ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პრიგოჟინი აჯანყების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველად გამოჩნდა – “ვაგნერის” ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აფრიკაში იმყოფება

რუსული კრიმინალური დაჯგუფების “ვაგნერის” ხელმძღვანელი პუტინის წინააღმდეგ აჯანყების შემდეგ სოციალურ ქსელში პირველად გამოჩნდა. მან ვიდეო მიმართვა გაავრცელა, რომელიც, სავარაუდოდ, აფრიკაშია ჩაწერილი.

პრიგოჟინის თქმით, მისი დაჯგუფება აგროვებს ადამიანებს და შეასრულებს დაკისრებულ ამოცანებს.

ვიდეოს თან ახლავს ტელეფონის ნომერი „ვაგნერში“ გაწევრიანების მსურველთათვის.

„ტემპერატურა +50, ყველაფერი ისეა, როგორც მოგვწონს. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ ატარებს სადაზვერვო და სამძებრო ოპერაციებს, ხდის რუსეთს კიდევ უფრო დიადს ყველა კონტინენტზე და აფრიკას – კიდევ უფრო თავისუფალს. სამართლიანობა და ბედნიერება აფრიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

შეგახსენებთ, ორი თვის წინ “ვაგნერის” დაახლოებით 5 000-მა ჯარისკაცმა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვზე კონტროლი დაამყარა და სამხედრო გადატრიალების მიზნით მოსკოვის მიმართულებით დაიძრა. კრემლთან მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით გაიმართა, პრიგოჟინმა წინსვლა შეაჩერა. ამბოხების დასრულების შეთანხმების თანახმად, პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა და მას ბელარუსში გადასვლა შესთავაზეს.

იტვირთბა....