პარლამენტარი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში ქართულ მედიაზე სტატუსს აქვეყნებს და წერს:
“პოსტ-ბლოგი ბათუმიდან.
გირჩის და მედიის ურთიერთობის ისტორია.
გირჩი 2015 წელს შეიქმნა.
რეგისტრაცია 2016 წლის გაზაფხულზე გავიარეთ, მაგრამ გადაწყვეტილება გირჩის შექმნის შესახებ 2015 წლის ზაფხულში მიღებული იყო.
ამ დროს, მე პირადად ქართულ პოლიტიკაზე, როგორც ჩანს, არაფერი ვიცოდი.
მით უმეტეს, არ ვიცოდი ქართული პოლიტიკის და მედიის ურთიერთკავშირის შესახებ.
რასაკვირველია ვიცოდი, მედიაზე პოლიტიკის გავლენის არსებობა, მაგრამ მედია, რომ პოლიტიკური იარაღი იყო და მხოლოდ ამის გამო არსებობდა, ეს არ ვიცოდი.
ვუშვებდი, რომ არსებობენ პროფესიონალი აქტივისტი ჟურნალისტები, რომელთაც რეალობა აინტერესებდათ და ყველაფერს გააკეთებდნენ მის გასაშუქებლად.
სრულ პარტიულ ვერტიკალს, რომელიც მედიას რეალობის სიმულირებას აიძულებს თან თითქმის ყველგან, უბრალოდ არ ველოდი.
მშრალად აღვწერ მედიის იმ დამოკიდებულებას, რაც ამ პერიოდის განმავლობაში მათგან ჩვენზე მოდიოდა და ამას სამწუხაროდ, პირადი სიმპატიების გათვალისწინებითაც, ვერ ცვლიდა ვერც ერთი ადამიანი, რომელიც ამა თუ იმ არხზე მუშაობდა.
დავიწყოთ ფლაგმანი არხებით:
იმედი – სანამ პარლამენტში მოვხვდებოდით, იმედი ჩვენს არსებობას ფრაგმენტულად იმჩნევდა, ძირითადად პალიკოს დამსახურებით, ისიც კანაფის და ბიბლიური თავისუფლების თემაზე, სადაც უმეტესაც გამოჩენა პოლიტიკურად ამომრჩეველთან გაზიანებდა და ქოცებისთვის ეს პოლიტიკურად პრობლემას არ ქმნიდა, პირიქით ამ პერიოდში შეძენილი იმიჯი დღეს ერთგვარად პოლიტიკურად “დამაზიანებელია” თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, ვამაყობთ ამ პროექტებით.
პარლამენტში შესვლის პერიოდში “იმედზე” კარგად გვაშუქებდნენ, მაგრამ იმიტომ, რომ ჩვენი პოზიცია რადიკალურად საწინააღმდეგო იყო ოპოზიციის ტაქტიკის, იქნებოდა ეს პარლამენტში შესვლა-არ შესვლა თუ სიების ჩახსნა – არ ჩახსნის საკითხი.
საპარლამენტო მუშაობის პარალლელურად, ეს გაშუქება ნელ ნელა შემცირდა და თანდათან გვაშუქებენ ძირითადად იმაზე თუ რას ვიტყვით მიშას კუჭზე ან ხაბეს სპორტდარბაზში ვარჯიშზე და სხვა ასეთ ეგზოტიკურ თემებზე, სადაც ვერანაირ პოლიტიკურ პოზიციას ვერ დააფიქსირებ სერიოზულად.
ერთხელ საერთოდ დამბლოკეს და რამდენიმე თვე ასე გაგრძელდა.
პარლამენტში მომუშავე ჟურნალისტებთან გახსნილი ურთიერთობა მაქვს, იციან ჩემი აზრი მედიაზე, მაგრამ მათ ადამიანურად ვცემ პატივს იმის მიხედვით, რითაც ჩვეულებრივი ურთიერთობის დროს სცემენ ადამიანები პატივს ერთმანეთს.
