ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სად გინახავთ საქართველოში სიტყვის აკრძალვა 2012-ის მერე“ – ქეთი დოლიძე

საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ნოდარ მელაძის „შაბათის ეთერში“ გასულ სკანდალურ სიუჟეტს გამოეხმაურა.

ოქიტაშვილი თავის პოსტში საქართველოს პარტლამენტს ცილისწამების კანონის შემოღებისკენ მოუწოდებდა, რაც მისი აზრით, მედიის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას დასჯადს გახდის.

აღნიშნულ პოსტს გამოეხმაურა რეჟისორი ქეთი დოლიძე. „როდემდეეე?!?!“, – წერდა ის.

„მეტრონიმი“ ქეთი დოლიძეს ცილისწამების კანონის შემოღებასა და მასთან დაკავშირებული შესაძლო შედეგების შესახებ ესაუბრა.

რეჟისორის თქმით, ეს კანონი ცილისწამებისთვის დასჯიდა ისეთ აღვირახსნილ ვაიპოლიტიკოსებს, როგორც შალვა ნათელაშვილია.

დოლიძემ განაცხადა, რომ ამ კანონის შემოღება არ იქნება არანაირი თავისუფალი სიტყვის აკრძალვა.
მან აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში სიტყვა არ აკრძალულა და ამის მაგალითი სოციალური ქსელები და ტელევიზიებია.

[su_quote] პირველ რიგში, შალვა ნათელაშვილი წავა ვირის აბანოში. ნათელაშვილი ადამიანებს ამუნათებს, ცილს სწამებს. გარდაცვლილ მამაჩემსაც კი გადასწვდა, რა თქმა უნდა, სრულიად უსამართლოდ და აი, ასეთი აღვირახსნილი ვაიპოლიტიკოსები, როგორიც არის შალვა ნათელაშვილი და მისნაირები, უნდა დაისაჯონ. [ამ კანონმა] მათ ჯიბეს და რეპუტაციას უნდა დაარტყას ან სად აქვს ნათელაშვილს რეპუტაცია, ტაკიმასხარა ყოფილი კომკავშირელია, ახლაც კომკავშირელად არის დარჩენილი. ბევრს რომ ლაპარაკობს, დიდუბეში თავის სასახლეს მიაკითხოს, ვისი და რისი ფულით აიშენა.
რაც შეეხება თავისუფალი სიტყვის აკრძალვის საკითხს, არაფერი სიტყვის აკრძალვა ეს არ იქნება. 20 წელია, სიტყვა არ აკრძალულა და არც აიკრძალება. სად გინახავთ საქართველოში სიტყვის აკრძალვა. ერთი დარეხვილი და დამთხვეული სააკაშვილი დასდევდა მარტო ამ ხალხს. 2012-ის მერე კი სადღაც გინახავთ. გადახედეთ facebook-ს, ვისი რა იზღუდება, რა ბოღმით, რა ჯანდაბით არის სავსე. გადახედეთ გაზეთებს, ტელევიზიებს. რას ჰგავს ჩვენი ტელევიზიები. ერთმანეთს ასწრებენ, ოღონდ ნეგატიური სიუჟეტი გაუშვან.

ვფიქრობ, ეს კანონი, გარკვეულწილად მაინც, დაარეგულირებდა ამ სიტუაციას.

არავის არ უნდა ფულის გადახდა, მორჩა და გათავდა. ნაცები არიან ყველაზე ძუნწები. მაგათ ფული სჭირდებათ იმისთვის, რომ სადღაც ჭაობში კიდევ იტივტივონ. [/su_quote]

– განაცხადა ქეთი დოლიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.

მთავრობის ოპონენტები ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას ითხოვენ.

იტვირთბა....