ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს არის რაღაც „ბეზპრიძელური“, ზღვარგადასული, მენტალური კატასტროფა“ – თამარ ჩარკვიანი ღარიბაშვილზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერის შესახებ „მეტრონომი“ პარლამენტარს, „კანონი და სამართლის“ ლიდერს, თამარ ჩარკვიანს ესაუბრა.

ჩარკვიანის თქმით, ეს მოქმედება არის რუსული ტიპის ფეოდალური მმართველობის შედეგი, პრემიერი კი ინფანტილურ მდგომარეობაში იყენებს თავს და არ შეიძლება ასეთი ადამიანი იყოს ქვეყნის პირველი პირი.

მისი აზრით, ღარიბაშვილის საქმე აუცილებლად გამოსაძიებელია.

[su_quote] ჩვენთან საუბარში პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ ის არ ემხრობა პრეზიდენტის იმპიჩმენტს, რადგან აქ პოლიტიკური შევიწროების ნიშნებია მისი განცხადებების გამო, მაგრამ, მეორე მხრივ, პრეზიდენტს არაფერი უთქვამს ღარიბაშვილის სკანდალური ჩარტერისა და სააკაშვილის „პიჯაკების საქმის“ შესახებ. ეს კი ორმაგი სტანდარტია.

ჩარკვიანმა ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში არიან კონფორმისტები, რომლებზეც დგას ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.

ჩვენ ღარიბაშვილს პერსონალურად ხომ არ ვაცივდებით. მისი ეს მოქმედება არის რუსული ტიპის ფეოდალური მმართველობის შედეგი. რუსულ სიტყვას განზრახ გამოვიყენებ – ეს არის რაღაც „ბეზპრიძელური“, ზღვარგადასული, აღვირახსნილი, მენტალური კატასტროფა, სიმახინჯე.

საუბარია პრემიერის იმპიჩმენტზე. განა არ ვიცი, რომ ამისთვის საკმარისი ხმები არ გვაქვს? მაგრამ ეს ხომ არ არის აქ უმთავრესი. ამაზე გამოძიება ხომ უნდა დაიწყოს? საზოგადოებას რეაქცია ხომ უნდა ჰქონდეს? ეს ხომ სამოქალაქო საზოგადოების თანხაა? პენსიონერმა მამამ 34 000 გადაუხადაო – ეს არის საზოგადოების აგდება. არც სცხვენია, რომ ასეთ ინფანტილურ მდგომარეობაში იყენებს თავს. შეუძლებელია, რომ ქვეყნის პირველი პირი ასეთი ინფანტილური იყოს.

ასევე მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ნუნუკა თამაზაშვილის დაბადების დღეს. კი ბატონო, იუბოლე ყველას ჰქონია და აღუნიშნავს, მაგრამ ან პროტოკოლი სად არის, ან მრჩეველი, ან ცენზურა? ბოლობოლო, პირველი პირის მეუღლე ხარ. სულ ახლახანს იყო შოვისა და გურიის ტრაგედიები. რაღაც ხომ არსებობს? შეიძლება, კანონი მორალის გარეშე იყოს? ადამიანებს არ სცემენ პატივს.

პრემიერისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტების საკითხს ერთ სიბრტყეზე ვერ დავდებთ, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილის შემთხვევაში სახეზეა პოლიტიკური შევიწროების ნიშნები ევროინტეგრაციაზე საქართველოსთვის სასიკეთო მისი განცხადებების გამო. ცხადია, მე არ ვემხრობი პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

რაც შეეხება ღარიბაშვილს, მისი საქმე გამოსაძიებელია. ხომ ვნახეთ, ნინო გიორგობიანი სხვა განცხადებას აკეთებდა, თამაზ გაიაშვილი – სხვას. ამდენად, იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმებს მივიღებთ თუ არა, ამაში კი არაა საქმე, გამოძიება რომ დაიწყოს, ამისთვის ხომ გვეყოფა?

მაგრამ ოპოზიცაში არიან ადამიანები, რომლებიც უკვე აჟღურტულდნენ, მაგალითად ელისაშვილი, გადაეფარნენ პრემიერის ჩარტერის გამოძიების საკითხს. სააკაშვილის „პიჯაკების“ საქმე ამას არ ეხება?

აი, ამ დროს ხდება ლუსტრაცია.

მე გუშინ დავწერე სტატუსი ზურაბიშვილზე, რომ პრეზიდენტო, თქვენ რას აკეთებთ იმისთვის, რომ ხალხმა პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივი სცეს?

რატომ არ ამოიღო ზურაბიშვილმა ღარიბაშვილის სკანდალურ ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით? სააკაშვილთან მიმართებით ბრალდებების სჯერა? ან მთავრობის მიერ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით მის საწინააღმდეგოდ წამოყენებული ბრალდების სჯერა?

ეს ორმაგი სტანდარტი არ შეიძლება.

რაც შეეხება ოპოზიციას, მის რიგებში, გარკვეულწილად, ადგილი აქვს კონფორმიზმს, თუმცა ბრძოლას მაინც იდეალისტები იგებენ. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება კონფორმისტებზე დგას. ზოგადად, არადემოკრატიული ხელისუფლების მხრიდან გარიგება სწორედ კონფორმისტებთან წარმოებს. სამწუხაროდ, ასეთები არიან დღევანდელ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. [/su_quote]

– განაცხადა თამარ ჩარკვიანმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა. დღეს ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მიუნხენში ფრენის ღირებულება ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

იტვირთბა....