იმედის ჟურნალისტებთან კი სულ კარგი ურთიერთობა მქონდა, დაბლოკილი როცა ვიყავი მაშინაც მათთან არ მქონია არანაირი პრეტენზია, მაგრამ ეს ამბავიც მათთან გახსნილი იყო და ამით არავინ იყო ბედნიერი.
ახლა, უცნაურად მაგრამ გვაშუქებენ, ლაივში თითქმის არ ვართ, მაგრამ არც სხვა ოპოზიციაა და პრეტენზიას ვერ ეტყვი, ისედაც სხვა “თრიფში” არიან და სხვა ამოცანები უდგათ.
რაც გავუშუქებივართ, ჩვენ მათ მიმართ მხოლოდ მადლობა გვაქვს სათქმელი.
შეიძლება თავიანთი მიზნებისთვის გვიყენებდნენ, მაგრამ ამით ძალიან დაგვეხმარნენ და არავის აქვს მოლოდინი, რომ სხვისი ტელევიზია ჩემზე იმუშავებს.
წინასაარჩევნოდაც ძალიან კარგი იქნებოდა “იმედზე”ვიყოთ, ნებისმიერი ფორმატით, მაგრამ ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამის არანაირი გარანტია არ არსებობს, რადგან ქოცები ეცდებიან, რომ არ მიგვიშვან ან უარეს შემთხვევაში, გვლანძღონ საკუთარ ამომრჩეველთან, მიუხედავად იმისა, რომ მიშა ფეიქრიშვილზე კომფორტულ ადამიანს ქართულ მედია მენეჯმენტში არც ვიცნობ და ადამიანურად ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველასთან, ვინც იმედის ლოგოთი მოძრაობს.
მთავარი – მთავარი, ძველი რუსთავი ორის მედია მემკვიდრეა.
2015 წლიდან ძველ რუსთავი 2 ზე დაბლოკილი ვართ და ეს ბლოკი გადმოჰყვა ტვ მთავარზე.
(8 წლის განმავლობაში არსებობს მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი როცა გაგვაშუქეს)
ანუ მთავარ ოპოზიციურ არხზე უბრალოდ არ ვარსებობთ – უგირჩო საქართველოში აცხოვრებდნენ მაყურებელს და ახლაც ასე აგრძელებენ.
თავიდან ეს ჩემი და ნიკა გვარამიას ძველ პირად “კონფლიქტს” დაბრალდა და მეც დავიჯერე, მარა მერე მივხვდი რომ ეს არაფერ შუაშია და მთავარი მთავარში ისაა თუ რა უნდა მიშას.
ისევე, როგორც ნაცებში.
ნაცებთან ცუდი ურთიერთობა ჩვენ არასოდეს არ გვქონდა, უბრალოდ ყველამ იცოდა, რომ მიშა არ გვევასება, არ გვჯერა მისი და არ ვენდობით, ამიტომ თავიდან ვცდილობდით, რომ მათში გვეპოვა მიშას გარდა სხვა ადამიანი, რომელსაც ექნებოდა პოზიცია, მაგრამ ცოტა ხანში მივხვდით, რომ ამას აზრი არ ჰქონდა და ბოლოს მე ციხეში მიშას შევხვდი იმის გასაგებად მართლა მიდიოდა თუ არა პოლიტიკიდან, რათა თავიდან დავლაპარაკებოდით ნაცებს, მათ შორის მედიაზე.
კიო, წავედიო მითხრა, მაგრამ ისე არ უთქვამს მე რომ დამეჯერებინა.
არადა თავიდან, ბიძინას არ იყოს, ცოტა ხნით ამის წასვლაც დავიჯერეთ.
ახლანდელი გადმოსახედიდან გულუბრყვილოები ვიყავით.
ტელევიზიის კარების გახსნაზე მიშასთან არ მილაპარაკია, კაცმა მითხრა საქართველოს ამბები არ მაინტერესებს, უკრაინის ამბებს ვუყურებ მარტოო და მე არხის გახსნას ხომ არ ვთხოვდი.
მიშას “პოლიტიკიდან წასვლამ” ” მთავარზე” ჩვენს ბლოკს ვერ უშველა.
ეს არ შეიცვალა მაშინაც, როცა გვარამია დაიჭირეს.
