ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს არის მთავრობის მცდელობა, არ დაუშვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება – კრამერი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე – „პუტინიზმის დამარცხება“ – “ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ინსტიტუტის” გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, დევიდ კრამერმა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

ის შეეხო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თემას.

კრამერის თქმით, „ქართული ოცნების“ ეს ნაბიჯი არის მცდელობა, არ დაუშვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება.

„მერვე წელია, რაც ეს კონფერენცია ტარდება და ყველა, ვინც მასში მონაწილეობას იღებს, არის საქართველოს მხარდამჭერი, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება კონკრეტულად ამ ქვეყანაში თუ რეგიონში. ჩვენ გვსურს გამოვხატოთ სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, დემოკრატიული რეფორმებისადმი და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. რა თქმა უნდა, საქართველო და უკრაინა, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნები, საფრთხის წინაშე დგანან, ეს საფრთხე მოდის მოსკოვიდან და მას ჰქვია პუტინიზმი. რუსეთს სურს, რომ აკონტროლებდეს თავის სამეზობლოს, სხვა ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ლახავს და ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, სომხეთს, აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას და რა თქმა უნდა საქართველოს.

ჩვენ საქართველოში საინტერესო დროს ჩამოვედით: პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოგზაურობს ევროპაში იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მოუტანოს, მთავრობა კი ამის გამო მას იმპიჩმენტს უწყობს. მე მიმაჩნია, რომ ეს არის მთავრობის მცდელობა, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება არ დაუშვას და ვთვლი, რომ ეს არ შეესაბამება საქართველოს მიერ გაცხადებულ პოლიტიკას დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩემი აზრით, იმპიჩმენტის წამოწყება არ არის ჭკვიანური ქმედება. მე მოვდივარ იმ ქვეყნიდან, სადაც ორ პრეზიდენტს მოუწყვეს იმპიჩმენტი და მიმაჩნია, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ასე მარტივად არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა კრამერმა.

კონფერენცია სახელწოდებით “„პუტინიზმის დამარცხება“დღეს გაიხსნა. ის 2 დღე გაგრძელდება. მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება “ქართული ოცნება”. კონფერენცია მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

კრამერმა კონფერენციაზე აშშ-ს ექსპრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილიც წაიკითხა.

იტვირთბა....