ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთთან ფლირტში მყოფი „ქართული ოცნება“ და მხოლოდ ხელისუფლების ლანძღვით დაკავებული ოპოზიცია – ვის ხელშია დღეს საქართველო

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ალაპარაკდნენ ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების ან/და სხვა ქვეყნების მიერ მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხებზე.

რუსეთის ექსპრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის ამჟამინდელმა მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, გასულ კვირაში განაცხადა, რომ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს”.

დღეს კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ “რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ”.

ზემოაღნიშნულ განცხადებებთან მიმართებით,  საქართველოს მთავრობის პოზიციაზე „მეტრონომი“ კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა.

მან ზოგადად განიხილა „ქართული ოცნების“ პოლიტიკა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

ზაქარეიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ცრუობს, როცა ამბობს, რომ ჩვენ ვართ მარტო რუსეთის წინააღმდეგ. „ქართული ოცნება“ ატარებს რუსულ პოლიტიკას, რადგან ის არ იყენებს უსაფრთხოების ისეთ უნიკალურ, სტარეგიულ ინსტუმენტებს, როგორიცაა ნატო-ს ზემოხსენებული კონტექსი და ალიანსის წამყვანი სახელმწიფოს – თურქეთის – ჩართულობა შავი ზღვის საქმეებში.

ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა ჩვენთან ინტერვიუში ასევე ისაუბრა ოპოზიციაზე. ზაქარეიშვილმა აღნიშნა, რომ ქართული ოპოზიცია ვერაფერს სთავაზობს საზოგადოებას და ის მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლანძღვით არის დაკავებული.

მისი თქმით, ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა აჩვენოს ხალხს, რითი არის მთავრობაზე უკეთესი გარდა იმისა, რომ ის არ არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი.

[su_quote] პოლიტიკა არ კეთდება სიტყვებით, სიტყვები მხოლოდ ნაწილია პოლიტიკის. მოქმედებები უნდა ხორციელდებოდეს. საქართველოს ხელისუფლება რატომღაც ლაჩრულად ამბობს, რომ ჩვენ ვართ მარტო რუსეთის წინააღმდეგ და რუსეთს საქართველოსთან მიმართებით აქვს ისეთი ინტერესები, რაც შეიძლება აგრესიაში გადაიზარდოს. ეს არის ტყუილი. ეს არის სიცრუე.

ჩვენ კავკასიაში გვყავს უნიკალური მხარდამჭერი – ნატოს წამყვანი სახელმწიფო და ეს არის თურქეთი. თურქეთმა გააფორმა 10-ზე მეტი სამხედრო-სტრატეგიული ხელშეკრულება აზერბაიჯანთან, რომელიც არ ისწრაფვის ნატოსკენ, ჩვენ კი ნატოში მივდივართ.

რუსეთს ეშინია მხოლოდ ორი სახელმწიფოსი: ჩინეთისა და თურქეთის. რუსეთი მათ ანგარიშს უწევს. თურქეთი აძლიერებს თავის გავლენებს კავკასიაში – დაეხმარა რა აზერბაიჯანს. ის მოქმედებს შავ ზღვაზე – ეხმარება უკრაინას, ჩაკეტა ბოსფორი რუსეთისთვის. საქართველო არის კავკასიაშიცა და შავ ზღვაზე. ასევე კონტექსტიდან გამომდინარე, ნატო-ს სტრატეგიული მიზანია, საქართველო ჩართული იყოს პროექტებში და დაიცვას თავისი თავი უსაფრთხოების მიმართულებით.
საქართველო ამ შესაძლებლობას არ იყენებს.

ჩვენი მთავრობა პრინციპულად რუსეთის მხარესაა. ის რუსულ პოლიტიკას ახორციელებს, იმიტომ რომ ის არ იყენებს უსაფრთხოების ისეთ უნიკალურ, სტარეგიულ ინსტუმენტებს, როგორიცაა ნატო-ს ზემოხსენებული კონტექსი და ალიანსის წამყვანი სახელმწიფოს – თურქეთის – ჩართულობა შავი ზღვის საქმეებში.

რაც შეეხება ოპოციას, გარდა იმისა, რომ ის „ქართულ ოცნებას“ უწოდებს „რუსულ ოცნებას“, რაც თავისთავად სიმართლეა, სხვას არაფერს არ აკეთებს. ანუ ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას არ სთავაზობს გამოსავალს. ის არ საუბრობს, როგორ აპირებს მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს შეცვლას? როგორი იქნება ცესკო, რათა შესაძლებელი იყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება? როგორ მოხდება დეცენტრალიზაცია – რეალურად იქნება რეგიონებში, მინიციპალიტეტებში დემოკრატია, დამოუკიდებლობა თუ ისევ თბილისიდან იმართება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ? როგორი იქნება უსაფრთხოების სამსახურების რეფორმა? როგორ შეებრძოლებიან სიღარიბეს, რომელმაც წალეკა ქვეყანა?

ანუ რას აპირებს ოპოზიცია გარდა იმისა, რომ ლანძღავს „ქართულ ოცნებას“? ანუ შენ რით ხარ ამ მთავრობაზე უკეთესი გარდა იმისა, რომ რუსული არ ხარ?

საზოგადოებამ უნდა გადაირჩიოს „ქართული ოცნება“, მაგრამ ვინ აირჩიოს? აი, მე, პოლიტიკური თვალსაზრისით, მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვების მქონე ადამიანი ვარ. ხმას არ მივცემ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცე. ანუ მე ვიცი, ვის არ მივცემ ხმას, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცე. ახლა წარმოიდგინეთ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ისე არ ფიქრობს პოლიტიკაზე, როგორც მე.

ამდენად, ოპოზიცია უნდა იყოს ძალიან მკაფიო არამხოლოდ „ქართული ოცნების“ ლანძღვაში, რისი წინააღმდეგიც მე არა ვარ, არამედ შეთავაზებებში. ქართულმა ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რითი არის უკეთესი ამ საშინელ „ქართულ ოცნებაზე“. „ქართული ოცნება“ რაც არ უნდა საშინელი იყოს, ხალხს ახსოვს „ნაციონალური მოძრაობაც“ და ის არჩევანს აკეთებს ახლანდელ „ოცნებასა“ და წარსულ ენმ-ს შორის, ეს უკანასკნელი კი არაფრით არ არის უკეთესი ახლანდელ „ოცნებაზე“ თუ უარესი არა.

თუ ოპოზიციას აქვს ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია, ამისთვის მხოლოდ რუსეთზე აპელირება საკმარისი არ არის. [/su_quote]

– განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....