ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა

„რატომაა ხელისუფლებაში მინისტრი წულუკიანი“?

ხუხაშვილი წულუკიანს მოუწოდებს უკეთ გაერკვეს თავის მოვალეობებში

პოლიტიკოსები თანხმდებიან, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელება მორალური ტერორია და მისი მიზანი სახელმწიფოებრიობის მოშლაა. ამ ფონზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლითაა აღძრული, რომელიც მინიმალურ სასჯელს ითვალისწინებს. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ შენახვა-გავრცელებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასჯელი არის ჯარიმა, ან 2 წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოები, ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე.

უმრავლესობის წევრები უკვე საუბრობენ კანონმდებლობის გამკაცრებაზე, სოციალურ ქსელებში კი გაჩნდა მოსაზრება, რომ მსგავსი მუქარა და კადრები ტერორიზმის ჩარჩოებში ჯდება და მისი სამართლებრივი კვალიფიკაცია გაცილებით მძიმე უნდა იყოს.

ამ ფონზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მთავრობა ფარულ ვიდეოჩანაწერებზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

“ჩვენ ეს ბოლო დღეები ვესწრებით განმეორებით და თანმიმდევრულ დარტყმებს ხელისუფლებასა და ქართულ საზოგადოებაზე, ჩვენს სახელმწიფოზე. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს უმსგავსო ქცევა, რომელიც დანაშაულია, იქნეს გამოძიებული. რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლება ვერანაირ შემთხვევაში ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ამ კადრების შექმნასა და გავრცელებაზე. ჩვენი მთავრობის პრიორიტეტია, რომ დამნაშავეები მალე იქნენ მიგნებულნი და სამაგალითოდ დასჯილნი”. – აცხადებს მინისტრი.

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ფარულ ჩანაწერებზე და კონკრეტულად ვინ უნდა აგოს პასუხი ბოლო დროს გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე?

“მეტრონომთან” საუბარში ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ამ ეტაპზე არ აქვს საკმარისი ნება აღნიშნული გამოიძიოს. ხუხაშვილი პასუხისმგებლობას მთლიანად მთავრობას აკისრებს, ხოლო წულუკიანს მოუწოდებს უკეთ გაერკვევს თავის მოვალეობებში.

“ხელისუფლება, რომლის დროსაც ასეთი საშიში დანაშაული სერიოზულ სახეს იძენს, როგორ შეიძლება მან აიცილოს პასუხისმგებლობა. ჩანაწერების შექმნაზე ეს ხელისუფლება შეიძლება არ იყო პასუხისმგებელი, მაგრამ ის რაც დღეს ხდება ამაზე პასუხისმგებლობის არაღება არასერიოზულია. როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, მაშინ რაზე იღებს პასუხისმგებლობას და რატომ არის ხელისუფლებაში? რა არის მისი ამოცანა? რა არის მინისტრის ფუნქცია? წაიკითხოს და იქნებ გაერკვეს რაზეა პასუხისმგებელი ხელისუფლება. იმის თქმა, რომ ეს ჩანაწერი ვიღაცამ ადრე გააკეთა და ახლა თუ რაღაც ხდება ჩემი პრობლემა არ არის აბსოლუტური უგუნურებაა. რჩება შთაბეჭდილება, რომ მისთვის საერთოდ გაუგებარია საერთოდ სად არის და რა პასუხისმგებლობა აკისრია”. – აცხადებს ხუხაშვილი.

“მეტრონომი”: სულ მალე საპარლამენტო არჩევნებია და შესაძლოა ეს ხელისუფლება ამ შემადგენლობით ვეღარც ვიხილოთ. ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ ჩანაწერებზე, რომლებიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა?

– არცერთ ქვეყანაში ისე არ ხდება რომ ყველა დანაშაული გაიხსნას. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ერთ ფაქტს გამოიძიებენ თუ არა, არამედ შესაძლოა ვერ გამოიძიონ, მაგრამ თვითონ პოლიტიკური ნება უნდა ჩანდეს, სისტემური ბრძოლა უნდა მოხდეს, ყველა მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული და ეს უნდა იგრძნობოდეს.

– დღეს ეს იგრძნობა?

– ჯერჯერობით ამას ვერ ვგრძნობთ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ რამე მოხდება. ჯამალაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ბუნებრივია არის პოლიტიკური ტექნოლოგიის თემაც, მაგრამ არ არის უმნიშვნელო, რომ თუნდაც სხვა საქმეების გახსნა დაიწყოს ხელისუფლებამ და ამით აჩვენოს პოლიტიკური ნება, რომ ის მზად არის ამ სისტემურ დანაშაულს ებრძოლოს. ესეც მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იყოს გარკვეული გადაფარვის მცდელობა, მაგრამ მერე რა… რა მოხდა… შედეგი მაინც პოზიტიური იქნება.

– ანუ გინდათ თქვათ, რომ ერთ დანაშაულს ვერ ვიძიებ, სამაგიეროდ გამოვიძიებ მეტნაკლებად რეზონანსულ მეორე დანაშაულს და საზოგადოებრივი განწყობა შერბილდება. ასეთია პოლიტიკური გათვლა ხელისუფლების?

– კი ბატონო. აქ მთავარი არის ის, რომ ჩვენ დავინახოთ, როგორ ებრძვის ხელისუფლება დანაშაულს. კონკრეტულ ერთ დანაშაულს გამოიძიებენ თუ არა, ეს არის გამოძიების სირთულიდან გამომდინარე. შეიძლება რაღაც ვერ გამოიძიონ, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს ნება, რომ ის მზად არის ამ დანაშაულზე დასაჯოს ადამიანი. ასე რომ, სხვა საქმეებზე, ძველ ჩანაწერებზე, კასრებზე რეალურად დაისჯებიან თუნდაც დღეს, ეს უკვე თავისთავად პოზიტივია. ამაში ჩნდება პოლიტიკური ნება, რომ ისინი უარს არ ამბობენ ამ ხალხის დასჯაზე. შესაბამისად გეთანხმებით, კი ეს არ არის ძალიან კარგი შედეგი, მაგრამ ეს არის უკეთესი შედეგი, ვიდრე სულ რომ არაფერი არ გააკეთონ.

მარიამ ვარადაშვილი

იტვირთბა....