ეკა მიშველაძის გათავისუფლება “საზოგადოებრივი მაუწყებლიდან” პოლიტიკური ნიშნით მოხდა, – ასეთ დასკვნას აქვეყნებს მაუწყებლის მონიტორინგის საბჭო. საბჭოს წარმომადგენელი ემზარ გოგუაძე ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა მიშველაძეზე განხორციელდა იმ მიზეზით, რომ ის ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივნის მეუღლეა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ შესაბამისი რეაგირება მოვახდინეთ. მონიტორინგის საბჭოს შრომითი დავები ევალება და ჩვენი პოზიციაა, რომ ეს გადაწყვეტილება შრომით კანონმდებლობასაც ეწინააღმდეგება. იმ ვალდებულებებსაც ეწინააღმდეგება, რომლებიც “საზოგადოებრივ მაუწყებელს. შემდეგში ეს უკვე არის სასამართლო დავის საგანი და სასამართლოს შეუძლია ჩვენი დასკვნის გამოყენება”, – განაცხადა ემზარ გოგუაძემ.
თავად ეკა მიშველაძეს არ უკვირს საბჭოს დასკვნა და მას თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგენს. “სასარგებლოა მონიტორინგის საბჭოს გადაწყვეტილება და, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას წავიღებ სასამართლოში… ძალიან მოხარული ვარ, რომ მონიტორინგის საბჭო ამ გადაწყვეტილებით დაინტერესდა, განსხვავებით სხვა საბჭოებისგან “საზოგადოებრივ მაუწყებელში”, – განაცხადა მიშველაძემ.
დასკვნას არ ეთანხმება “საზოგადიოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია. “ბასა ჯანიკაშვილმა სადღაც რაღაც პოზიცია თავისი დააფიქსირა, ეს არ არის პოლიტიკური დევნა, ჩემი აზრით”, – განაცხადა გოგელიამ. კითხვაზე, მიმართა თუ არა მიშველაძემ წერილობით განეხილათ ეს საკითხი, გოგელიამ უპასუხა, რომ ასეთი წერილი მასთან არ შესულა.