კეზერას ეს როგორ დავაბრალო, როცა ის სხვა პარტიას აკეთებდა, მაშინაც დაბლოკილი ვიყავი.
გარდა სრული ბლოკისა, ტვ მთავარზე, არაერთხელ ღია და გადამოწმებადი ტყუილი დაგვაბრალეს და ბოდიში იმაზე უარესად მოიხადეს, რის გამოც მოიხადეს.
ამის გამო “მთავარის” ზოგ ჟურნალისტთან უცნაური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ უმეტეს მათგანს მაინც ესმის ჩვენი დამოკიდებულება და ეს ხელს არ გვიშლის კორექტულ ურთიერთობაში, მხოლოდ გამონაკლისის სახით მოგვიწია კორექტულობის ფარგლებს გადაცდომა.
კარგი იქნებოდა, მაგრამ საეჭვოა რაიმე შეიცვალოს საარჩევნოდ, პირიქით უფრო მიშურს და ნაცურს შებერავენ და ჩვენ ჩაგვტეხავენ.
თუმცა არსებობს ერთი შანსი.
თუ გვარამია, იმ ყველაფრის მერე, რაც თავს გადახდა, მიშაზე მართლა ბრაზდება ან მის მიმართ რწმენას კარგავს და მართლა ტელევიზიის გაკეთებას იწყებს. მე ნიკას იმდენად არ ვიცნობ, რამე პროგნოზი გავაკეთო.
თუ მართლა ოპოზიციური (და არა მიშისტური) ტვს გაკეთება გამოსდის, ნიკა გავლენიანი პოლიტიკური მედია პერსონაჟია, თუმცა ამისთვის გირჩისთვის კარების გახსნა აუცილებელია, უბრალოდ სიაფანდობა გამოდის ნებისმიერი მედიისგან ჩვენნაირი ხალხის ჩატეხვა. ხალხი ამას ინტუიციით ხვდება და მერე არაფერს არ გიჯერებს.
თუმცა ვიმეორებ, ამის გათვლა უაზრობაა, რადგან ამაზე მიშა მართლა გაბრაზდება და გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ნაცები ისევე არ მიდიან მიშასგან ძალიან შორს, როგორც ქოცები არ მიდიან ბიძინასგან.
ვიტყოდი, რომ “მთავარი” და “ნაცები” სინონიმები არიან, მაგრამ ეს არ იქნებოდა ბოლომდე მართალი, რადგან “ნაცები” სინამდვილეში არც არსებობენ, უბრალოდ “მთავარი” აცოცხლებს მის ხსოვნას ხალხში.
საზოგადოებრივი მაუწყებელი.
საზ მაუზე, სანამ პარლამენტში მოვხვდებოდით საერთოდ არ ვარსებობდით, მაგრამ მას შემდეგ რაც პარლამენტში ვართ, ჟურნალისტ თეონა მანაგაძის და რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს ყველაზე თავისუფალი გეშუქების პოლიტიკის გამო, მეტ ნაკლებად სტაბილურად ვართ.
მოგეხსენებათ, ჩვენ საზმაუს გაუქმებას ვითხოვთ და ამის კვალობაზე არ გვაშუქებენო საწუწუნო არაფერი გვაქვს.
ტვ პირველი – ე.წ ოპოზიციური მეინსტრიმ არხებიდან, ტვ პირველი ერთადერთია, სადაც ხანდახან მაინც ვართ.
სხვათაშორის იშვიათი მომენტების გარდა, როცა საერთოდ გვხსნიდნენ ეთერიდან, რამდენიმე ჟურნალისტი კვირაში ერთხელ მაინც გვეძახის.
ამით, საზოგადოებრივ აზრზე დიდ გავლენას ვერ ახდენ, მარა მათი ასეთი საქციელი დასაფასებელია.
თუმცა მათ სხვა მიზნები აქვთ (შეიძლება ცვლადი, მაგრამ არა საჩვენოდ) და წინასაარჩევნოდ რა მოხდება კაცმა არ იცის.
