ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რატომ გააქტიურდა რუსეთი ე.წ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით და რატომ სურს მას ოკუპირებული რეგიონების მიერთება – ხუხაშვილის ინტერვიუ „მეტრონომთან“

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ალაპარაკდნენ ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების ან/და სხვა ქვეყნების მიერ მათი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების საკითხებზე.

რუსეთის ექსპრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის ამჟამინდელმა მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა, გასულ კვირაში განაცხადა, რომ “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს”.

დღეს კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ “რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ”.

ამ საკითხებთან დაკავშირებით „მეტრონომი“ პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა.

ხუხაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხდალი, უპრინციპო პოლიტიკა რუსეთს უქმნის განცდას, რომ მას [რუსეთს] შეუძლია ამ [საქართველოს] მიმართულებით წავიდეს კიდევ წინ და კიდევ უფრო მეტ პირობას უყენებენ „ქართულ ოცნებას“. ჩვენი ხელისუფლების ლოგიკა კი ასეთია: რუსეთი არის ძლიერი, ამიტომ რაც არ უნდა მოგვთხოვოს, ყველაფერი უნდა დავუთმოთ.

ხუხაშვილის აზრით, ღირსებისა და პრინციპების მქონე ქვეყანა იქცევა ასე – აგრესორ მხარეს მიმართავს შესაბამისი ნოტით და ამ თემის აქტუალიზებას ახდენს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე.

პოლიტოლოგმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან სამი კატეგორიის ადამიანები: ბრიყვები, რომლებსაც სჯერათ, რომ ეს ე.წ. „მშვიდობისკენ“ მიმართული პოლიტიკა სიკეთეს მოუტანს ამ ქვეყანას; ხალხი, რომლებიც ფულს შოულობს და აგენტები, რომლებიც, ალბათ, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, კბგ-ში მუშაობდნენ და დღესაც იქ მუშაობენ.

[su_quote] რუსეთის სტრატეგიული მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის დამამრცხება, არამედ მას სსრკ-ს მოდერნიზებული სახით აღდგენა სურს. შესაბამისად, მათი სამიზნე, უკრაინასთან ერთად, არის საქართველო.

საქართველოს ხელისუფლების მხდალი, უპრინციპო პოლიტიკა რუსეთს უქმნის განცდას, რომ მას [რუსეთს] შეუძლია ამ [საქართველოს] მიმართულებით წავიდეს კიდევ წინ და კიდევ უფრო მეტ პირობას უყენებენ „ქართულ ოცნებას“. რუსები იმისთვის, რათა საქართველოს ხელისუფლებას კომპრომისებისაკენ წასასვლელად უბიძგონ, ააქტიურებენ იმ კოზირებს, რომლებიც ხელში უჭირავთ.

ჩვენსა და რუსეთის ურთიერთობაზეა დაწერილი მელასა და ჩიტის იგავ-არაკი: რუსეთი „ქართულ ოცნებას“ ეუბნება, რომ ჩვენ შეგვიძლია წინსვლა და თუ არ გინდათ, რომ ეს გავაკეთოთ, მაშინ მომეცი შენი კიდევ ერთი ბარტყი და „ქართული ოცნებაც“ უგდებს ამ ბარტყებს.

საქართველოს ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას დაეგმო მედვედევისა და კარასინის რიტორიკა. ღირსებისა და პრინციპების მქონე ქვეყანა იქცევა ასე – აგრესორ მხარეს მიმართავს შესაბამისი ნოტით და ამ თემის აქტუალიზებას ახდენს ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ეს არის პირველადი რეაქცია.

გარდა ამისა, რუსეთი რომ მხოლოდ ამ რიტორიკას რომ აწარმებდეს, კიდევ ჯანდაბას. სინამდვილეში კი ის მეტად აგრესიულად და ინტენსიურად, რბილი ძალით, მოქმედებს საქართველოში. ეს არის ეკონომიკური, კულტურული, მიგრაციული ტიპის ექსპანსიები. საქართველოს ხელისუფლებამ ამ მიმართულებითაც უნდა აამუშავოს შემაკავებელი მექანიზმები. „ქართული ოცნება“ კი საპირისპიროდ იქცევა – ის ჩვენ გვეძახის ჰომოფობებს, როცა ამ საფრთხეებზე ვსაუბრობთ.

იმპერიები მხოლოდ ტანკებითა და თვითმფრინავებით ხომ არ იპყრობენ ქვეყნებს. ისინი რბილი ძალითაც იპყრობენ. საქართველოში რუსეთს ტანკი არ სჭირდება, იმიტომ რომ ჩვენი ხელისუფლების ლოგიკა ასეთია: რუსეთი არის ძლიერი, ამიტომ რაც არ უნდა მოგვთხოვოს, ყველაფერი უნდა დავუთმოთ. აი, ისევ მელასა და ჩიტის ზემოაღნიშნული იგავ-არაკი. ამდენად, „ქართულ ოცნებას“ ჩიტის აზროვნება აქვს.

ქართულ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ასე აზროვნებენ, მოქმედებენ გულუბრყვილოდ და მართლა სჯერათ, რომ ეს ე.წ. „მშვიდობისკენ“ მიმართული პოლიტიკა სიკეთეს მოუტანს ამ ქვეყანას; არის მეორე ნაწილი, რომლებიც საქართველოში რუსეთის პირდაპირ აგენტურას წარმოადგენენ და ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბანალურად იყიდებიან – რუსეთთან დაიწყეს ბიზნესის კეთება, ფულს შოულობენ და იმის იქით არაფერი აინტერესებთ.

ამრიგად, საქართველოს ხელისუფლებაში არიან სამი კატეგორიის ადამიანები: ბრიყვები, რომლებიც ყველაზე მეტნი არიან; ადამიანები, რომლებიც ფულს შოულობენ და აგენტები, რომლებიც, ალბათ, საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, კბგ-ში მუშაობდნენ და დღესაც იქ მუშაობენ. [/su_quote]

– განაცხადა გია ხუხაშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....