ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„თუკი ოპოზიციას „ოცნების“ დამარცხება უნდა, ამისთვის რეპუტაციაშერყეული ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობაზე საუკეთესო ვარიანტია“ – იაგო ხვიჩია

ამჟამად ქვეყანაში ორი პოლიტიკური თანამდებობის პირის იმპიჩმენტის საკითხი დგას. მმართველმა პარტიამ დაიწყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესი, „ლელო“ კი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისას იწყებს.

აღნიშნულ იმპიჩმენტებთან დაკავშირებით „მეტრონომი“ „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას, ესაუბრა.

ხვიჩიამ განაცხადა, რომ არცერთ იმპიჩმენტს მხარს არ უჭერს და თითოეულთან მიმართებით საკუთარი არგუმენტები დაასახელა.

[su_quote] ჩვენ, სხვადასხვა არგუმენტებით, არცერთ იმპიჩმენტს არ ვუჭერთ მხარს. პრეზიდენტის შემთხვევაში სრულიად გაუგებარია, რა საჭიროა იმპიჩმენტი „ქართული ოცნების“ გადასახედიდანაც კი, არათ სხვისი მხრიდან. იმ ვითარებაში, როცა პრემიერი პირადი მიზნებით დაფრინავს ევროპაში, პრეზიდენტი კი პირადი ხარჯებით სახელმწიფო საქმეებზე დადის ევროპაში, როგორ შეიძლება ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საფუძველი იყოს ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაასახელა. ამ რეალობაში, ისინი ამ საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვანენ და მგონია, რომ შუა გზაში დანებდებიან.

რაც შეეხება პრემიერის იმპიჩმენტს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუკი ოპოზიციას „ქართული ოცნების“ დამარცხება უნდა, ამისთვის რეპუტაციაშერყეული ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობაზე საუკეთესო ვარიანტია.

ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც არაფორმალურ მმართველად მიიჩნევ, თხოვდე, რომ ერთი პრემიერი მეორეთი შემიცვალე, იმიტომ რომ ამას ცუდი ხასიათები აქვსო, ჩემთვის გაუგებარია.

მთავარი არგუმენტი მაინც ისაა, რომ პრემიერის იმპიჩმენტის პროცესი არ გამოვა „ქართული ოცნების“ გარეშე, ამიტომ ამ შემთხვევაში გამარჯვებული ღარიბაშვილი გამოვა იმ გაგებით, რომ მისი იმპიჩმენტი ვერ მოხერხდება. ეს რაში სჭირდება ოპოზიციას, ჩემთვის გაუგებარია. [/su_quote]

– განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მთავარ არგუმენტად „ქართულმა ოცნება“ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დაასახელა. ღარიბაშვილის მთავრობამ ზურაბიშვილის ევროპაში გამგზავრებისა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით შეხვედრების გამართვის ნება არ მისცა, თუმცა ის მაინც წავიდა, რითაც, „ოცნების“ თქმით, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

რაც შეეხება პრემიერის იმპიჩმენტს, ეს ინიციატივა ნოდარ მელაძის „შაბათის ეთერის“ სკანდალურ სიუჟეტს მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, პრემიერმა სდსს-ს ბალანსზე არსებული თვითმფრინავი კერძო ვიზიტისთვის, მიუნხენში ჩასასვლელად, გამოიყენა.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.

ხვიჩიას ასევე ვკითხეთ ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებზე.

„ოპოზიციამ ჯერ უნდა მიხედოს საკუთარ თავს. ოპოზიციას აქვს თავისი საშინაო დავალება: ხალხს უთხრას, ეს მთავრობა რომ არ მოგვწონს, რას სთავაზობს უკეთესს, ანუ რა შეიცვლება მაშინ, როცა ქოცები არ იქნებიან ხელისუფლებაში.

როცა ოპოზიცია ამ დავალებას შეასრულებს, მერე რაც უნდა ის გააკეთოს, უნდა პრემიერი დაიბაროს პარლამენტში და ა.შ.

ამასთან, საზოგადოებამ უნდა უთხრას პოლიტიკურ სპექტრს, რა სურს მას“, – გვითხრა მან.

იტვირთბა....