ახლა ჩვენი ურთიერთობა დაძაბულობის პიკშია რადგან მას შემდეგ როცა დაგვაბრალეს რომ თურმე ჯარის კანონი ჩვენ გავუპრავეთ ქოცებს და თაკო ჩარკვიანი იყო მთავარი მებრძოლი, გავუჭედეთ და არ გავატარეთ, ამის გამო მათი საპარლამენტო წარმომადგენელი გაბუტულია ჩვენზე და ისე იქცევა, რომ აწმყოში მაინც ჩახსნილები ვართ.
პოსტ ტივი – მთავარი ქოც პროპაგანდის ორგანოა, ოცნების რადიკალური მესიჯბოქსის გამავრცელებელი. როცა მიშას და ნაცების გინება წამოგცდება გაგაშუქებენ.
პოსტ ტივი იმისთვის არსებობს, რომ ნაცებს აგინოს.
მათი საინფორმაციო პოლიტიკა იმედისას წააგავს, მაგრამ უფრო რადიკალურია.
ბევრჯერ ვყოფილვართ ადრე დებატებზე შალვასთან, მარა რაც “ხალხის ძალის” “გახდა” ნელ ნელა შეგვამცირეს.
თუმცა ბევრ ადამიანს ვიცნობთ ამ ტელევიზიაში და არავისთან არ გვქონია ცუდი ურთიერთობა, იმ დათქმით, ვიცით რა, რომ მათი მიზანი “ნაცებთან ბრძოლაა და არა ჩვენი იდეების გაპიარება.
პოსტივის ბევრჯერ გავუშუქებივართ და თავისთავად მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ნაცებივით რომ არ გვლანძღავენ, მაგრამ ალბათ არც ეგ არის გამორიცხული ჩვენი რეიტინგის მატებასთან ერთად.
რუსთავი2 – რუსთავზე ჩვენ მეტნაკლებად ნორმალურად გვაშუქებენ, მას შემდეგ რაც მენეჯმენტი შეიცვალა, მაგრამ აწმყოში ზოგადად ცოტაა პოლიტიკური საუბრები ამ არხზე, სხვა მიმართულებით წავიდნენ. ვნახოთ რა იქნება წინასაარჩევნოდ.
ფორმულა – სანდრო მართალია, ეგენი “მთავარს” უნდა შეუერთდნენ, ისე აზრი არ აქვს.
მე “ფორმულას” გასართობ ნაწილს “მთავარს” მივუერთებდი და მორჩებოდა ამბავი, არც უნდა გამოჰყოფოდა მე თუ მკითხავ, მაგრამ ნაცების დაშლის პროექტის ფარგლებში გააკეთებინა ალბათ კეზერას ბიძინამ, პროექტ “ევროპული საქართველოსავით” .
ალბათ გახსოვთ, მაშინ რა გახურებული “ქოლცენტრობა” მიდიოდა.
პალიტრა და კავკასია – შედარებით პატარა აუდიტორიაა, მეინსტრიმ დღის წესრიგს ვერ სცდება და მისი არეკვლა უწევს. თუმცა ჩვენ ყველაზე მეტად, მაინც პატარა მედიების მადლობელი ვართ და მათი იმედი გვაქვს, სწორედ მაგათ გამო ვერ გვთიშავენ დღემდე ბოლომდე ეთერიდან.
და მაინც, ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არაა, რომ ცოტას გაშუქებენ, არამედ ის რომ შენს თემებს არ ეხებიან, არ იმჩნევენ.
თავიანთი მოგონილი და რეალობას აცდენილი თავგადასავალი აქვთ მოფიქრებული საკუთარი მაყურებლისთვის და რეალური ინფორმაციის ნაცვლად სერიალს აყურებინებენ.
ეს პოლიტიკური დაკვეთის გამო ხდება, ორივე მხარე ამას უკვეთავს.
ასევე პრობლემაა, რომ მედიაში თითზეა ჩამოსათვლელი ადამიანი, რომელსაც აინტერესებს რეალობა და მართლა აქვს ჟინი, ყველაზე ზუსტად მოუყვეს მაყურებელს ნამდვილი ამბავი.
