ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იმპიჩმენტის ნაცვლად დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და დავუსვათ კითხვები, რომლებიც ხალხს აქვს – ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეები“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამისთვის ოპოზიციას საკმარისი ხმები არ აქვს, ამიტომ იმპიჩმენტის თემა არასერიოზულია.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ამის ნაცვლად ოპოზიციამ ღარიბაშვილი პარლამენტში უნდა დაიბაროს და დაუსვას კითხვები, რომლებიც ხალხს აქვს.

„როცა იცი, რომ საკმარისი ხმები არ გვაქვს, ამ პროცესის დაწყებას უბრალოდ რა აზრი აქვს?! როცა ძლივს 50 ხმა გვაქვს ოპოზიციაში და ამ საქმეს 76 ხმა სჭირდება, „ქართული ოცნების“ დეპუტატების იმედზე ვართ, რომ საკუთარი პრემიერის წინააღმდეგ ხმას მისცემენ, თუ რას ემსახურება ეს არასერიოზული რამ, ვერ ვხვდები! ამის ნაცვლად, სწორი იქნება დავიბაროთ ღარიბაშვილი პარლამენტში და ის კითხვები დავუსვათ, რაც ხალხს აქვს, თუ რანაირად მოხდა ეს პენსილვანიაში გასეირნება. კი ბატონო, დავუჭერ მხარს იმპიჩმენტს, მაგრამ რომ არ გამოვა ეს იმპიჩმენტი? წინასწარ წაგებულ თამაშში რატომ შევდივართ, ამას ვერ ვხვდები,“ – განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, „ლელომ“ პრემიერის იმპიჩმენტის საკითხი მას შემდეგ დააყენა, რაც ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.

იტვირთბა....