ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე სოფო ჯაფარიძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელმაც მესამე პრეზიდენტის იხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიის წარმოება დააანონსა. სარჯველაძის შეფასებით, სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას ვერ უნდა ახორციელებდეს, რადგან ბევრი მიზეზი არსებობს იმისა, რომ მას აღნიშნული უფლებები შეეზღუდოს:
“მიხეილ სააკაშვილი საარჩევნო კამპანიას წესით ვერ უნდა ახორციელებდეს. ქართულ პოლიტიკაში მას ადგილი უბრალოდ, აღარ დარჩა. ეს შეიძლება მისი სურვილია და ამის მცდელობები ვიხილოთ, მაგრამ ეს არ არის მართლზომიერი.
მას მოუწევს პატივი სცეს და ანგარიში გაუწიოს ჩვენი სუვერენული ქვეყნის კანონმდებლობას, წესს და რიგს. რაც შეეხება მის მცდელობებს საარჩევნო კამპანია გააჩაღოს, მას აქვს ნეგატიური დამოკიდებულებები მისი პარტიის არაერთი დაჯგუფებისა და ფლანგის მიმართ, მათ შორის იმ ხალხის მიმართ, ვინც წავიდა, ვინც შეიძლება დარჩა და ეცდება წამოიწყოს ახალი, განსხვავებული თამაში, რომლითაც შეძლებს რაღაც ახალი შესთავაზოს საზოგადოებას ისე, რომ ფოკუსის ფუნქცია არ იყოს დაკარგული და შეძლოს, რომ დამალოს ის მანკიერებები, რომელიც მისი პოლიტიკური პარტიისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ მე არ მგონია, რომ ეს მცდელობა წარმატებული იქნება, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ რეალურად არანაირი შინაარსი ამ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს.
ქართული კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა ეკრძალება. თვითონ არ იციან, რა იქნება მათი ქმედებები მომავალში და ამას წინასწარ ვერ შევაფასებ. რაც არ უნდა იყოს, თუ ეს გულისხმობს სააკაშვილის მონაწილეობას ქართულ პოლიტიკაში, ეს იქნება არამართლზომიერი აქტი,“ – განაცხადა სარჯველაძემ.