„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სპეციალურმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ კლინიკა „ვივა მედთან დღეს განაცხადა, რომ ის, ექსპრეზიდენტის სახელით, მთელი საქართველოს მასშტაბით, მოქალაქეებთან შეხვედრებს იწყებს.
ჯაფარიძის თქმით, სააკაშვილის სურვილია, საზოგადოებასთან ერთად შექმნას პოლიტიკური პროცესი გადამწყვეტ ბრძოლაში გამარჯვებისათვის.
„ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და ამ თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული, ის აი, აქედან, ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის და სამშობლოს გადარჩენისთვის.
ხვალიდან, ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ყველა კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით. მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს. მიხეილ სააკაშვილი მზადაა მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი.
მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მოგვიყვანს გამარჯვებამდე,“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.