ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უკრაინის გამარჯვების შემდეგ, მსოფლიოს ახალ გადანაწილებაში, „ქართული ოცნების“ ადგილი არ იქნება“ – გია ხუხაშვილი

ამჟამად ქვეყანაში ორი თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხი დგას.

„ქართულმა ოცნებამ“, კონსტიტუციის დარღვევის ბრალდებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი დაიწყო, პარტია „ლელომ“ კი, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერის მერე, მისი იმპიჩმენტის ინიციატივა წამოაყენა.

ამასთან დაკავშირებით „მეტრონომი“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ხუხაშვილის თქმით, ეს არ არის პოლიტიკური პროცესი, არის ქარიშხალი ჭიქაში, სანახაობა, რომელიც ყაიმით დასრულდება.

ის თვლის, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესის მთავრი განმსაზღვრელი იქნება რუსეთ-უკრაინის ომი. უკრაინის გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო ახალ გადანაწილებაში, „ქართული ოცნების“ ადგილი, უბრალოდ, აღარ დარჩება.

[su_quote] მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღალი განცხადებები კეთდება და ხმაურიანი გეგმები ისახება, მე ამას პოლიტიკურ პროცესს ვერ დავარქმევდი, იმიტომ რომ არცერთ მათგანს არ ექნება ისეთი დასასრული, რასაც მხარეები აჟღერებენ.
ორი თემა – პრემიერის და პრეზიდენტის იმპიჩმენტები – არის უპერსპექტივო. ეს არის მორიგი ქარიშხალი ჭიქაში. ჩვენთან ასეთი პროცესები მთავრდება ფრედ. ორივე მხარე დარჩება თავის აზრზე და თავისი ელექტორატის ამარა. ამდენად, რეალურად არაფერი არ იცვლება. ეს უბრალო მუშტი-კრივია, სადაც სახელმწიფო ინტერესი ადგილი არ არის. ჩვენ, ფაქტობრივად, დავრჩით ამ სანახაობის ამარა. როცა მოქალაქეებს პურს ვერ აძლევ, უნდა აჩვენო სანახაობა.

რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი საკითხია კანდიდატის სტატუსის საკითხი, მაგრამ მთავარი განმსაზღვრელი იქნება რუსეთ-უკრაინის ომი. ეს ომი არ არის მხოლოდ რუსეთ-უკრაინის დაპირისპირება, არამედ გლობალური, მსოფლმხედველობრივი კონფლიქტია. ომის შემდეგ ჩვენ მივიღებთ ახალ მსოფლიო გადანაწილებას. სამყარო თავიდან დალაგდება. მართალია, არ ვიცით როდის დასრულდება, მაგრამ თუკი სიტუაცია გადაიტეხა, გასაგებია, რითაც დასრულდება. საერთოდ, გრძელვადიანი ომები რესურსების ომებია. ბუნებრივია, რუსეთთან შედარებით, დასავლეთის რესურსი განუსაზღვრელია. ამდენად, ამ ომის შედეგების პროგნოზირება სირთულეს არ წარმოადგენს.

საკითხავია, როდის მოხდება ეს, საქართველოში არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. თუმცა მაღალი ალბათობით, საქართველოში არჩევნებამდე ომის ტენდენციები უკვე გამოკვეთილი იქნება. ის, რომ რუსეთი მარცხდება, გასაგები გახდება, მათ შორის, ჩვეულებრივი მოქალაქისთვისაც.

ამის შემდეგ კი, ოპოზიცია საერთოდაც რომ გაქრეს საქართველოში, „ქართული ოცნების“ ადგილი ხელისუფლებაში ფიზიკურად აღარ დარჩება. მსოფლიო ახალ გადანაწილებაში ასეთი ძალის ადგილი, უბრალოდ, არ იარსებებს. [/su_quote]

– განაცხადა გია ხუხაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა. დღეს ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მიუნხენში ფრენის ღირებულება ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, ის ევროპაში კანდიდატის სტატუსის საკითხთან დაკავშირებით, მთავრობის უარის მიუხედავად გაემგზავრა. „ქართულმა ოცნებამ“ კი განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია და იმპიჩმენტის პროცესი დაუწყო.

იტვირთბა....