თსუ-ში საპროტესტო, ორმხირივი აქციები დღესაც გრძელდება. 12 საათზე უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტური თვითმმართველობის მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა უცვლელია, ისინი რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომას ითხოვენ.
„სამარცხვინო ფაქტია, რომ რექტორმა თვითმმართველობის პრეზიდენტი შალვა საბაური პროტესტის უკიდურეს ფორმამდე, შიმშილობამდე მიიყვანა” – განაცხადეს თვითმმართველობის მხარდამჭერებმა. მათ აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობების წამომადგენლებიც შეუერთდნენ, რომლებიც ამბობდნენ, რომ თვითმმართველობის დისკრედიტაცია ხდება. მოგვიანებით მათ თსუ-ს რექტორს, ვლადიმერ პაპავას გადადგომის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად ერთი საათი მისცეს. მათივე, განმარტებით, თსუ-ს თვითმმართველობის მხარდამჭერთა რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე მათი მოწინააღმდეგებისა.
როგორც გუშინ, პროფესორთა ნაწილმა დაანონსა, დღეს შეიქმნა თსუ-ის პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი, რომელშიც 20-მდე პროფესორია გაერთიანებული. პროფესორებმა დღეს შეხვედრა გამართეს. ჯგუფის მიზანია მოლაპარაკებების უზრუნველყოფა პროფესორებსა და სტუდენტებთან. შეხვედრას სხვადასხვა ფაკულტეტის პროფესორები ესწრებოდნენ.
„თსუ-ის პროფესორები უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ უნივერსიტეტში უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებით. დაუშვებლად მიგვაჩნია არსებულ სიტუაციაში რექტორის გადადგომა. დაპირისპირებულ მხარეებს მოგიწოდებთ კონსენსუსისკენ. ამჟამად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის მართალი და ვინ მტყუანი, რამ მიგვიყვანა ასეთ დაპირისპირებამდე. ჩვენც მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში არის მთელი რიგი პრობლემები, რომელიც გადაჭრას მოითხოვს. გარკვეული ცვლილებებია შესატანი განათლების კანონში და შესაბამისად უნივერსიტეტის წესდებაში. ყოველივე ამის გაკეთება შესაძლებელია პროფესურას, ადმინისტრაციასა და სტუდენტებს შორის დიალოგით“, – ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ მიმართვის ტექსტში.
რაც შეეხება ვლადიმერ პაპავას, ის გადადგომას არ აპირებს და ამბობს, რომ თვითმმართველობასთან კომუნიკაცია უნდა გაგრძელდეს. ის დღეს პატრიარქს შეხვდა და იქიდან დაბრუნებულმა განაცხადა, რომ პატრიარქმა სტუდენტებს ლოცვისაკენ მოუწოდა:
“შეხვედრა მისი უწმინდესობის თხოვნით მოეწყო. ეს იყო ძალიან თბილი საუბარი. მას აინტერესებდა ჩემგან გაეგო კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია და დღეს რა მდგომარეობაა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის დამოკიდებულებას უნივერსიტეტისადმი, ახალგაზრდობისადმი, სტაბილურობისა და განვითარებისადმი. ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისადმი, რომ ილოცონ”, – განაცხადა პაპავამ.
თსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა და მათი მხარდამჭერები მოგვიანებით უნივერსიტეტის მეორე კორპუსისკენ ცოცხალი ჯაჭვით დაიძრნენ. როგორც მათმა პრეზიდენტმა შავლა საბაურმა განაცხადა, პირველ კორპუსში მას დაცვა არ უშვებდა და ამიტომ მეორე კორპუსის თვითმმართველობის ოთახში გამაგრდებიან.
რაც შეეხება „115-ე აუდიტორიის“ სტუდენტებს, ისინი პირველი კორპუსის შიდა ეზოში აქციას მართავდნენ. მათ მოგვიანებით თსუ-ს მაღლივი კორპუსის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
სტუდენტმა ლევან ლორთქიფანიძემ აქციის მონაწილეებს ინიციატივით მიმართა. მისი თქმით, მათ აკადემიური საბჭოს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის წარმოსადგენად 2-საათიანი ვადა უნდა მისცენ და თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაშინ აკადემიური საბჭოს დაშლა უნდა მოითხოვონ.
მოგვიანებით, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საგანგებო განცხადება გააკეთა.
ისინი ყველა მხარეს მოუწოდებენ, რომ დასხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და გააგრძელონ დიალოგის რეჟიმში კრიზისიდან გამოსვლის გზების მოძებნა.
„აკადემიური საბჭო აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას განვითარებული მოვლენების გამო, და მოუწოდებს ყველა სტუდენტს, პროფესორს, თანამშრომელს, ერთიანობისკენ,“ – განაცხადა პროფესორმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა რამაზ ქურდაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრულ შემადგენლობას შეხვდება. შეხვედრას ასევე დაესრებიან უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა, რექტორის მოადგილე და სენატის წევრები.
დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტუდენტებს კიდევ ერთხელ მიმართა და სტუდენტებს მოუწოდა, რომ მისცენ საშუალება, რათა მთავრობამ ცვლილებები გაატაროს.
“მე თავიდან ბოლომდე საქმის კურსში ვარ მიმდინარე პროცესების შესახებ. რამდენიმე დღეა, აბსოლუტურად ყოველწუთიერ ინფორმაციას ვიღებ. ორჯერ გავაკეთე განცხადება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელვანია სტუდენტების აზრი და სტუდენტების აზრი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი რეფორმების. როგორც უნივერსიტეტი, ისე უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ რეფორმებს. მე ვიზიარებ ერთის მხრივ, სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ მეორეს მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილებების მიღება. მე მინდა, კიდევ ერთხელ არა მოვუწოდო, არამედ ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ მოგვცენ საშუალება – გავატაროთ ის ცვლილებები, რომლებსაც ისინი ითხოვენ და რომლებშიც მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას. უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტუე ცვლილებებს, ამისთვის ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ ამას სჭირდება დრო და ამას ჩვენ გავაკეთებთ. ” – განაცხადა პრემიერმა.
უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაციას „მეტრონომი“ პერიოდულად მოგაწვდით.
ნინო ცხადაია