.“ , – განაცხადა დავით ქაცარავამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....