ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ლელო“ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციას ითხოვს

პარტია „ლელო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, იმპიჩმენტის ინიციატივით გამოვიდა.

პარტიის პოლიტიკური მდივანის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების პარალელურად, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან სამთავრობო თვითმფრინავით სარგებლობასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციას ითხოვენ.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ფაქტებთან დაკავშირებით, „ლელო“ გამოვიდა ინიციატივით, რომ საჭიროა პრემიერის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. გუშინ მთავრობის წევრები და რუსული ოცნების წარმომადგენლები, მთელი დღის განმავლობაში, საზოგადოებას ატყუებდნენ, რომ, თითქოს, პრემიერ-მინისტრის ოჯახის მიერ, სამთავრობო თვითმფრინავის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება პრობლემას არ წარმოადგენს. არ წარმოადგეს, იმიტომ, რომ თანხები, რომელიც ამაში დაიხარჯა არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ეს თანხები არ იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაღებული, მაშინ საქმე გვაქვს პრემიერ-მინისტრის მხრიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებასთან. შესაბამისად, იმის პარალელურად, რომ დღეს ჩვენ ვამზადებთ იმპიჩმენტის შესაბამის პროცედურას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია. დღეს ოფიციალურად მივმართავ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს. გვაინტერესებს ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას; გვაინტერესებს პირველად მოხდა თუ გასული 5 წლის განმავლობაში იყო სხვა შემთხვევები, როდესაც ღარიბაშვილმა ისარგებლა სახელმწიფო რესურსებით საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ და საკუთარი მიზნებისთვის; გვაინტერესებს ვინ გადაიხადა ამ სამთავრობო თვითმფრინავის ქირაობის ღირებულება ანუ ვინ არის ის პირი,რომელმაც, სავარაუდოდ, ქრთამი შესთავაზა პრემიერ-მინისტრს. ყველა ეს შეკითხვა საჭიროებს უსწრაფეს პასუხს. მგონი, საზოგადოებას კარგად ესმის, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული, მექრთამე პრემიერი, მაგრამ ჩვენ ასევე გვჭირდება ვიცოდეთ, ვინ მონაწილეობს კორუფციის მეორე მხარეს. კორუფციას ყოველთვის ჰყავს როგორც ამღები, ასევე მიმცემი. ჩვენ. „ლელოს“ მიგვაჩნია, რომ სახეზეა სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული. ვისაც სჯერა, რომ ის პროკურატურა, რომელიც მთლიანად კონტროლდება ბიძინა ივანიშვილის მიერ, გამოიძიებს და დაადგენს სიმართლეს ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების შესახებ, ცხადია, შეუძლია მიმართოს პროკურატურას, ჩვენ გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ – პასუხი შეკითხვებზე და კორუმპირებული პრემიერ -მინისტრი არ აგრძელებდეს საქმიანობას საკუთარ თანამდებობაზე“,- განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.

იტვირთბა....