ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მწერლები და გამომცემლები მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებენ

მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა ნაწილი მწერალთა სახლს ბოიკოტს უცხადებს.

„ლიტერატურული პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და ქმნიდეს ნდობას მასში მონაწილე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური თუ იდეოლოგიური მრწამსის მქონე საქართველოს მოქალაქისთვის. შესაბამისად, ინსტიტუციები, რომელიც წარმართავს კულტურულ პოლიტიკას და ლიტერატურულ პროცესს, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური, იმართებოდეს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით.

მწერალთა სახლი წლების განმავლობაში წარმოადგენდა სწორედ ასეთ, ღია და დემოკრატიულ ორგანიზაციას და ის ცენტრალურ როლს იკავებდა ქვეყნის ლიტერატურულ პროცესში

ჩვენი ბოიკოტი გულისხმობს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას, განურჩევლად მათი ფორმისა და შინაარსისა, იქნება ეს: ადგილობრივი წიგნის პრეზენტაციები და სხვა საჯარო ღონისძიებები, მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამები, თუ სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრობები, საერთაშორისო ფესტივალები და სხვა მნიშვნელოვანი ფორუმები, რომელშიც აქამდე საქართველოს ეროვნული სტენდით და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეებად ვიყავით წარმოდგენილნი.

ქართული ლიტერატურული პროცესის სიცოცხლე და მუდმივი განვითარება ჩვენი ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესია და ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა ქართულ კულტურაში მიმდინარე სახიფათო ავტორიტარული ტენდენციები ცხადი გახდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ერთგული მეგობრებისთვის, ამავდროულად უზრუნველვყოფთ რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვიყოთ წარმოდგენილი ალტერნატიული ფორმით, ისევე როგორც შევეცდებით თავად მოვიპოვოთ დაფინანსების წყაროები მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამების, საერთაშორისო პლატფორმებში ჩართვის და ქართული ლიტერატურისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელი მუშაობისთვის.

ჩვენი ბოიკოტი დაიწყება 2023 წლის 4 სექტემბრიდან, იმ დღიდან, როდესაც მწერალთა სახლს მმართველი პარტიის მიერ დანიშნული კანდიდატი ჩაიბარებს და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მის ხელმძღვანელს არ აირჩევს დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია. ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია“, – აღნიშნულია ხელოვანთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, აგვისტოს დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 4 სექტემბრიდან მწერალთა სახლს ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს, რასაც პროტესტი მოჰყვა.

იტვირთბა....