ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს მგზავრობა არ ყოფილა დაკავშირებული არც გართობასთან და არც რაიმე პირად საქმეებთან“ – რას იხსენებს თემურ ჯანაშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, პარლამენტის წევრი თემურ ჯანაშია სოციალურ ქსელში ახალ პოსტს აქვეყნებს.

ჯანაშია გამოეხმაურა პარალელს 2005 წელს სააკაშვილის გერმანიაში სამკურნალოდ წასვლის დაფინანსებასა და 2023 წლის აგვისტოში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის პირადი საქმისათვის მიუნხენში ფრენას შორის.

„2005-ში პრეზიდენტმა მარჯვენა ხელის მძიმე ტრამვა მიიღო, ღუდუშაურში უშედეგო სამედიცინო ჩარევის შემდეგ, ქართველი ექიმების რეკომენდაციით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრეზიდენტი საოპერაციოდ გადაგვეყვანა დრეზდენში, წინააღმდეგ შემთხვევაში იყო სახსრის მოძრაობის შეზღუდვის საშიშროება.
ოპერაციის შემდეგ საჭირო გახდა ცხვირის ნიჟარებზე რადიოტალღებით გარკვეული პროცედურის ჩატარება.
ეს მგზავრობა არ ყოფილა დაკავშირებული არც გართობასთან და არც რაიმე პირად საქმეებთან. ამ მგზავრობის პრემიერ ღარიბაშვილის ამერიკულ არდედეგებთან დაკავშირება სრულიად უადგილოა“, – წერს ის.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ პირადი საქმეებისთვის ბიუჯეტს წინა მთავრობა იყენებდა და მაგალითად თემურ ჯანაშიას მიერ ზემოაღნიშნული ამბავი მოჰყავთ.

იტვირთბა....