მედიის პრობლემაა ასევე ის, რომ ჟურნალისტებს სტუდიაში საკუთარი თავი ჰგონიათ მთავარი და არა სტუმარი. როგორ შეიძლება ჟურნალისტი მეტს ლაპარაკობდეს ვიდრე სტუმარი?
არაა ეს ნორმალური.
ქართული მედია ფეიკიზმის ტალღებში იხრჩობა და თავი ევერესტზე ჰგონია.
ქართულ მედიას ეკრძალება პარტიულობა და თითქმის ყველა მედია მხოლოდ პარტიული ინტერესებით მოძრაობს.
სხვა ყველაფერთან ერთად, მედიას ნამდვილი ხულიგნებიც აკლია, ვისაც ფართო სურათის დანახვა შეუძლიათ და შესაბამისადაც მოქმედების გამბედაობა ჰყოფნით.
არადა რეალურად თიხის ფეხებზე დგას მთელი ეს მედია სანტაბარბარა.
ესაა სამწუხარო მედია რეალობა და ძალიან გვიშლის ხელს ყველას, პოლიტიკოსი იქნება ეს ჟურნალისტი, თუ სხვა ნებისმიერი პროფესიის ადამიანი.
ამ ქვეყანაში, პოლიტიკაში თუ მიდიხარ, საკუთარი მედია აუცილებლად გჭირდება, რადგან ყველა თავისი ტელევიზიით მოძრაობს და გებრძვის წინასაარჩევნოდ.
ხოლო თუ ჟურნალისტობაზე ოცნებობ აღმოაჩენ, რომ ეს მთლად ის არაა რაც შორიდან გეგონა.
ამიტომ გვჭირდება მრავალპარტიული ტელევიზია, სადაც ყველა იქნება, ვისაც მართლა აქვს სალაპარაკო და სადაც სათანადოდ მომზადებულ ჟურნალისტს ექნება უფლება დასვას მხოლოდ ის კითხვა რაც მას აინტერესებს. მოიწვიოს ის სტუმარი ვინც მას აინტერესებს და თუ კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებს, სურვილის შემთხვევაში, ნელ ცეცხლზე შეწვას არაფრის სათქმელად მოსული პოლიტიკოსის როლის შემსრულებელი.
ჟურნალისტის კითხვების მიზეზი, მშვიდ კითხვებზე პასუხის გაუცემლობა უნდა იყოს და არა ათასგვარი შეთქმულების თეორიები.
გვჭირდება მრავალპარტიული ტელევიზია, სადაც ყველა იქნება ჩერგოთი დაწყებული და ლევან ვასაძით დამთავრებული.
ყველა ვინც პრეტენზიას აცხედებს რომ გამბედავია და საუბარი შეუძლია. ჩხუბი ან გინება კი არა, საუბარი.
დებატები უნდა გაჩნდეს მედიასივრცეში, იმიტირებული კი არა, რეალური დებატები.
(მაგალითად, სიამოვნებით ვნახავდი ხათუნა სამნიძის ან თამუნა კორძაიას და ზვიად ტომარაძის დისკუსიას იდენტობის პოლიტიკაზე)
გვჭირდება მრავალპარტიული ტელევიზია, რომელიც ყველა პოლიტიკოსს მოსთხოვს გასცეს პასუხი ფუნდამენტურ შეკითხვებზე, რომელიც შეეხება მის წარსულს, იმას თუ რა უნდა აწმყოში, რაზე ოცნებობს, ან საერთოდ ეკუთვნის თუ არა მას საკუთარი სხეული.
აპოლიტიკური და უპარტიო კი არა, მრავალპარტიული ტელევიზია გვჭირდება, სადაც ყველა დადის და ლაპარაკობს, ვისაც პოლიტიკოსობა უნდა, და სადაც ლაპარაკი ნიშნავს, არა საკუთარ დაქირავებულ ჟურნალისტთან ჭორაობას, არამედ პოლიტიკით დაინტერესებული ცნობისმოყვარე ადამიანის შეკითვებზე პასუხს.
რა კარგი იქნებოდა, რომ არსებობდეს, გაკეთება არ მოგვიწევდა”.