ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ეს არის რადიკალიზაციისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი – გახარია იმპიჩმენტზე

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს არის რადიკალიზაციისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

„ „ქართული ოცნების” მიერ დღეს გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის ნიშნავს რამდენიმე რამეს.

პირველი – ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

მეორე – ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც , რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია “საქართველოსთვის”, რა თქმა უნდა, პრეზიდენტიც იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს.

გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, ვინც დარჩა ჯერ კიდევ “ოცნებაში”, მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ 2012 წელს გამარჯვების შემდგომ რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს, რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად, დიდი წვლილი გვაქვს მიღებული“, – განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....