თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ დიდი რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ფაქტზე დაკავებულია 14 პირი. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, დანაშაული კი 3-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს:
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული ბ.ქ. დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდი და 255 ვაზნა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევები: 1975 წელს დაბადებული ზ.გ. და 1992 წელს დაბადებული ლ. კ. სხვადასხვა დროს დააკავეს. სამართალდამცველებმა ზ.გ. – ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი. ხოლო ლ.კ. – ს საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული მ.მ. და 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ო.ც. სხვადასხვა დროს დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ორი ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 31 ვაზნა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს. მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები ნივთმტკიცებადაა ამოღებული. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1969 წელს დაბადებული, ო.ზ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 პისტოლეტი, “გეკო”-ს ტიპის შაშხანა და ვაზნები ამოიღეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიისა და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1990 წელს დაბადებული მ..ა. და 1961 წელს დაბადებული კ.ს. დააკავეს.პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო 3 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 9 მჭიდი, 91 ვაზნა, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი” და ხელყუმბარა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, წყალტუბოს და ზესტაფონის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2 პირი – 1971 წელს დაბადებული ო.რ. და 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ლ. დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 გადაჭრილი სანადირო თოფი და 3 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გურიის პოლიციის დეპარტამენტის და ლანჩხუთის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს.სამართალდამცველებმა 1984 წელს დაბადებული გ.ს.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად პისტოლეტი, 1 მჭიდი და 11 ვაზნა ამოიღეს. ხოლო, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.გ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი ე.წ ,,აბრეზი”, 3 მჭიდი და 7ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.